გიორგი ასათიანი: “მეორე ცოლის მოყვანამდე ისე უწესოდ ვიცხოვრე, ღმერთმა უშვილობით დამსაჯა”

გიორგი ასათიანი: "მეორე ცოლის მოყვანამდე ისე უწესოდ ვიცხოვრე, ღმერთმა უშვილობით დამსაჯა"ტელეკომპანია “ხარისხის არხის” დამფუძნებელი გიორგი ასათიანი, რომელიც ამავე არხზე თანადამფუძნებელ დავით გიორგობიანთან ერთად უძღვება გადაცემას “დასაბამიდან სასუფევლამდე”, ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ორი წამყვანის დებატებზე შექმნილი ვიდეორგოლები სოციალური ქსელებისა და იუმორისტული შოუების ჰიტებად იქცა. გადაცემაში, სადაც რელიგიურ თემებზეა საუბარი, მაყურებელიც რეკავს და წამყვანები აზრთა სხვადასხვაობის გამო ბევრს კამათობენ.

გიორგი ასათიანი პროფესიით ფიზიკოსია. ამბობს, რომ თითქმის ყველა ტელეკომპანიის შექმნაში მონაწილეობდა ამ პროფესიით. რელიგიურად ცხოვრება კი სულ რამდენიმე წლის წინ, მეორე ცოლის მოყვანის შემდეგ დაიწყო. მანამდე მის ცხოვრებაში სიძვაც იყო და მარიხუანასაც მოიხმარდა.

– ბატონო გიორგი, მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ, სანამ რელიგიით დაინტერესდებოდით.

– ათეისტების ოჯახი მქონდა. ბაბუაჩემი, გიორგი გუჯაბიძე, კი იყო მორწმუნე და სსრკ-ის ეპოქაში ერთადერთი ავტორი, რომელმაც ზოგადი ბიოლოგია ქართულ ენაზე გამოუშვა. ახლაც, პირველი-მეორე კურსის სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ წიგნით სწავლობენ.

მამაჩემი ფილოსოფოსი გახლდათ და მეცნიერული კომუნიზმისა და ათეიზმის კათედრის გამგე იყო. ახლა 92 წლის გახლავთ. სხვათა შორის, 80 წლისა მოინათლა.

ბავშვობაში ფიზიკურად მყავდა ნათლია, მაგრამ ნათლობის რიტუალი არ ჩატარებულა, ანუ მონათლული არ ვიყავი. 29 წლის ასაკში მოვინათლე, მაგრამ კიდევ 10 წელზე მეტი დამჭირდა, რომ მართლმადიდებლურად მეცხოვრა. თუ აღსარებას არ ამბობ და არ ეზიარები, მართლმადიდებლად არ ითვლები.

1989 წლის 9 აპრილს ჩემში გარდატეხა მოხდა. ახლაც ყურებში მაქვს ის განწირული კივილი, ნიჩბებით რომ დაერივნენ ხალხს. მაშინ გამიკვირდა გამსახურდიას, კოსტავას დამოკიდებულება პატრიარქისადმი და მათ მიმართ უარყოფითი განწყობა შემექმნა. მერე მამა გაბრიელმაც თქვა, გამსახურდიას თავში ტყვიით მოკლავენო. რატომო, რომ ჰკითხეს, უპასუხა, იმიტომ, რომ მამას განუდგაო.

– ფიზიკა, ღმერთი და რწმენა როგორ კავშირშია ერთმანეთთან?

– მინდოდა, სამყაროს არსი შემეცნო – რატომ შევიქმენით, უკვდავება რა არის, როგორია სამყარო. მამას ვეუბნებოდი, ფილოსოფოსები მხოლოდ ლაყაფისტები ხართ და მოვლენების შეცნობა არ შეგიძლიათ-მეთქი. ფიზიკა ერთადერთი მეცნიერებაა, რომელიც ქმნის, ხსნის და ამკვიდრებს კანონებს.

ლონდონში ინახება 617 გამოჩენილი მეცნიერის მანიფესტი, სადაც ადასტურებენ, რომ უგუნურად იქცევა ის, ვინც ერთმანეთს უპირისპირებს რელიგიას და მეცნიერებას და მოვა დრო, როცა ორივე ერთმანეთს დაემთხვევა უკიდურეს წვრილმანებშიც.რელიგია ადიდებს უფალს დასაწყისშივე, მეცნიერება კი – ყოველი აზრის ბოლოს.

– თურმე ახალგაზრდობაში მარიხუანას ეწეოდით, ასტროლოგიითაც იყავით დაინტერესებული.

– დიახ. შევარდნაძის ეპოქაში დაიწყო მარიხუანის გავრცელება. ვიცოდით, საიდან შემოდიოდა, ვინ აფინანსებდა, ვინ ყიდდა. ქართველი ახალგაზრდების დეგრადაციის მთელი პროგრამა იყო სსრკ-ის დროს შემუშავებული.

