დათუნა მგელაძე ოჯახის შექმნისთვის ემზადება – “ცოლი ახლა თუ არ მოვიყვანე, მერე დამეზარება”

დათუნა მგელაძე ოჯახის შექმნისთვის ემზადება - "ცოლი ახლა თუ არ მოვიყვანე, მერე დამეზარება"მომღერალ დათუნა მგელაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების დრო დადგა. სიმღერებზე მუშაობა დროებით გვერდზე გადადო და ბიზნესის კეთებაზე დაიწყო ზრუნვა. ახლა მას ელიავას ბაზრობაზე უფრო ხშირად ნახავთ, ვიდრე სცენაზე. როგორც გვითხრა, 9 საათიდან უკვე საქმეებშია ჩართული და თავისი ბიზნესისთვის ფართს არემონტებს. შემდეგი ეტაპი კი ოჯახის შექმნა იქნება. იმ ასაკშია, რომ უკვე ძალიან უნდა, ცოლი და შვილები ჰყავდეს.

– დათუნა, გვიამბეთ, რა სიახლეებია თქვენს ცხოვრებაში.

– სიახლე ისაა, რომ ბიზნესზე გადავერთე და მისთვის ფართს ვარემონტებ. აქამდე ჩემი დილა თუ დღის 1-2 საათზე იწყებოდა, ახლა 9 საათზე უკვე შუა საქმეში ვარ. ხომ ხვდებით, როგორი მონდომებული ვარ? სამშენებლო მასალების აზრზე არ ვიყავი. ახლა კი ელიავას ბაზრობაზეც დავდივარ. ვერ გეტყვით, რომ ჩემი დღის განრიგით უკმაყოფილო ვარ, პირიქით, ძალიან მომწონს.

– ბიზნესში ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია?

– არა, მოსკოვშიც მქონდა ბიზნესი. საქართველოში კი პირველია.

– რისკები გათვალეთ?

– რისკის გარეშე საქმიანობის წამოწყება გამორიცხულია. როცა ასაკიც ხელს გიწყობს, ადამიანმა რაღაც მაინც უნდა გარისკოს. ვიღაცის ლოდინი არც სწორია და არც გამართლებული. სანამ ახალგაზრდა ვარ, რატომაც არა?

მამაჩემი ყოველთვის მომხრე იყო, რომ რაიმე საქმიანობა წამომეწყო, თუმცა მაფრთხილებდა, კარგად დაფიქრდიო, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით თვითონაც ბევრჯერ დაუშვა შეცდომა. მას დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. ჩემი ბიზნესის შესახებ რომ ვუთხარი, მომიწონა და რჩევებიც მომცა.

– საქმიანობის წამოწყებაში ოჯახი დაგიდგათ გვერდით თუ ბანკის სესხიც დაგჭირდათ?

– ბანკის სესხიც ავიღე, თუმცა ის თანხა, რომელსაც ვვარაუდობდი, რომ მომცემდნენ, არ დამიმტკიცეს. ჩემი დანაზოგიც მქონდა და, ამის გარდა, ოჯახიც და მეგობრებიც ძალიან დამიდგნენ გვერდში. ივნისში ყველა გაიგებს, რა საქმიანობას ვიწყებ.

– ასე საგულდაგულოდ რატომ მალავთ, რას აპირებთ?

– ჩემი წამოწყება სანამ ფინალურ ეტაპამდე არ მივა, წინასწარ საუბარი არ მინდა. რამდენჯერაც წინასწარ ვთქვი, საქმე არ გამომივიდა. რასაც ჩემთვის ვინახავ, ყველაფერი გამოდის.

– ბიზნესის კეთება სიმღერას ხომ არ ჩამოგაშორებთ?

– ორ სიმღერაზე ვმუშაობდი, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებ, მაგრამ შევაჩერე. სამწუხაროდ, რამდენიმე თვეა სიმღერისთვის ვერ ვიცლი. ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სიმღერით თავის რჩენა არც თუ ისე მარტივია. სიმღერა და ბიზნესის კეთება ერთმანეთს ხელს არ შეუშლის, პირიქით. როცა ზურგი გაქვს, უკეთესია იმისთვის, რომ საყვარელი საქმე წინ წასწიო, ჩაწერო ბევრი სიმღერა და კლიპებიც გადაიღო.

