თაკო კორინთელი: “მომწონს, როცა ქალს ლამაზი მკერდი, ფეხი, საჯდომი აქვს და ამას ხაზს უსვამს”

თაკო კორინთელი: "მომწონს, როცა ქალს ლამაზი მკერდი, ფეხი, საჯდომი აქვს და ამას ხაზს უსვამს"თაკო კორინთელი მაყურებელმა საინფორმაციო გამოშვებებიდან გაიცნო – ტელეწამყვანი გახლდათ. ამჟამად კი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლში ხედავენ. მაშინაც და ახლაც ეკრანზე საკუთარი სტილისგან აბსოლუტურად განსხვავებულად აცვია. რეალურ ცხოვრებაში თაკოს ჩაცმულობა თავისუფალი, სპორტულია. უყვარს ჯინსები, კედები და მის გარდერობშიც უმეტესად ასეთი ტანსაცმელი ჭარბობს. არასოდეს უყურებს, რა ბრენდია და მოდაშია თუ არა, იცვამს იმას, რაც უხდება.

– თაკო, თქვენი გარდერობი როგორ და რის მიხედვითაა შედგენილი?

– ჩემი გარდერობი ჩვეულებრივი აჯაფსანდალია. ვერ გეტყვით, რომ ცალ-ცალკე მაქვს დაწყობილი და დახარისხებული კლასიკური, თავისუფალი სტილის სამოსი. ჩემი ტანსაცმლის კარადაში დომხალია. რაც შეეხება ჩაცმულობას, გააჩნია, სად მივდივარ და როგორ სიტუაციაში მოვხვდები.

– როგორი სტილი ჭარბობს თქვენს გარდერობში?

– ძირითადად ყოველდღიური სამოსი მაქვს – ჯინსები, მაისურები, კედები. წვეულებაზე კედებითა და ჯინსებით თავისთავად არ წავალ.

– ტანსაცმელს უმეტესად ყიდულობთ თუ იკერავთ?

– სხვათა შორის, არ მაქვს აკვიატებული, სად ვიშოპინგო. მაგალითად, ვერ ვიტყვი, ტანსაცმელი იტალიიდან ჩამომაქვს-მეთქი. შეიძლება სადღაც მოვხვდე, რაღაც მომეწონოს, ვიყიდო და წამოვიდე. ან უცებ მომინდეს რაღაცის შეკერვა და შევიკერო. სადაც მომეწონება და სადაც ხელი მიმიწვდება, იქ ვყიდულობ, თუნდაც გამოწერით. სხვათა შორის, ფეხსაცმელებს ხშირად ვიწერ.

– რას ითვალისწინებთ, როცა არჩევანს აკეთებთ?

– ჩემთვის მთავარია, მომიხდეს. არასდროს ვუყურებ, რა ბრენდია. არ მაქვს გართულება, რომელი ბრენდის სამოსსა თუ ფეხსაცმელს ჩავიცვამ. შეიძლება დაბალი დონის ბრენდი იყოს, მაგრამ მომეწონოს. რატომაც არა?!

– მთავარია, მოდური იყოს?

– არ ვიქექები, რა არის მოდაში და რა – არა. იმის გამო, რომ მოდაშია, რაღაცას ვერ ჩავიცვამ, თუ არ მიხდება.

– მაგრამ ჩაიცვამთ ისეთ სამოსს, რომელიც მოდაში არ არის?

– კი და მცმია კიდეც. ასე კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ მაქვს სამოსი, რომელიც არაა მოდაში, მაგრამ მომწონს და დიახაც ჩავიცვამ!

– არ ათვალიერებთ დიზაინერების ახალ კოლექციებს?

– თუ ინტერნეტში რამეს ვნახავ, შეიძლება დავინტერესდე, ბმულზე გადავიდე, მაგრამ კომპიუტერთან სპეციალურად ამისთვის არ ვჯდები.

– წლევანდელი მოდის ტენდენციებიდან რას გამოარჩევდით?

