მაკა ზამბახიძე: “სალომეს ჰქონდა სასიყვარულო ისტორია და მაშინ გვერდით ვედექი”

მაკა ზამბახიძე: "სალომეს ჰქონდა სასიყვარულო ისტორია და მაშინ გვერდით ვედექი”მომღერალ მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში აქტიური შემოქმედებითი პერიოდია. მის კარიერას ხელი ცნობილმა პროდიუსერმა მამულიჩამ, კახა მამულაშვილმა, მოჰკიდა და ერთად ბევრი ამბიციური მიზნის განხორციელებას გეგმავენ.

მაკასთვის სიურპრიზი იყო, როდესაც მამულიჩამ თავის საპროდიუსერო გუნდში მისი ქალიშვილი 17 წლის სალომე ჩიტაძეც მიიწვია. სალომემ საზოგადოებას თავი პროექტ “იქს ფაქტორით” დაამახსოვრა, თუმცა ფინალამდე კარგახნით ადრე გამოეთიშა. ჟიურის ამ გადაწყვეტილებას მუსიკალურ სფეროში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

მაკას პირად ცხოვრებას ამ ეტაპზე ტაბუ აქვს დადებული. მეორე ქმართან, ვახო ჭუმბურიძესთან, გაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აკრძალა. დღემდე არაფერს ამბობს თავის ახლანდელ სიყვარულზე. პრესაში კი არაერთხელ დაიბეჭდა, რომ მის ცხოვრებაში ახლა მოჭიდავე მიხეილ ჩოხელია. ამბობენ, დაქორწინდნენ კიდეცო, მაგრამ ეს ფაქტი მათი მხრიდან დადასტურებული არ არის.

თავისი ახლანდელი ცხოვრების შესახებ მაკა ვრცლად პირველად “სარკესთან” საუბრობს და ამბობს, რომ ჟურნალისტები და დაინტერესებული საზოგადოება სიახლის მოლოდინში უნდა ვიყოთ, რომლესაც თავად გაამხელს, როცა ამის დრო დადგება.

– მაკა, მას შემდეგ, რაც თქვენი პროდიუსერი მამულიჩა გახდა, ალბათ დიდი კომფორტი იგრძენით, რომ კონცერტების საორგანიზაციო საქმეებზე ზრუნვა აღარ გიწევთ.

– მუსიკალურ სფეროში გყავდეს პროდიუსერი, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, ისეთი პროდიუსერი, როგორიც მამულიჩაა. ის ძალიან კომპეტენტურია ჩვენს სფეროში და ძალიან კომფორტული – მუშაობაში. დიდი ხანი გვინდოდა თანამშრომლობა, მაგრამ ამის დროს ახლა დადგა.

მამულიჩას თავის საქმეში თვალდახუჭული ვენდობი და ის მე მენდობა მუსიკაში თვალდახუჭული. უკვე გავაკეთეთ ორი ახალი სიმღერა. ერთი არის ალექსანდრე ბასილაიას მუსიკაზე შექმნილი სიმღერა ფილმიდან “ჩიორა”. ამ სიმღერის ტექსტის ავტორი ჩემი შვილი სალომე ჩიტაძეა.

მეორე სიმღერა ლელა წურწუმიას ძველი სიმღერაა. ჯგუფ “ნონ სტოპთან” ერთად სრულიად ახლებური ვერსია გავაკეთეთ და სექტემბრის შუა რიცხვებში შევთავაზებთ მსმენელს. წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება.

– მამულიჩას იდეა იყო, რომ თქვენი შვილი სალომეც აქტიურად ჩართულიყო მუსიკალურ სფეროში. ალბათ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო.

– ეს მამულიჩას იდეა იყო. როდესაც სალომემ მონაწილეობა მიიღო “იქს ფაქტორში” და დროზე ადრე დატოვა პროექტი, მამულიჩას გაუჩნდა სურვილი, მასთანაც ემუშავა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კონკურსში სალომემ თავისი თავი წარმოაჩინა და ბევრი მუსიკოსისგან საოცარი შეფასებები დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტში დიდხანს არ დარჩა, სალომემ უკვე მიაღწია იმას, რაზეც ბევრი იოცნებებდა. მას ხელი მოჰკიდა ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთმა წარმატებულმა პროდიუსერმა. მე სიტყვა არ მითქვამს ამასთან დაკავშირებით, თავად მამულიჩამ გადაწყვიტა, რომ სალომე მისი გუნდის წევრი ყოფილიყო და ეს ორივესთვის დიდი სიხარული და სიურპრიზი იყო.

– სალომეს მონაწილეობას “იქს ფაქტორში” და იქიდან მის გამოთიშვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. თქვენ ძალიან გაბრაზდით, როცა მას პროექტი დაატოვებინეს. თვლით, რომ თქვენი შვილი დაჩაგრეს?

