ქრისტინე შუშაძემ მომაკვდინებელი დიეტით 45 კილო დაიკლო – “ჩემი ტუჩი დაუსრულებელი დარჩა”

ქრისტინე შუშაძემ მომაკვდინებელი დიეტით 45 კილო დაიკლო -  "ჩემი ტუჩი დაუსრულებელი დარჩა"ბათუმელი ქრისტინე შუშაძე, რომელიც საზოგადოებამ პროექტ “მხოლოდ ქართულიდან” გაიცნო, პროფესიონალი კოსმეტოლოგია. ამ საქმეს კანადაში ცხოვრების დროს ესთეტიკის აკადემიაში დაეუფლა და ერთ-ერთ ქირურგიულ კლინიკაში სერიოზული გამოცდილებაც მიიღო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც, სიმღერის გარდა, თავისი პროფესიითაც იყო დაკავებული. ამერიკიდან საქართველოში დროებით დაბრუნდა, რომ კონკურსში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ახლა მისი გეგმები აბსოლუტურად შეიცვალა.

ქრისტინე პროექტს გამოეთიშა, მაგრამ სხვა მხრივ მოემართა ხელი, შეთავაზებები მიიღო, სიმღერების ჩაწერა დაიწყო და ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა გადაიფიქრა. კანადა-ამერიკაში მიღებულ კოსმეტოლოგიურ გამოცდილებას კი “სარკის” მკითხველებს გაუზიარებს.

– ქრისტინე, როგორია თქვენი ცხოვრების წესი?

– ჯანმრთელი. პირველ რიგში, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას, სისტემატურად დიეტაზე ვარ. ვეგეტარიანელი ვარ, ხორცს არ ვეკარები, მაგრამ პროტეინის შემცველ პროდუქტებს ვიღებ. ვცდილობ, ვივარჯიშო, რაც, სიზარმაცის გამო, მეტნაკლებად გამომდის. ფეხით სეირნობა კი ძალიან მიყვარს, ეს ჩემი ჰობია. როცა ბათუმში ვარ, აბსოლუტურად ყოველდღე ვსეირნობ ველობილიკზე.

– როდის გახდით ვეგეტარიანელი?

– 10 წლიდან ხორცს არ ვჭამ, უბრალოდ არ შემიძლია.

– რითი ივსებთ ხორცის დანაკლისს, მაგალითად, ცილებს?

– კვირაში ორჯერ კვერცხს და ორაგულს ვჭამ. კვებას ყოველთვის ვაკონტროლებდი. ძალიან იშვიათად, რომ რესტორანში შევიდე და ვჭამო. მირჩევნია, თვითონ მოვამზადო.

– სწორად თუ იკვებებით, დიეტა რაღატომ გჭირდებათ?

– წონის პრობლემა მქონდა. სხვათა შორის, სიმსუქნისკენ მაქვს მიდრეკილება, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ჭარბწონიანი არავინ მყავს. ორსულობისას 45 კილო მოვიმატე, ჩემი ფოტოები რომ ნახოთ, ვერ მიცნობთ. ერთი წელი ძალიან მკაცრ დიეტაზე ვიყავი, რაც ფაქტობრივად სიკვდილის ტოლფასი დიეტა იყო და არავის ვურჩევ.

– როგორ იკვებებოდით ამ დიეტის დროს?

– წყლის გარდა, არანაირი სასმელი არ დამილევია, ახლაც არ ვსვამ გაზიან სასმელს. წყალს დიდი რაოდენობით ვსვამდი, დილით შვრიის ფაფას ვჭამდი, შუადღისას კი, ორგანიზმი რომ არ გამოფიტულიყო, ვიტამინებს ვიღებდი. ხილსაც არ ვჭამდი. მაშინ კანადაში ვცხოვრობდი, ერთი ფორთოხალიც რომ მეჭამა, მეგონა, წონა მემატებოდა და ისტერიკულად სულ სასწორზე ვიდექი, გრამებს ვაკონტროლებდი.

– რამდენი ხნის წინ იყავით ამ დიეტაზე?

– 2010 წელს შემეძინა ელენე, მაშინ დავიწყე დიეტა და დღემდე ვცდილობ წონის შენარჩუნებას.

– უცხოეთში კოსმეტოლოგი გახდით და ალბათ ამ ცოდნას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მოვლისთვის იყენებთ.

– სახის კანზე, თმაზე, ფრჩხილებზე ძალიან ვზრუნავ. სწორი არ იქნება, სხვებს რჩევები მივცე და მე არ გავაკეთო. დილით, პირის დაბანის შემდეგ, სპეციალურ დამატენიანებელ ტონიკებს ვიყენებ. ცოტა რომ შეშრება, შემდეგ დამატენიანებელ საცხს ვისვამ.

ზაფხულობით აუცილებლად ვიყენებ მზისგან დამცავ კრემს. მესმის, რომ რუჯი ყველას მოგვწონს, მაგრამ პიგმენტაციისთვის მზის სხივები ძალიან ცუდია. დე ვიტამინი ყველას სჭირდება, მაგრამ კანისთვის ზედმეტი სასურველი არ არის.

არ არსებობს, ღამე ისე დავიძინო, რომ მაკიაჟი არ მოვიშორო, პირი არ დავიბანო. კვირაში ერთხელ ნიღბებსაც ვიკეთებ. ვცდილობ, ფრჩხილებიც ხშირად მოვიწესრიგო. ყოველთვის საკუთარი ინსტრუმენტებით დავდივარ, რადგან საქართველოში სანიტარიული ნორმები კარგად არ არის დაცული.

