ლალი ტოტიკაშვილი: ,,ქმარს არ სიამოვნებდა ჩემი პოდიუმზე ყოფნა”

ლალი ტოტიკაშვილი: ,,ქმარს არ სიამოვნებდა ჩემი პოდიუმზე ყოფნა"გასული საუკუნის 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისის ქართველ მოდელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ლალი ტოტიკაშვილი, დიდიხანია დაემშვიდობა პოდიუმს, მაგრამ ზოგადად მოდასთან კავშირი არ გაუწყვეტია. ჯერ სამოდელო სააგენტო გააკეთა, ახლა კი თავად ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. როგორც გვითხრა, იშვიათად პოდიუმზეც შეიძლება გამოჩნდეს, მხოლოდ მაშინ, თუკი მეგობარი დიზაინერი მიიწვევს.

— ლალი, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაემშვიდობეთ პოდიუმს, როცა ჯერ კიდევ შეგეძლოთ ქართველ საუკეთესო მოდელთა რიგებში ყოფილიყავით. ახლა ამაზე გული არ გწყდებათ?

– არც თუ ისეთ პატარა ასაკში ვიყავი, 17 წელი ვიდექი პოდიუმზე. სწორედ იმ პერიოდში გავთხოვდი და ჩემს მეუღლეს დიდად არ სიამოვნებდა ჩემი პოდიუმზე ყოფნა, თუმცა არასდროს დაუსვამს საკითხი, რომ მოდელობისთვის თავი დამენებებინა. უბრალოდ მისი პოზიცია ვიცოდი და ეს გავითვალისწინე.

არ გამიჭირდა იმიტომ, რომ მე და ჩემს მეგობრებს გვქონდა სამოდელო სააგენტო, სადაც მომავალ თაობას მოდელებად ვზრდიდით და ამ სფეროდან არ წავსულვარ.

— არ გენატრებათ?

– რა თქმა უნდა, მენატრებოდა და მენატრება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

— დღეს თუ გაქვთ შემოთავაზება სხვადასხვა დიზაინერისგან, რომ გამონაკლისის სახით, პერსონალურად მისი კოლექცია წარადგინოთ პოდიუმზე?

ყოფილა შემთხვევები, როდესაც გავსულვარ პოდიუმზე. ავთანდილის ჩვენებაზეც გამოვედი, ასევე მაშინ, როცა ძველი და ახალი თაობის მოდელები დადგნენ პოდიუმზე,

ლალი ტოტიკაშვილი: ,,ქმარს არ სიამოვნებდა ჩემი პოდიუმზე ყოფნა"— ორი შვილი გააჩინეთ და გარეგნობით თითქმის არ ხართ შეცვლილი. ეს რისი დამსახურებაა?

– ძალიან დიდი მადლობა. მართლა არ ვიცი, ვერ გეტყვი. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე. სულ ახლახან დავიწყე აქტიურად ვარჯიში, მეტი არაფერი.

რაც შეეხება კვებას, ყოველთვის გემრიელად ვჭამ და წონის პრობლემა არასდროს მქონია. არც ხელოვნურად ჩავრეულვარ საკუთარ გარეგნობაში.

— წინააღმდეგი ხართ პლასტიკური ქირურგიის?

– წინააღმდეგი არ ვარ. პატარ-პატარა პროცედურებს ვიტარებ, მაგრამ პლასტიკური ოპერაციები არ გამიკეთებია.

— ყოველთვის გემრიელად მივირთმევო, ამბობთ და დავიჯერო, წონის პრობლემა არასდროს გქონიათ?

– არასდროს. ყოველთვის გემრიელად ვჭამ და ცომეულიც ძალიან მიყვარს. ტკბილეულზე არ ვგიჟდები, თუმცა, როცა არის, უარს არ ვამბობ. საღამოს საათებშიც ვჭამ.

ახლა თითქოს ვიფიქრე, რომ გავაკონტროლო რაციონი, მაგრამ არ გამომდის. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. სტაბილურად ერთი წონა მაქვს.