– გაბრაზება სულ სხვაა და კომპეტენტური შეფასება – სულ სხვა. მე არ ვარ გაბრაზებული და მაშინ, როცა პოსტი დავწერე, ეს იყო მუსიკალური კუთხით კომპეტენტური შეფასება. ამ თემაზე დღემდე ვარიდებ საუბარს თავს, მაგრამ დღემდე იმავე აზრზე ვარ და ვთვლი, რომ სალომემ დროზე ადრე დატოვა კონკურსი. მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ნამდვილად კარგი ნაკადი იყო. კარგი იქნებოდა, სალომეს მენტორი (ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე. ავტ.) რეპეტიციებს დასწრებოდა და თვალი ედევნებინა, ვინ როგორ მუშაობდა.

– იქნებ თქვენმა ფაქტორმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი? იქნებ პოპულარული მომღერლის შვილის მფარველობაში რომ არ დაედანაშაულებინა მაყურებელს, ჟიურიმ დროზე ადრე გაუშვა პროექტიდან.

– არ ვიცი, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, მაგრამ ის ვიცი, რომ სალომემ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დროზე ადრე დატოვა პროექტი. ის არა მარტო მომღერალია, არამედ მუსიკოსიცაა, რაც დღეს დიდი დეფიციტია ქართულ მუსიკალურ სფეროში.

– თქვენს 17 წლის ქალიშვილს ძალიან ახალგაზრდა დედა ჰყავხართ. როგორი ურთიერთობა გაქვთ, როგორია თქვენი დედაშვილობა?

– ხასიათით მე და სალომე ძალიან განვსხვავდებით. ის უფრო პრინციპულია და თავისი სამყარო აქვს. თავიდან ბოლომდე ხელოვანია, ხატავს, მუსიკას და ლექსებს წერს. ხელოვანი ადამიანი კი თავისებურად უცნაურია. მის სამყაროში უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, ვიდრე ჩემსაში.

დღეს სალომე შემოქმედებითად დალაგებული და ჩამოყალიბებულია, მაგრამ იყო მის ცხოვრებაში ქაოსური ეტაპი. ჰქონდა პერიოდები, როდესაც მხოლოდ ხატვა უნდოდა, მერე ხატვას დაანებებდა თავს და ლექსების წერაზე გადადიოდა.

მოკლედ, 12-დან 17 წლამდე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სალომე ცოტა რთულად საურთიერთობო ადამიანი იყო. ახლა ჩვენი დედაშვილობა უფრო მრავალფეროვანია, რადგან ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაშიც შემოიჭრა, მე უკვე მის დაწერილ სამ სიმღერას ვასრულებ და მომავალშიც ბევრ სიანტერესო სიმღერას დაწერს ჩემთვის. ჩვენს ურთიერთობას მუსიკის ენაც დაემატა და ეს ძალიან კარგია.

სალომესთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ჩვენი პირველი ერთობლივი კონცერტი ძალიან კარგად ჩატარდა და არც მეგონა, მასთან ერთად ასე კომფორტულად თუ ვიგრძნობდი თავს მუშაობაში. უზომოდ კრიტიკული ვარ ჩემი თავისა და შვილის მიმართ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კრიტიკა უადგილო იყო. რაც მთავარია, ჩვენი თანამშრომლობით მამულიჩაც კმაყოფილი დარჩა.

– მუსიკის მიღმა, ცხოვრებისეულ საკითხებში კარგად უგებთ ერთმანეთს, საკმარისად ახლოს ხართ?

– ოჯახის წევრები სალომეს 12 წლიდან უკვე ბავშვად აღარ აღვიქვამთ. იმდენად ჩამოყალიბებული აზროვნება ჰქონდა ყოველთვის, რომ მისი ქცევები მუდამ მადგებოდა. სალომე ძალიან კარგი მრჩეველია და მისი რჩევები ხშირად გამომიყენებია, მათ შორის პირად ცხოვრებაშიც.

ძალიან დამჯდარი ხასიათი აქვს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მხიარულიც არის. ყველაფერს მიყვება, რაც მის ცხოვრებაში ხდება და მეც გახსნილი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აბსოლუტური ჰარმონიაა, როდესაც საქმე მუსიკას ეხება.

მის გვერდით მეც თინეიჯერი ვარ და ორივეს ძალიან გვიყვარს მუსიკაში გართობა. როცა ვკამათობთ, ესეც თავისებურია, საბოლოოდ ყოველთვის მე მიწევს დათმობა. ზოდიაქოთი ლომია, ბუნებით ლიდერი და ამიტომ კამათში ყოველთვის გამარჯვებულია. რა თქმა უნდა, ჩემს შვილში რაღაცები არ მომწონს, მაგრამ იმდენად ბევრი პლუსი აქვს, რომ ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლება.

– სალომე ახლა აფრიკულ ნაწნავებს ატარებს. მოგწონთ მისი ეს სტილი?