– თქვენზე ყოველთვის ამბობდნენ, რომ ბევრი ფული გაქვთ. ეს ხმები გაზვიადებულია?

– თვალი ჭამს და თვალი სვამსო, ხომ გაგიგიათ. ხალხს ჰგონია, რომ, რადგან წარმატებული ტიპი ვარ, დიდი ფულიც მაქვს. 2007 წელს გამოშვებული “მერსედესით” დავდივარ. საკმაოდ ძველია იმისთვის, ვინმემ იფიქროს, რომ მდიდარი ვარ. თუმცა მირჩევნია, ხალხს ფულიანი ვეგონო, ვიდრე ჩემი წუწუნი ესმოდეთ.

ჯერჯერობით მილიონი არ მიშოვია, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ფინანსურად ძლიერად ვიყავი და გაჭირვებაც მახსოვს. სამეგობრო და ოჯახის წევრები ღმერთმა ჯანმრთელად მიმყოფოს და დღეს საწუწუნო არაფერი მაქვს.

– ბიზნესმენის ამპლუას მალე მოირგებთ, დაოჯახების ეტაპიც ხომ არ დადგა?

– საბოლოო ჯამში, ალბათ ეს ყველაფერი ჩემს დაოჯახებასაც ხელს შეუწყობს. 31 წლის ასაკში ამაზე ფიქრი უფრო მეტად დავიწყე და ზუსტად ვხვდები, რომ თუ უახლოეს მომავალში ცოლი არ მოვიყვანე, მერე ძალიან დამეზარება. კაცი 30 წელს რომ გადააბიჯებს, ამ საკითხს ცოტა ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

– მშობლებიც ხომ არ გსაყვედურობენ, რომ ოჯახს არ ქმნით?

– ჩემი მეგობრები, რომლებსაც ცოლები ჯერ არ მოუყვანიათ, ოჯახში დიდი წნეხის ქვეშ არიან. ჩემი მშობლები კი პირადთან დაკავშირებულ შეკითხვებს ნაკლებად მისვამენ. იციან, რომ დაოჯახებაზე მეც ვფიქრობ, ჩემს გადაწყვეტილებასაც პატივს სცემენ, თუმცა ხანდახან მეუბნებიან, რომ შვილიშვილი უნდათ.

– “სარკეში” თქვენც არაერთხელ გითქვამთ, რომ ძალიან გინდათ, მამა იყოთ.

– ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ბავშვებზე ჭკუა მეკეტება. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ინტერნეტში პატარების ფოტოებს გადავხედავ და ყველაფერი მავიწყდება. ყველანაირად ვეცდები, კარგი მამა ვიყო. არც ცუდი მეუღლე ვიქნები.

ახლა ვხვდები, რომ ოჯახი კარგია და როცა დავოჯახდები, არ ვინანებ იმაზე, რომ ცხოვრებაში რამე ვერ მოვასწარი. მაგარი დრო მაქვს გატარებული. იდეალური იქნება, თუ ეს ყველაფერი სიყვარულით დაგვირგვინდება და ასეც მოხდება.

– პირად ცხოვრებაზე ხმამაღალი საუბარი არ გიყვართ, მაგრამ იმედია, როცა შეგიყვარდებათ, ამას არ დაგვიმალავთ.

– პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ არაფერი მაქვს ჯერ სათქმელი, თორემ სიყვარულს მალვა უნდაო, ამას ვერანაირად დავეთანხმები. როცა ბედნიერი ვიქნები, ჩემს ბედნიერებას ბორკილებს ვერ დავადებ.

— ისე არასდროს გყვარებიათ, რომ ხმამაღლა გეთქვათ?

– კი, როგორ არა. ბავშვობაში 2 წელი გიჟივით მიყვარდა. ისეთი შეყვარებული ვიყავი, მთელმა თბილისმა იცოდა, თუმცა 16 წლის ასაკში ალბათ ყველა შეყვარებულია. მაინც ბავშვური იყო და სიყვარულს ვერ დავარქმევ.

– ახლა როგორმა გოგომ შეიძლება მოგხიბლოთ?

– ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არასდროს მაქვს. იმას გეტყვით, რომ არ შემიყვარდება ცანცარა და უზრდელი გოგო. გვერდით ვერც ეგოისტს ავიტან, რადგან ასეთს ვერასდროს გავუგებ.

სოფიო ბოჭორიძე, სარკე