ბაია დვალიშვილი: ,,მიაქვს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა…”

ბაია დვალიშვილი: ,,მიაქვს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა...",,მიაქვს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა…” – წერს ფეისბუქში მსახიობი ბაია დვალიშვილი. მისი ეს წუხილი გამოწვეულია შემაშფოთებელი ინფორმაციით, რომელიც გუშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მათ გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, უკანონოდ მოჭრილი და სარეალიზაციოდ გამზადებული ხის მასალაა აღბეჭდილი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ ბოლო წყალდიდობისას წაიღო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ერასტი როდონაია ,,ნეტგაზეთთან”აცხადებს, რომ ,,პირველი არხის” მიერ გავრცელებულ ფოტომასალას არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან.

როგორც როდონაია განმარტავს, ფოტოზე გამოსახული ხის მასალა წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ განგებ არის ერთ ადგილას დაგროვილი და ეს არის არა სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე, არამედ ნარჩენები, რომლებიც მდინარეს მოაქვს. მისი თქმით, 2 თვის წინ თავადაც იმყოფებოდა ფოტოზე გამოსახულ ადგილას და აცხადებს, რომ ხის ნარჩენები მაშინაც დახვდა, თუმცა არა ამ რაოდენობით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის თქმით, ფოტოს მარცხენა ნაწილში ჩანს, რომ მდინარეში დაგროვილი ნარჩენები სწორ კონტურს ქმნის, რაც ზღუდის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც მათ აკავებს წყალვარდნილზე მოხვედრისა და ტურბინების დაზიანებისგან:

-ამ ფოტოს თუ დააკვირდებით, კადრში ზემოთა მხარე სვანეთის მხარეა და უსწორმასწოროა. ქვემოთ კი სწორი ხაზია. მაგ ადგილას არის წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად გაჭიმული ზღუდე, რომლის დანიშნულებაც არის, რომ ნაგავი არ მოხვდეს წყალვარდნილზე და ტურბინები არ გაჭედოს. ეს ნაგავი დიდი პერიოდის გნამავლობაშია დაგროვილი. ორი თვის წინ რომ ავედი, მაშინაც იყო. ახლა, ამ წყალვარდნილობის დროს რაც ჩამოიტანა, გააჩერა მანდ. შეიძლება იყოს როგორც მორი, ასევე მთლიანი ხე, მოსახლეობის მიერ  გადაყრილი ნარჩენები და უბრალოდ ნაგავიც. არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის რეალიზაციასთან, – ამბობს როდონაია ,,ნეტგაზეთთან”.

რაც უნდა იყოს, ფოტოები შემაშფოთებელია და საჭიროა, გარემოს დაცვის სამინისტრომ განმარტება გააკეთოს.