რა შეიძლება ქალმა გააკეთოს ოჯახის გადასარჩენად – თეა გოგოტიშვილის რჩევები წყვილებს

რა შეიძლება ქალმა გააკეთოს ოჯახის გადასარჩენად - თეა გოგოტიშვილის რჩევები წყვილებსთუ როგორ შეიძლება შენარჩუნდეს ბალანსი ქალსა და მამაკაცს შორის, რა გზითაა შესაძლებელი, მართო ემოციები და დაძლიო სტრესი, რა წინაპირობაა საჭირო მამაკაცში “ცხოველური ინსტინქტის” დასაძლევად, რით შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობა ცოლ-ქმარმა ოჯახური ღალატის შემთხვევაში, რა არის მნიშვნელოვანი წყვილისთვის ოჯახში თანხმობის შესანარჩუნებლად – ამ და სხვა საკითხებზე თეა გოგოტიშვილი ”სარკესთან” საუბრობს.

– ქალი ემოციური არსებაა, გრძნობებით და ემოციებით იმართება. ამავე დროს კი სჭირდება მყარი ნერვები ურთიერთობისთვის – ქმრისთვის, შვილისთვის, ირგვლივ მყოფთათვის. დღევანდელ რთულ პირობებში ბევრ ქალს უჭირს ემოციების მართვა, ნერვები ღალატობს. მათ რას ურჩევდით, რა გზით შეიძლება თავს მოერიონ?

– არ ვეთანხმები იმ სტერეოტიპს, რომ ქალი სუსტი არსებაა. ორივე სქესის სისუსტეს და სიძლიერეს განსაზღვრავს აღზრდა, გარემო, მენტალობა და ფასეულობები, რომლითაც თითოეული ყალიბდება.

ჩემს სამუშაო პრაქტიკაში უამრავი ადამიანია, ვისაც მხრებზე აქვთ ატვირთული პრობლემები, რომლებზეც თავად არ არიან პასუხისმგებელნი – ეს მათ ამძიმებთ, აშფოთებთ. ბევრ ენერგიას ხარჯავენ იმაზე, რაც მათი არჩევანი არ არის, ანუ არ ხდება “მე”-ს საზღვრების გაცნობიერება, თავისი არჩევანისა და სხვისი არჩევანის განსხვავება.

როგორც კი გავაცნობიერებთ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული და განვსაზღვრავთ ჩვენი არჩევანის ფარგლებს, ამით ვიწყებთ განტვირთვას ფუჭი, უაზრო განცდებისა და ზედმეტი პრობლემებისგან. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის ქალების მეტი წილი ნევროტიზირებულია, დამამშვიდებელ საშუალებებს, ტრანკვილიზატორებს იღებს. ასევე გავრცელებულია თამბაქოს მოხმარება. ჩვენს მოსახლეობაში ქალები მამაკაცებზე მეტად ეწევიან – ეს იმის ნიშანია, რომ ისინი თამბაქოს მოხმარებით ცდილობენ შინაგანი დისკომფორტის მოხსნას.

უმეტესობა ვერ მართავს ემოციებს – ალბათ ვერც წარმოიდგენენ, რომ შესაძლებელია ამის “უმტკივნეულოდ” სწავლა და ყოველდღიურ ყოფაში ბუნებრივად გამოყენება.

არსებობს ასეთი მოარული ფრაზა – “პრობლემას რა გააქრობს”. მათ არ იციან, რომ შეიძლება განწყობა შეიცვალოს უცვლელი პრობლემის მიმართ. ამისთვის არის ფსიქოთერაპია.

– მამაკაცი ბუნებით პოლიგამიურია, რაც უნდა კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც შეიძლება სხვა ქალისკენ გაიწიოს ვნებით. ეს კი მეუღლისთვის ძალიან მტკივნეულია. როგორც ფსიქოლოგს, გკითხავთ, ქალებს ადევნებულ კაცს აქვს გამართლება?

– მამაკაცის პოლიგამიურობა უკავშირდება ცხოველთა სამყაროში მამრ ცოცხალ არსებათა პოლიგამიურობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ბევრია ცხოველურ სამყაროსთან მსგავსება, ადამიანი ცხოველისგან თვისობრივად განსხვავებულია. ჩვენი ცხოვრების ორიენტირებს განსაზღვრავს ფასეულობები, რომლებიც უცხოა ცხოველთა სამყაროსთვის.

ჩვენს თანამედროვეობაში ბევრი მამაკაცია, რომლებიც თავიანთი მეწყვილეების ერთგულები არიან. სამწუხაროდ, წინა თაობებში გავრცელებული იყო მანკიერი ტენდენცია – ქორწინების მიღმა ურთიერთობა მამაკაცისთვის ითვლებოდა ნორმად და პრესტიჟის საქმედაც, ხოლო ქალისთვის წარმოუდგენლად მიაჩნდათ. კაცის ქმედების ამგვარი აღქმა ძლიერი სქესის მხრიდან პოსტსაბჭოთა გადმონაშთია, დაბალი კულტურის, დაბალი განვითარების მახასიათებელია.

შინაგანად კულტურულ, პოზიტიურ ღირებულებებზე ორიენტირებული მამაკაცებიც და ქალებიც (არავითარ შემთხვევაში არ გავმიჯნავ ქალს და კაცს) აბსოლუტურად სხვა ხედვით ცხოვრობენ.