სკოლაში მოდიოდა ვიღაც და მოჰქონდა. ორთაჭალაში ვცხოვრობდი. ვიკრიბებოდით და ინტერესი გვქონდა. მერე თავად შევეწინააღმდეგე, რადგან მანამდე სპორტით ვიყავი დაკავებული, მიყვარდა კალათბურთი, ფეხბურთი. ახლაც, ბურთს რომ დავინახავ, შემიძლია 2 საათი ვითამაშო ბავშვებში და ასაკი საერთოდ არ მეტყობა, ისეთ ფორმაში ვარ.

მაშინ აღმოვაჩინე, რომ ნარკოტიკმა სპორტშიც და აზროვნებაშიც ხელი შემიშალა. ორი თვე ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ დამენებებინა ნარკოტიკისთვის.

ადრე, მეფეებიც კი, კონცენტრაცია რომ მოეხდინათ, თრიაქს მოიხმარდნენ. ეს გარკვეული დოპინგია და შეიძლება წელიწადში ერთხელ მოიხმარო ადამიანმა, მაგრამ ეს რომ მასობრივ ხასიათს იღებს, აქ უკვე დამნაშავე სახელმწიფოა. ამ ყველაფრის სათავეში შევარდნაძე იდგა და მამა გაბრიელი ამბობდა, მასზე დიდი მტერი ქვეყანას არ ჰყოლიაო.

ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ტელეარხი რომ მაქვს, თუმცა, როცა სპეციალურად უფუჭებდნენ აპარატურას, მას ჩემი ხელით აწყობილ ტექნიკას ვუგზავნიდი.

პირველი მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის შემქმნელი ვარ საქართველოში. ახლა “სილქნეტში” ბიძინა ბარათაშვილის მოადგილე ვარ. ყველაფერი ჩემი ხელით ავაწყე. დაახლოებით 70 ტელეკომპანია მაქვს ამ ხელებით აწყობილი.

– თქვენი არხის არსებობა რატომაა ივანიშვილის დამსახურება?

– პირობები შეგვიქმნა. მიშას დროს რომ გამოვთქვი სურვილი, ტელეკომპანია გამეკეთებინა, კუდ-იდან შემომითვალეს, არც გაბედოო. ბიძინას მოსვლიდან ერთ კვირაში ტელეარხი გავაკეთე.

ტელეარხი იმიტომ მინდოდა, რომ “რუსთავი 2”-მა ქართველ ერს შეუცვალა აზროვნება და დანერგა ისეთი მცნებები, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელია. ჩემი არხის ამოცანაა, საღ აზრზე და პოლემიკაზე დაყრდნობით ვაჩვენოთ ხალხს, რომ ასე იცხოვრონ და არა – ისე. ეს ის არის, რაც ადამიანს გადაარჩენს და სასუფევლამდე მიიყვანს.

– როგორ შედგა თქვენი და დავით გიორგობიანის ტანდემი?

– დავითი მას მერე გახდა მორწმუნე, რაც დედამისი გარდაიცვალა. დიდმარხვაში მოხდა უბედური შემთხვევა. ავტობუსში, სადაც ისხდნენ, ყველა დაიღუპა და მხოლოდ დავითი, მისი ძმა და მამამისი გადარჩნენ. დათომ ამის მერე მიატოვა მსახიობობა და სარწმუნოებრივ გზას დაადგა, ოღონდ ერისკაცია, რადგან ჩვენ ისეთი ცოდვები გვაქვს ჩადენილი, მღვდლობის უფლება არ გვაქვს.

დავითს კარგად არც ვიცნობდი, მამა გაბრიელმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომ მომიყვა იმის შესახებ, რაც ახლა ხდება. ეს 20 წლის წინ მოხდა და ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მითხრა, თქვენ ჩაუდგებით სათავეში ღვთის სადიდებელ საქმეს, გექნებათ ბრძოლები, მაგრამ უნდა გაუძლოთო.

მე და დათო ვართ ამ ტელეარხის დამფუძნებლები. მან კურთხევა აიღო პატრიარქისგან. პატრიარქმა არამარტო აკურთხა ეს საქმე, არამედ გადაცემის სათაურიც მიუთითა. სრულუფლებიანი დირექტორები ვართ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ვარ საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

მას დამფუძნებლობა და დირექტორობა იმიტომ ვთხოვე, მე რომ რამე მომივიდეს, ტელეკომპანია სხვის ხელში არ დარჩეს.

– თქვენი კამათი მძიმე ფორმას იღებს ხოლმე…

– ბუნებრივად იბადება და, მგონი, ხალხის სიყვარული ამით დავიმსახურეთ. ეტიკეტსა და ნორმებს ყურადღებას არ ვაქცევთ და, როგორც ოჯახის წევრები, ისე ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ნოუ ჰაუ.

– მაყურებელი ხშირად გსაყვედურობთ – სულ თქვენ ნუ საუბრობთ, დავით გიორგობიანიც ალაპარაკეთო.

– ამ ზარების ავტორებს ხმაზე ვცნობ, ერთი და იგივე ხალხი რეკავს. აქამდე ყველა ზარს ვუშვებდით, ახლა იძულებულები გაგვხადეს, შერჩევით შემოვუშვათ. დათოს ვინმემ რომ უთხრას, შენ ნუ ლაპარაკობ, გიორგი ალაპარაკეო, ვუსაყვედურებ, ეს თქვენი საქმე არ არის-მეთქი. დათო კი გაჩუმდა და ხმა არ ამოუღია.

