24 სექტემბერს, დიდ დიღომში დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი იპოვეს, რომელსაც გულში დანა ჰქონდა ჩარტყმული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ექპერტიზის პასუხები ჯერ არის ცნობილი
დიმიტრი ტატიშვილი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. გიორგი მიქელაძე მისი ბავშვობის მეგობარია. ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ დიმიტრი თავად იყო სიურპრიზი და მუდამ ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნავდა.
-დიტო უაღრესად კარგი ადამიანი იყო. ოჯახი, მეგობრები უყვარდა, ჭკუას კარგავდა შვილებზე. რამდენიმე მაღაზია ჰქონდა. მოულოდნელად მოვიდოდა და ჩემს მეუღლეს ყვავილს მოართმევდა. ამოვიდოდა და ჩამეხუტებოდა, რადგან იმ წუთას ასე უნდოდა. უცებ მეტყოდა, მოემზადე, ხვალ იქ მივდივართო. მოსიარულე სიურპრიზი იყო… – იხსენებს გიორგი მიქელაძე.
დიმიტრი ტატიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს. ჟურნალ “სარკესთან” ის თავიანთი დამეგობრების ისტორიას ყვება:
– რამდენიმე წლის წინ ბათუმის ბინაში რემონტს ვაკეთებდი და გადავწყვიტე, აქსესუარები თბილისში შემეძინა. ერთ-ერთ ძალიან კარგ მაღაზიას მივადექი, სადაც დიდი არჩევანი იყო. შევედი მაღაზიაში და უცებ ერთი ბიჭი, რომელსაც არ ვიცნობდი, ჩემკენ გამოემართა და გადამეხვია. გაკვირვება რომ შემატყო, უცებ მიპასუხა, მეც ტატიშვილი ვარ და რომ დაგინახე, არ იცი, როგორ გამიხარდა, რომ ჩემს მაღაზიაში შენი ფეხით მოხვედიო…
ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და სოციალურ ქსელში მუდამ იცოდა მოკითხვა, მის ამბავს მეც ვკითხულობდი. მუდამ მეკითხებოდა, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდებაო.
გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დამირეკა და მითხრა, ახალი მაღაზია გავხსენი წერეთელზე და მინდა, განახოო. ისიც მითხრა, შენი დახმარებაც დამჭირდებაო…
რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე, მასალა სრულად იხილეთ სარკის მიმდინარე ნომერში