ქრისტიანობა ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარუფლებიანობას ქადაგებს, სწორედ ქრისტიანობაზეა დაფუძნებული ევროპული ღირებულებები. ოჯახი ყველა კულტურულ ერში მაღალი ფასეულობაა.

– და მაინც, თუ მამაკაცი ვერ ახერხებს ინსტინქტებზე მაღლა დგომას და ერთგულების შენარჩუნებას, რა შეიძლება ქალმა გააკეთოს ოჯახური ურთიერთობის გადასარჩენად?

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს ამ საკითხებთან შეხება და მინდა, გითხრათ, რომ ზოგ შემთხვევაში არა მარტო ქალები, მამაკაცებიც ვერ ამბობენ ხელაღებით უარს ოჯახურ ურთიერთობაზე. ხშირად ღალატი გარდამავალია. რაღაც დროის შემდეგ ადამიანები გულწრფელად ინანიებენ ოჯახურ ღალატს, შეცდომად თვლიან.

ადამიანს მართებს, ერთი მხრივ, გონიერება და, მეორე მხრივ, სულგრძელობა, შემწყნარებლობა. თუ მას ბუნებრივად ახასიათებს შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, უფრო ადვილად მიუტევებს მეუღლეს, ხოლო თუ წყვილთაგან ერთ-ერთს აღარ უყვარს მეორე, ამ შემთხვევაში ვერანაირი გონიერება როლს ვერ ითამაშებს.

არასწორია ვთქვათ, რომ ქალს მეტი მართებს, ვიდრე მამაკაცს. ოჯახი არის ერთობა, რომელიც ორი ნაწილის ერთ მთლიანობას წარმოადგენს და რომელიმეს თუ მოსდის შეცდომა, ის აღიარებს ამას და ორივეს აქვს სურვილი, ოჯახი გადარჩეს, არ ემეტებათ ერთმანეთი შეცდომის გამო გასაწირად – მაშინ საღი აზრი, გონიერება და შემწყნარებლობა არის ფასეულობები, რომლებიც ოჯახს გადაარჩენს.

– თქვენს სამუშაო პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველ კაცს ცოლისთვის მიეტევებინოს ღალატი? ამ დროს კაცი ხომ შეურაცხადივით ხდება და, სამწუხაროდ, არაერთი ფატალური შედეგიც გვაქვს სახეზე.

– ყველაფერი ინდივიდუალურია. გააჩნია, როგორია ეს ქალი თუ მამაკაცი, რამდენად “ღალატი” იყო ღალატი და, რაც მთავარია, რამდენად ნანობს მოღალატე თავის საქციელს, რამდენად ცოცხლობს წყვილს შორის სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილი.

– რა არის ის საიდუმლო, რითიც შეიძლება ქალი მამაკაცისთვის თანაცხოვრების განმავლობაში მრავალი წლის შემდეგაც მიმზიდველი და სასურველი იყოს, რა ხიბლავს მამაკაცს ქალში?

– მე ვიტყოდი, ქალური გონიერება – როცა ქალი ზრუნავს მამაკაცზე, ცდილობს, მოხიბლოს და დააინტერესოს, ზრუნავს თავის გარეგნულ და შინაგან მომხიბვლელობაზე. გონიერების რანგში გავიყვანდი იმასაც, როდესაც ქალისთვის მნიშვნელოვანია მამაკაცის გამოკვება საკუთარი ხელით მირთმეული, გემრიელი კერძით. ეს მამაკაცს ჩვეულებრივ ძალიან ხიბლავს.

ნებისმიერი ეროვნების კაცი ძალიან აფასებს ქალის შემოქმედებას, როგორიცაა კულინარია, ასევე ესთეტიკას – მაგალითად, სუფრის გაწყობის მანერას; მზრუნველობას მამაკაცის მიმართ, სხვადასხვა სახის სიურპრიზებს, რომანტიკული ვახშმიდან დაწყებული, საინტერესო კონცერტზე ან სპექტაკლზე წასვლის ინიციატივით დამთავრებული. კეთილი მაგალითები გადამდებია.

ღრმად მწამს შეგონების: “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, მოგექცნენ შენ”. ეს პრინციპი აშკარად მუშაობს.

– თქვენი და თქვენი ქმრის, ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილის, პირად მაგალითზე გკითხავთ, რა არის საჭირო ცოლ-ქმრისთვის ურთიერთობის სიმყარის, თანხმობის, ჰარმონიის შესანარჩუნებლად?

– ცხოვრებაში, ურთიერთობაში, პრობლემების გადაწყვეტაში მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვეხმარება ის, რომ ორივე ფსიქოლოგები ვართ, თანაც ერთი მიმართულებით. გეშტალტ ფსიქოთერაპია არამხოლოდ სამუშაო მეთოდია, არამედ მსოფლხედვა და ცხოვრების სტილი. ვცდილობთ, ეს პრინციპები პირად ცხოვრებაში გავატაროთ. თუ რამე გვეშლება ან არ მოგვწონს, ვმსჯელობთ და ვცდილობთ, შევცვალოთ.

მწამს, რომ დიალოგი პრობლემების დაძლევის ერთადერთი გზაა. ამაზე უარს არასდროს ვამბობთ, ეს არის პროცესი. უცვლელ მდგომარეობაში ყოფნა და მუდმივ იდილიაში ცხოვრება ილუზიაა. ურთიერთობას განვითარება და დინამიკა ახასიათებს, ამიტომ წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ურთიერთგაგებაზე ორიენტირებული განწყობა.

 ნანა კობახიძე, სარკე