– ალბათ უნდოდა, ელაპარაკა.

– ახლა ექნება მაგის საშუალება. გადაცემების რაოდენობა გაიზარდა და იქ ილაპარაკებს იმას, რაც მოუნდება.

– ანუ თქვენი დუეტი მართლა დაიშალა?

– ეს ტყუილია. კვირაში ორი გადაცემა გვექნება ცალ-ცალკე და თვეში ორჯერ ისევ ერთად ვიქნებით.

– თქვენი საუბრის დეტალები იუმორისტულ შოუებში ხვდება, ხალხი ბევრს იცინის. ხომ არ გწყინთ?

– არა. ჩვენზე ამბობენ, ესენი რას ეწევიან ამისთანას, მოაცილეთ აქედანო… ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობენ, მართლმადიდებლობის კერა დაამცირონ და კომიკურ ასპექტში გადაიყვანონ, რაც არ გამოუვათ.

ორი თვის წინ ცუდი რეაქციები მქონდა, მაგრამ ვისწავლეთ ჭკუა და ახლა ვლოცავთ და ვიცავთ მაცხოვრის მცნებებს – გიყვარდეთ მტრები თქვენიო. ადამიანი რომ იგინება, საცოდავია და მეცოდება. მისი სული დაღუპულია. თუ გინდა, ადამიანი არ გააპიარო, არ უნდა გაავრცელო ვიდეორგოლები მასზე. ქუჩაში რომ დავდივარ, სელფებს იღებენ ჩემთან.

– რეალურ ცხოვრებაშიც ისეთი ხართ, როგორიც ეკრანზე?

– უფრო დამთმობი ვარ. ტელევიზიაში რომ გავბრაზდები, ასეთი ნამდვილად არ ვარ. ნათლობამდე კი ვიყავი ასეთი. უბატონოდ ხმას ვერავინ მცემდა.

ახლა რომ ასეთი ვარ, ამაში დიდი როლი ითამაშა 2011-მა წელმა, როცა ნამდვილი ოჯახი შევქმენი. მერე არხიც შეიქმნა და სრულიად სხვა ადამიანად ვიქეცი.

– მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე, რომელმაც ასე შეგცვალათ.

– მესამე კლასამდე ერთად ვსწავლობდით. მერე ალჟირში წავიდა საცხოვრებლად. მე-10 კლასში განახლდა ჩვენი ურთიერთობა. მერე დიდი ხანი დავიკარგეთ და 2011 წელს ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. მეტს არაფერს გეტყვით.

– შვილები გყავთ?

– სამწუხაროდ – არა. მანამდე ისეთ ცხოვრებას ვეწეოდი, დავისაჯე.

– რა ჩაიდინეთ ასეთი?

– უწესო ცხოვრებით ვიცხოვრე, სიძვისა და მრუშობის ცოდვას ვგულისხმობ, ურთიერთობას ჯვარდაუწერელ ქალსა და კაცს შორის… ჯვარდაწერილის შემთხვევაში ეს არის მრუშობის ცოდვა და ჯვარდაუწერელის შემთხვევაში – სიძვის ცოდვა. მრუშობის ცოდვის ჩამდენი ადამიანი მღვდელი ვერასოდეს გახდება, იმდენად მძიმე და სასიკვდილო ცოდვაა.

2011 წლის მერე დავიწყე ნამდვილი ცხოვრება და მას მერე წამოვიდა უფლისგან მადლი. ამიტომაც ვარ ახლა ასე უშიშრად და სულ არ მაინტერესებს, ვინ არის ჩვენ წინააღმდეგ.

– ნამდვილი ოჯახი შევქმენიო, ბრძანეთ. დაოჯახებული მანამდეც იყავით?

– დიახ. პირველად 2006 წელს დავქორწინდი. ჯვარი დავიწერე, მაგრამ იმას ქორწინებად არ ვთვლი. 2011 წელს ავიყარე ჯვარი და ნამდვილი ოჯახი შევქმენი 46 წლის ასაკში.

– არც იმ ქორწინებიდან გყავთ შვილი?

– არა. მას ჰყავდა, მაგრამ ჩემგან არ უნდოდა.

– ჯვარდაწერილი ყოფილხართ და შეიძლება, ასეთ ქორწინებას არ აღიარებდეთ?

– კომენტარის გარეშე დავტოვებ ამ კითხვას.

– შტეკერას რატომ გეძახიან?

– თავად მოვყევი ეს ამბავი. სკოლაში ანსამბლი გვქონდა და ვიდეო და აუდიოკაბელებისთვის მე “ვაპაიანებდი” ხოლმე “შტეკერებს” და სულ ამაზე ვსაუბრობდი. ამიტომაც დამარქვეს შტეკერა. შეგნებულად მოვყევი ეს ამბავი და აიტაცეს. არ იციან, რომ ამითაც სერიოზული პიარი გამიკეთეს.

რუსუდან ადვაძე, სარკე