– წლევანდელი ზაფხულის ფერადოვნება ძალიან მომწონს, ასევე ხალათის სტილის, გადასადები კაბები. ძალიან მიყვარს თეთრი. შემიძლია ყველაფერი თეთრი მქონდეს და ეს ფერი ჩემს გარდერობშიც ძალიან ჭარბობს. მყვირალა, ჭყეტელა ფერები დიდად არ მომწონს, უფრო პასტელის ფერებს ვიყენებ. ღია და ნათელი ფერები უფრო მიყვარს, ვიდრე მუქი, თუმცა ამ ბოლო დროს მუქი ფერებიც მომეწონა.

– როგორც ადრე “სარკესთან” თქვით, თქვენს პერსონაჟს, ბარბარიკას, ხშირად თქვენი გარდერობიდან აცვია…

– თავიდან იყო ასე, ჩემი სამოსი ეცვა, მაგრამ ახლა ამაზე ძირითადად კოსტიუმების მხატვარი ზრუნავს.

– ჰგავს თქვენი გემოვნება ერთმანეთს?

– ბარბარიკას სტილი ჩემთვის მისაღებია, ძალიან მომწონს, კარგია, მაგრამ ასე ქუჩაში ვერ ვივლი.

– ჩაცმულობა თქვენ შესახებ რას ამბობს?

– ამაზე არ მიფიქრია. თუ ძაღლი გამყავს სასეირნოდ, რა თქმა უნდა, სპორტულებსა და კედებში უნდა ვიყო. ამ დროს ჩემი სამოსი იმას ამბობს, რომ ძაღლი მიმყავს გარეთ.

– ქალები ცდილობენ, თავიანთი ჩაცმულობით სხეულის რაღაც ნაწილს გაუსვან ხაზი. თქვენ რაზე აკეთებთ აქცენტს?

– ძალიან მომწონს, როცა ქალს ლამაზი მკერდი, ფეხი, საჯდომი აქვს და ამას ხაზს უსვამენ, მაგრამ საკუთარ თავზე ამაზე აქცენტის გაკეთება რატომღაც არ მიყვარს. არ მომწონს რაღაცებით ყურადღების მიქცევა. ყოველთვის სადად ვიცვამ და არა – გამოკვეთილად.

– ყურადღება გაკომპლექსებთ?

– არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ არ მომწონს, როცა ყველა გიყურებს. მირჩევნია, სადად მეცვას და ჩრდილში ვიყო, ჩემთვის მშვიდად ვიარო, ვიდრე რომ ამბობენ, მოდიხარ და მოგაქვსო.

– შესაბამისად, თქვენს გარდერობში თამამი სამოსიც არაა?

– თითქმის არ არსებობს.

– არც სექსუალური?

– რა თქმა უნდა, მაქვს ისეთი რაღაცები, რაც სექსუალურია, მაგრამ ძალიან იშვიათად ვიყენებ.

– უთქვამთ ჩაცმულობასთან დაკავშირებული კომპლიმენტი?

– კი, რა თქმა უნდა. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ისეთი ჩავიცვა, რაც, ჩემი აზრით, მიხდება, თორემ შეიძლება სხვას საერთოდ არ მოსწონდეს და, რას ჰგავხარო, მითხრას. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რასაც ვიცვამ, მოვიხდინო.

– თქვენი აზრით, რით შეიძლება ადამიანის გემოვნება გამოვლინდეს?

– ისეთი ქალების არ მესმის, რომლებიც სამოსს იმის გამო იცვამენ, რომ დღეს მოდაშია და იმდენად არ უხდებათ, გული გაგისკდება. ქალის გემოვნება იმით გამოიხატება, რომ იცვამს იმას, რაც უხდება და არა იმას, რაც ძალიან მოდაშია.

მე რომ რატომღაც არ მომწონს სექსუალური, გამომწვევი სამოსი და ასე არ მაცვია, მიკვირს, სხვებს რატომ მოსწონთ, როცა ყველაფერი უჩანთ და ყველა უყურებთ. თუმცა, ვისაც უხდება, შემიხედავს და მითქვამს, რა კარგი გოგოა-მეთქი.

ეკა ლემონჯავა, სარკე