გიორგი შენგელაია: ,,ჩემზე წერენ?! ფეხებზე მკიდია!”

გიორგი შენგელაია: ,,ჩემზე წერენ?! ფეხებზე მკიდია!"კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გასულ ზაფხულს  ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე სკანდალური განცხადბები აკეთა. შენგელაიამ ივანიშვილს პირდაპირ ეთერში გაუნათლებელი ეძახა.

– ყველას გაგვიხარდა, ყველა ვზეიმობდით, მაგრამ მერე უმეცრებამ სძლია. არ მინდა ვთქვა, რომ ეგენი ბოროტი ხალხია ან ბიძინა არის ცუდი კაცი. ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, გაიგეთ!.. საკუთარი თავი დაღუპეს! – განაცხადა გიორგი შენგელაიამ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

აგვისტოს ბოლოს კი განაცხადა, რომ  ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებული აღარ არის.

-მართალია ივანიშვილი ცოტას კითხულობს, თუმცა მაინც გონიერი ადამიანია. გავაკრიტიკე, რომ ძალიან ცოტას კითხულობს. მან დაურეკა ჩემს შვილს, ნიკუშას, ვისთანაც პირადად მეგობრობს და უთხრა, მამაშენმა ყველაფერი სწორი თქვაო, ვეთანხმები, აბა, რაო, – უთხრა ნიუპოსტს გიორგი შენგელაიამ.

სანამ კინორეჟისორსა და ყოფილ პრემიერს შორის ყველაფერი გაირკვეოდა, მანამდე გიორგი შენგელაია ,,სარკეს” უყვებოდა:

– დიახ, ვიცი, რომ არაფერს კითხულობს და ეს თვითონ მითხრა – ჩემი ცოლი კითხულობს და მერე მიყვებაო. როგორ შეიძლება, წიგნი ვიღაცამ წაიკითხოს და მოგიყვეს და შენ იქიდან ზუსტი აზრი გამოიტანო?! რა, არ იცით, რომ უწიგნურია?! დადის იქ თავის პინგვინებში და ეგ არის მისი მთელი დღის განრიგი.

— როგორც ჩანს, მასთან ახლო ურთიერთობა გქონდათ.

– მე მივუტანე ერთი ძალიან საინტერესო წიგნი პოლიტიკურ თემაზე – ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია. გამომართვა და მითხრა, ჩემი ცოლი ჩამოვა ამერიკიდან, წაიკითხავს და მომიყვებაო. ეს წიგნი გამოვგლიჯე ხელიდან და სახლში წამოვიღე. ასეთ მკითხველს კარგ წიგნს არ დავუტოვებ!

— იკამათეთ ამის გამო?

– არა, კაცო, რა ვიკამათეთ! საშინლად შეწუხდა. მე კი საერთოდ მივატოვე იქაურობა და წამოვედი სახლში. ამის მერე მასთან რაღაზე უნდა მელაპარაკა?!

— შუშის სასახლეში იყავით მასთან?

– დიახ.

— ხშირად მიდიოდით მასთან, სახლში სტუმრად?

– არა, კაცო, რა ხშირად მივდიოდი, მე რაში ვჭირდები მაგას?! რაღაც საქმეზე მივედი და კარგი საქმეც გავაკეთე – კარგ წიგნი მივუტანე, რომლის წაკითხვა არ მოინდომა. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ფაქტობრივად ეს იყო ჩემ მიერ მიწოდებული წინადადება, თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ქვეყანაში. ეს არის ამერიკის კონსერვატიზმი. ახლა ჩვენთან არის ე.წ. ლიბერალური მმართველობა, რომელსაც მე არ ვაღიარებ. ამ კაცს კი საერთოდ არ აინტერესებს ეს პოლიტიკური წიგნები.

— ბატონო გიორგი, თქვენზეც წერდნენ სოციალურ ქსელებში, სტიპენდიას რომ იღებდა ბიძინასგან, აბა, რა ეგონა, მუდამ დითირამბები უნდა ემღერაო.

– ჩემზე წერენ?! ფეხებზე მკიდია! ჩემი საკუთარი პოლიტიკური ხედვა მაქვს. ეს ტიპური ამომრჩევლის მენტალტეტია – ჯერ ვაქებდი და მერე დავიწყე მისი გინება. ეგრე არ იყო, რომ თან ვაგინებდი და თან ფულს ვართმევდი. ადრე როდის ვაგინებდი?!

— თქვენი შვილი, ნიკუშა, ხომ მეგობრობს ბიძინა ივანიშვილთან?

– კი, მეგობრობენ. რა მოხდა მერე, შეიძლება შვილი იყოს ლიბერალი და მამა – კონსერვატორი.

— ნიკუშამ რა გითხრათ ამ ყველაფერზე?

– ნიკუშა ძალიან დელიკატური კაცია და საერთოდ არაფერს მეუბნება. ალბათ ფიქრობს, მე ვარ მართალი თუ ბიძინა.

რუსუდან ადვაძე, სარკე, 2018 წლის ივნისი