– რა ასაკიდან დაიწყეთ სახის კანზე ზრუნვა? ზოგი ამბობს, რაც უფრო გვიან ჩაერევი, მით უკეთესიაო, ზოგის თქმით კი, ადრეული ასაკიდან ჯობს.

– არიან თინეიჯერები, რომელთაც პრობლემური კანი აქვთ. ძალიან ბევრს გარდატეხის ასაკში მეორე-მესამე სტადიის აკნე აქვთ და მათ, რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა დაიწყონ ამაზე ზრუნვა. თუ იდეალური სახის კანი გაქვთ, პირის დაბანის შემდეგ დამატენიანებელი საცხის გამოყენება მაინც აუცილებელია. გააჩნია კანის ტიპს, ყველამ შესაბამისი პროდუქცია უნდა მოიხმაროს.

24-25 წლიდან ნებისმიერმა ქალმა უნდა დაიწყოს წვრილ-წვრილ ნაოჭებზე ზრუნვა, საცხებით დახმარება. ინექციების გამოყენება 34-35 წლის ზემოთ ჯობს. რაც უფრო ხშირად ვიკეთებთ, მით უფრო მეტს გვთხოვს კანი, ამიტომ ინექციებს 35 წლამდე არავის ვურჩევ.

– თქვენ ჯერ არ გამოგიყენებიათ ინექციები?

– მე ნემსის ისე ძალიან მეშინია, ვენიდანაც კი ვერ ვიღებ სისხლს. ტუჩის გაკეთების მცდელობა მქონდა (ასიმეტრიის გამო) და პროცედურა რომ დავიწყეთ, გონება დავკარგე. ასე რომ, ჩემი ტუჩი დაუსრულებელი დარჩა და ვერც ვერასდროს გავიკეთებ.

– როგორი მაკიაჟს იკეთებენ ქალები იმ ქვეყნებში, სადაც თქვენ ცხოვრობდით?

– ამერიკაში, კანადაში ისეთ მაკიაჟს ატარებენ, ჩვენთან საღამოს რომ ვიკეთებთ. იქ უფრო მკვეთრი მაკიაჟის ტენდენციაა. მე ძალიან იშვიათად ვიღებები. თუ საღამოს სადმე გავედი, ძალიან მიყვარს პუდრის წასმა. ტონალურის წასმას არავის ვურჩევ, რადგან ფორებში ღრმად ჩადის და მისგან გათავისუფლება ძალიან რთულია.

– მაკიაჟით თქვენს სახეზე რას გამოკვეთთ?

– თვალებს. ტუჩზე უფრო მკრთალი ფერები მიყვარს, კონტურს ვიყენებ ან გლუვ ტუჩსაცხებს.

– რა შინაურ რეცეპტებს ურჩევდით ჩვენს მკითხველებს?

– ძალიან კარგია კვერცხის გული და თიხა, ერთმანეთში არეული. ამას ერთი ჩაის კოვზი პურის ფქვილი დაამატეთ და სახეზე წაისვით, კანს ჭიმავს. თუ ადამიანი კვერცხზე ალერგიულია, მაშინ ეს ნიღაბი არ უნდა გაიკეთოს.

ძალიან კარგია ასევე შვრიის ფაფა. ჩვეულებრივად მოამზადეთ, ოდნავ რომ გაგრილდება, კანზე წაისვით, ცოტა ხნის მერე კი ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი დაბერებას უშლის ხელს.

თაფლიც ძალიან კარგია. როცა გამაჯანსაღებელ ცენტრში მივდივარ და ვიცი, რომ იქ საუნაა, ყოველთვის დამაქვს თაფლი. სახეზე ვისვამ და ისე შევდივარ. ტანზეც ძალიან კარგია, ცხიმებს წვავს, კარგი ეფექტი აქვს, კანს ჭიმავს. უცხოეთში თაფლი ძვირია, საქართველოში კი ხელმისაწვდომია.

– თქვენი გრძელი თმა ბევრ ზრუნვას ითხოვს?

– ძალიან კარგი ხარისხის თმა მაქვს. მთელი ცხოვრება ექსპერიმენტებს ვატარებდი, ხან შავი მქონდა, ხან წაბლისფერი, ხანაც ქერა. ბოლოს მივხვდი, რომ დედამიწის ზურგზე ბუნებრიობას არაფერი სჯობს. უფლის მადლობელი უნდა იყო იმისთვის, როგორიც დაიბადე, როგორიც შეგქმნა, ამას პატივი უნდა სცე.

3 წელი იმაზე ვიზრუნე, რომ თმა გამზრდოდა და შეღებილი თმა მომეცილებინა. ახლა თავიდან ბოლომდე ბუნებრივი ფერის თმა მაქვს.

სხვათა შორის, რუსულ შამპუნებს ვიყენებ, ბალზამს არ ვხმარობ. დამწვარი და გაფუჭებული თმა რომ მქონდა, თავზე მაიონეზიც კი წამისვამს, ახლა იმდენად ჯანსაღი მაქვს, მხოლოდ შამპუნს ვიყენებ.

– პროექტ “მხოლოდ ქართულის” შემდეგ რა გეგმები დასახეთ?

– პროექტის შემდეგ რაღაც შემოთავაზებები მივიღე, სიმღერების ჩაწერა დავიწყე, ამერიკაში არ მივდივარ, საქართველოში დარჩენას და ცხოვრების აქ გაგრძელებას ვაპირებ. ბათუმიდან თბილისში გადმოსვლას ვგეგმავ.

ეკა ლემონჯავა, სარკე