– თავიდან იდეა არ მომეწონა. შეთანხმებულები ვიყავით, რომ სანამ სკოლას არ დაამთავრებდა, გარეგნობაში ექსპერიმენტებს არ ჩაატარებდა, მაგრამ ვეღარ მოითმინა და აფრიკული ნაწნავები გაიკეთა. სხვათა შორის, როცა პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ვცდებოდი, რადგან სალომეს ეს სტილი ძალიან მოუხდა და მეც მომეწონა.

სალომეს გაპრანჭვაც უყვარს, მაღალი ქუსლებიც, მაგრამ უფრო იშვიათად. სპორტული სტილი უფრო მოსწონს და იხდენს. ერთადერთი, რაზეც ორივე ინტენსიურად ვმუშაობთ, ეს წონაა. სულ ვცდილობთ, წონა ვაკონტროლოთ, მაგრამ, ასაკიდან გამომდინარე, ვცდილობ, მკაცრი დიეტები არ ჩავრთოთ.

– სალომესთვის ხართ იდეალური ქალი თუ მისი იდეალი სხვა ტიპია?

– ბავშვობიდან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. არ ვიცი, რამდენად ვარ მისთვის იდეალი, მაგრამ ჩემი სტილი მოსწონს. ყოველთვის აღნიშნავს, რომ მიხდება ახალი კაბა, ახალი ვარცხნილობა. მისგან კრიტიკას ნაკლებად ვისმენ, თუმცა შეიძლება მისი იდეალი ვიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავიც იყო.

– ალბათ გიფიქრიათ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან სალომე შეხვდება ადამიანს, რომელთანაც ოჯახს შექმნის. ამ დროს როგორია დედის ფიქრები, რა გაწუხებთ, გაშფოთებთ?

– ამ საკითხში ძალიან ადეკვატური ვარ. სალომე ადვილად ვერ იწონებს ბიჭებს, ამიტომ მგონია, როდესაც არჩევანს გააკეთებს, ის ჩემთვისაც მისაღები იქნება. ბუნებით ძალიან რომანტიკულია და მოსწონს სასიყვარულო ისტორიები. როგორც ვიცი, ჰქონდა ერთი სასიყვარულო ისტორია და გარკვეულ ეტაპზე დასრულდა. იმ მომენტში, რა თქმა უნდა, გვერდით ვედექი. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ადრე გათხოვებას არ მოინდომებს.

– ცდილობთ, აარიდოთ ქალიშვილი პირად ცხოვრებაში იმ შეცდომებს, რომლებიც თქვენ დაგიშვიათ?

– ეს ცოტა დელიკატური საკითხია და ამიტომ ამ დროს ჩემს აზრებს დიდი სიფრთხილით ვაწვდი, რომ უკუშედეგი არ გამოიწვიოს. ადამიანი თავისთავად ინდივიდუალურია და ვერავის რჩევებით იცხოვრებს. უშეცდომო ბუნებაში არც ქალი არსებობს და არც კაცი. ვერავინ იტყვის, ეს ცხოვრება ისე გავიარე, რომ ყველა რჩევა გავითავლისწინე და შეცდომა არასოდეს დამიშვიაო.

ცხოვრების ყველა ეტაპს ახლავს თავისი შეცდომები, უბრალოდ უნდა შეგეძლოს, დაძლიო ეს ეტაპი და გადახვიდე უკეთესზე.

– თქვენ თუ გქონიათ მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, დედაჩემისთვის რომ დამეჯერებინა, ახლა უკეთ ვიქნებოდიო?

– რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრები დედა-შვილის ურთიერთობაში ყოველთვის არის, მაგრამ ვერავინ იცხოვრებს ვერც დედის და ვერც მამის რჩევებით.

– ცნობილია, რომ პირადზე აღარ საუბრობთ მას შემდეგ, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა. რატომ დაადეთ ტაბუ ამ თემას?

– ჩემი გადაწყვეტილება მაქვს და კითხვა “რატომ?” არ მესმის. უბრალოდ ასე მინდა და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეტაპობრივად ჩემს ცხოვრებაზე ჟურნალისტებიც გაიგებენ და საზოგადოებაც.

– რა ეტაპია მაკა ზამბახიძის, როგორც ქალის, ცხოვრებაში?

– საინტერესო ეტაპი. გადართული ვარ კარიერაზე და ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ამაზე მეტს არ ვლაპარაკობ. მე როცა ჩავთვლი საჭიროდ, ჩემს პირად ცხოვრებაზე მაშინ დავიწყებ საუბარს.

– ბედნიერი ქალი ხართ?

– ხმამაღლა და საჯაროდ ასეთი სიტყვების თქმა არ მიყვარს. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და ასევე საკუთარ თავსაც.

– მალე უნდა ველოდოთ თქვენგან სიაxლეს პირად ცხოვრებაში?

– ეს დეტალებია, რომლებზეც არ ვსაუბრობ. იყავით მოლოდინის რეჟიმში!

ავთო ჩიტიძე, სარკე