სოფო ბედია: “ჩემი ქმარი მშობიარობას არავითარ შემთხვევაში არ დაესწრება!”

სოფო ბედია: "ჩემი ქმარი მშობიარობას არავითარ შემთხვევაში არ დაესწრება!"მომღერალ სოფო ბედიასა და მისი ქმრის, მიშა მესხის, ხუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ახლა ყველაზე ლამაზი პერიოდია – შვილს ელოდებიან, რომელიც სოფოსთვის მეორე იქნება, მიშასთვის კი – პირველი.

– სოფო, გარკვეული პერიოდი მალავდით ორსულობას, არ ამხელდით. რაიმეს უფრთხოდით და ასე იმიტომ იქცეოდით?

– იმდენად მძიმე იყო ის პერიოდები, როდესაც ჩემი და მიშას ერთად ყოფნის დროს ორსულობა მალევე შეწყდა, რომ ეს თემა ჩემთვის მტკივნეული იყო. ამიტომ მინდოდა, მშვიდად, ცოტა წელმომაგრებულს მეხარებინა მედიისთვის. ვფიქრობ, ამ ყველაფრის ადრიანად აფიშირება საჭირო არ არის, რადგან, როგორც კი ვთქვი, კარგად არ დამთავრდა. გადავწყვიტე, არ მეთქვა და 3 თვე ვმალავდი.

– საკმაოდ აქტიური ორსული ხართ, ამ მდგომარეობაში კონცერტები გაგიმართავთ.

– დიახ, ჩოხატაურის კულტურის ცენტრში ორსაათიანი სოლო კონცერტი მქონდა. 22 სიმღერა ცოცხლად ვიმღერე. სხვათა შორის, ენერგიული სიმღერები იყო და მთელი დარბაზი ჩემთან ერთად ცეკვავდა. მეც კი არ მჯეროდა, ისეთი ენერგია მომეცა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი საქმეა. ახლა ქობულეთში ვგეგმავ კონცერტს, არ ვჩერდები. სანამ შემეძლება, აქტიურად ვიქნები ჩემს საქმეში ჩართული.

– ეტყობა, ორსულებისთვის დამახასიათებელი ტოქსიკოზი და ამდაგვარი რამ არ გქონიათ.

– არ მქონია და არც განსაკუთრებული მოთხოვნები მაქვს, მაგალითად, ღამის 3 საათზე ჩემი ქმარი რომ წამოვაყენო და მარწყვი მოვთხოვო. უბრალოდ ცოტა ხშირად მაწუხებს შიმშილის შეგრძნება. ალბათ მამიკოს ჰგავს, მჭამელი და გოლიათი ბავშვი იქნება. ცოტა წონაში მოვიმატე, მაგრამ ეს ისეთი ბედნიერებაა, რომ არ მაწუხებს. ისეთი ნებისყოფა მაქვს, ვიცი, მალე ჩავდგები ფორმაში.

– თქვენმა უფროსმა შვილმა, ნიკოლოზმა, დედის ორსულობის ამბავი როგორ მიიღო?

– სხვათა შორის, ნიკოლოზი ძალიან დიდი ხანი ელოდებოდა ძმას. არ დაგიმალავთ, რადგან ნიკოლოზი მყავდა, გოგონა მინდოდა. ღმერთმა კი ინება და ბიჭზე ვარ ორსულად. პირველ რიგში, ნიკოლოზს უხარია, ძმა მეყოლებაო. იმედი მაქვს, მის გაზრდაში დამეხმარება.

ძალიან თბილად არის განწყობილი, სულ მუცელზე მკოცნის, ეფერება, ელაპარაკება და ეს ძალიან მაბედნიერებს. უცხო ადამიანმა რომ დაინახოს, შეიძლება თვალზე ცრემლიც კი მოადგეს, ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი დასანახია. პატარა რომ დაიბადება, არა მგონია, იეჭვიანოს. ფსიქოლოგიურად მზად ვარ, რომ სიყვარული თანაბად გადავანაწილო.

– პირველი ორსულობაც ასეთივე მშვიდი და უპრობლემო იყო?

– ნიკოლოზი როდესაც გაჩნდა, 23 წლის ვიყავი, ახლა ვარ 33 წლის. მაშინ პატარა ვიყავი. 23 წელი არც ბავშვური ასაკია, მაგრამ ამ გადასახედიდან ეს არის ნანატრი შვილი. რომ გავთხოვდი, ნიკოლოზი მალევე შემეძინა და პირველი ბედნიერება, რა თქმა უნდა, ნიკუშაა, თუმცა ახლა განსაკუთრებულად ფრთხილად ვარ, ალბათ ძალიან რომ ვნატრობდით, იმიტომ. ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიფიქრო ბავშვზე და შემდეგ – საკუთარ თავზე.

– თქვენი ქმარი, მიშა, დაესწრება მშობიარობას?

– არავითარ შემთხვევაში! ძალიან ემოციურია და შეიძლება ცუდად გახდეს. ასევე, ვფიქრობ, რომ სასურველიც არ არის. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, როდესაც ქალი მშობიარობს, არ არის სასურველი, საყვარელმა მამაკაცმა უყუროს. მიშასაც არ აქვს ამის სურვილი. შეიძლება ორი უახლოესი ადამიანი დაესწროს, ოღონდ არა – დედაჩემი, რადგან ისიც ძალიან ემოციურია. ალბათ დედამთილი იქნება ჩემ გვერდით.

– ბავშვს თავად გაზრდით თუ გეყოლებათ დამხმარე?

– კარგი კითხვაა. ნიკოლოზი 8 თვის იყო, “ჯეოსტარში” რომ გამოვედი. 8 თვის განმავლობაში მე ვზრდიდი. შემდეგ უკვე კონკურსი იყო, სულ გადარბენები მქონდა, ამიტომ მჭირდებოდა დამხმარე, ესენი იყვნენ დედაჩემი და ბებია და დღემდე ასეა, ნიკუშა მათი გაზრდილია. ახლა მინდა, ბავშვს მაქსიმალურად მეტი დრო დავუთმო და, რაც ნიკოლოზს მოვაკელი ყურადღება, ავანაზღაურო.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარიერას ჩამოვცილდები და პასიური გავხდები, პირიქით, გაჩენის შემდეგ ვაპირებ კლიპის გადაღებას, ალბომისა და ახალი სიმღერების ჩაწერას. უფრო ენერგიულად ვაპირებ ყველაფრის გაკეთებას. თუ ამ პერიოდში ვინმე დამჭირდება, ეს არ იქნება ძიძა, იქნება ჩემი დედამთილი.

– ფიზიოლოგიურად მშობიარობას გეგმავთ?

– ასე მინდა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ბავშვი მჯდომარე მდგომარეობაში არ იქნება. საკეისრო უკანასკნელი ვარიანტია.

– სახელი თუ გაქვთ მოფიქრებული?

– ჯერჯერობით ვფიქრობთ, ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული.

მარი მგალობლიშვილი, სარკე