— თქვენი თაობის მოდელები დღემდე ახსოვს ხალხს, რასაც ვერ ვიტყვი ახალ თაობაზე. მათი უმრავლესობა უცნობია საზოგადოებისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ?

– ჩვენი თობის მოდელებზე ხშირად აღნიშნავენ, რომ ვიყავით ინდივიდუალურები. ყველას რაღაც დამახასიათებელი ვიზუალი, შარმი ჰქონდა და ერთმანეთისგან განვსხვავდებოდით. მაშინ შედარებით პატარა ბაზარი იყო, მოდელებიც ცოტანი ვიყავით, ახლა კი ძალიან ბევრი გოგონაა, უამრავი სამოდელო სააგენტოა და, ასე თუ ისე, რთულია ყველას დამახსოვრება. გარდა ამისა, შეიცვალა ტენდენციები.

— ახლა როგორი ტენდენციაა?

– ახლა მოდაშია სადა გარეგნობა, რატომღაც ასეთები მოსწონთ დიზაინერებს, რადგან, როგორც ამბობენ, რაც უნდათ, იმას გააკეთებენ, ანუ რა სტილიც უნდათ, იმას მოარგებენ. მსოფლიო მიდგომაა ასეთი. ახალ თობაში ცოტა სიმაღლესთან არის ხოლმე პრობლემა, მაგრამ ესეც ალბათ ტენდენციაა.

— თქვენ მოგწონთ ეს ახალი მიდგომები?

– არა. მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებ მსოფლიო ტენდენციებს, ჩემთვის სიმაღლე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მოდელი არ აკმაყოფილებს სიმაღლლის სტანდარტს, ჩემთვის იკარგება.

— დღეს ქართულ მოდაში ხარისხის მხრივ როგორ არის საქმე, უფრო მაღალი დონეა თუ დაბალი?

– დღეს, ხარისხის მხრივ, უკეთესადაა საქმე. მაშინდელი და ახლანდელი პირობები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მახსოვს, გვქონდა ჩვენებები, სადაც გვეცვა ჩვენი ფეხსაცმელი, თვითონ ვიკეთებდით ვიზაჟს, თმას, უამრავი ჩვენება ტარდებოდა და სულ ლალი ტოტიკაშვილი: ,,ქმარს არ სიამოვნებდა ჩემი პოდიუმზე ყოფნა"გადარბენებზე ვიყავით. დღეს ძალიან დაიხვეწა მოდის სფერო. უამრავი ფოტოგრაფია, სხვანაირი ფოტოსესიებია. მაშინ რამდენიმე ფოტოგრაფი იყო, რომლებიც საერთოდ სხვა სტანდარტებით გვიღებდნენ.

— თქვენი სამოდელო სააგენტო ისევ მუშაობს?

– მესამე წელია, რაც შეჩერებული გვაქვს საქმიანობა იმიტომ, რომ შევქმენით ტანსაცმლის ქართული ბრენდი, ნაქსოვების ხაზი. ვაკეთებთ ძალიან ლამაზ კარდიგანებს, კაბებს, ჩანთებსა და ფეხსაცმელებს. ეს ყველაფერი ხელნაკეთია და ძალიან ხარისხიანი.

— გაამართლა ამ ბიზნესმა?

– კი, ძალიან მსოწონთ. თავიდან ბავშვების კარდიგანები გავაკეთეთ და ყველას მოეწონა, შემდეგ უკვე დიდების ხაზი შევქმენით.

— ვისთან თანამშრომლობთ?

– მე, სოფო ბურჯანაძე, ირინა ონაშვილი და ლელა ცინცაძე ვაკეთებთ. ჩვენ ერთად გვქონდა სააგენტოც და აქაც ერთად ვართ.

— რას ურჩევთ ახალი თაობის მოდელებს?

– წარმატებული მოდელი რომ იყო, აუცილებელია შინაგანი ხასიათი. უნდა იყო კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, საქმე არ უნდა გეზარებოდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი სამყარო, რომელიც გარეგნობაზეც აისახება.

გიორგი საკარული, სარკე