მაკა რაზმაძე მეგობრებმა გაწირეს – ,,არ უნდა დამეთმო, ბოლომდე უნდა მებრძოლა”

მაკა რაზმაძე მეგობრებმა გაწირეს - ,,არ უნდა დამეთმო, ბოლომდე უნდა მებრძოლა"ცნობილი ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე ტელეკომპანია “იბერიიდან” მოულოდნელად გაათავისუფლეს. მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ “ხმაურიანი” ჟურნალისტია და მისი გადაცემა პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა. გული სწყდება რამდენიმე ადამიანზე, რომლებთანაც წარსულში მეგობრობდა და რომლებმაც უგანეს.

– ესაა ცხოვრება და როგორც ადრე, არც ახლა მეშინია. არც ახლა დამაკარგვინებს სახეს გაჭირვება, როგორც აქამდე არ დამაკრგვინა. არც ახლა ვაპირებ სხვებზე გადაბრალებებს და სხვების საქციელებზე ლაპარაკს, – ასე ამბობდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანია დატოვა და დღესაც იმავეს ამბობს.

– მაკა, ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზებზე დღესაც არ საუბრობთ?

– არა. საერთოდ მაქვს ასეთი ჩვევა, სადაც აღარ ვარ, იმ ადამიანებზე, სიტუაციაზე და სამსახურზე აღარაფერს ვამბობ – არც კარგს და არც ცუდს. ჩემი დანაშაულია, რომ ვმეგობრობდი ადამიანთან, ვისაც ისე არ ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა. ამიტომ ჩემს საქციელზე მხოლოდ მე ვაგებ პასუხს და არა – სხვა.

მესმის, ბევრად მომგებიანია, როდესაც გამოდიხარ და საჯაროდ ყვირი, თუ როგორ დაკარგე სამსახური, როგორ არ დაგაფასეს და ა.შ. მაგრამ ეს არ არის ჩემი ცხოვრების სტილი. ასე არც ერთ ეტაპზე მიცხოვრია, არ გამიკეთებია და მგონია, რომ ახლაც არ უნდა გავაკეთო.

მიუხედავად დიდი ისტორიისა, ეს იყო შედარებით პატარა ტელეკომპანია. ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ხმაურიანად შევედით ეთერში. ჩვენი მთავარი კონცეფცია იყო, შიშველი სიმართლე გვეჩვენებინა მაყურებლისთვის. ამ გადაცემის სული რეალურ საზოგადოებას ასახავდა. ეს იყო გადაცემა, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართულ ტელებაზარზე.

-ეს შიშველი სიმართლე ვიღაცას არ აწყობდა, თქვენი გადაცემა პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა?

– ალბათ – კი. როდესაც გადაცემას გიხურავენ, რასაკვირველია, ის ყოველთვის ეწირება ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციებს, გადაწყვეტილებებს და ინტერესებს.

– ამ შემთხვევაში თქვენი გადაცემის დახურვა ვის ინტერესებში შედიოდა?

– არ მინდა ამ თემის გაგრძელება.

– დღეს რა პოზიციაზე ხართ, გაქვთ შეთავაზებები, გეგმები?

– მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, როგორც ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციებში, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფრისგან თავს ვიკავებ.

– რატომ?

– ჯერჯერობით ჩემთვის არასაინტერესოა. როდესაც ჟურნალისტი კარგავს სამსახურს და ღიად არ ადანაშაულებ ვინმეს, ყველა ზის და გელოდება, თუ როდის გააკეთებ ამ განცხადებას და შემდეგ შესაბამისად იქცევიან. მაგრამ თუ შენ ამას არ ამბობ, არავინ თვლის საჭიროდ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ სად არის სამართალი. შეიძლება მე უფრო წაგებული ვარ ამ შემთხვევაში.

– ხმაურიან ადამიანებს უფრო უმართლებთ?

– არც მე ვარ ჩუმი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაჩუმება ვამჯობინე. გადავწყვიტე, ყველაფერი მათი სინდისისთვის მიმენდო.

– რა მოხდა ასეთი?

– ძალიან დიდი უსამართლობა. სამწუხაროდ, უმეტესობამ დარჩენა ამჯობინა, აღარაფერი შეიმჩნიეს. ყველა თვითონ ადგენს საკუთარ სამართალს.

-რას ნანობთ, რა უნდა გაგეკეთებინათ და ვერ გააკეთეთ?

– არ უნდა დამეთმო. ყოველთვის ბოლომდე უნდა მებრძოლა.

– რა გიშლიდათ ხელს, სიამაყე?

– სიამაყე – არა. ვერ ვწირავ ადამიანებს, ვინც ოდესღაც მიყვარდა და მიღირდა.

– არადა ამ ადამიანებმა თქვენ გაგწირეს…

– კი, ნამდვილად. სიმართლე რომ ვთქვა, შესაძლოა, მათ გამარჯობა აღარავინ უთხრას. საერთოდ, მჯერა კანონზომიერი სამართლიანობის.

– თქვენ მეგობრობთ დოდო გუგეშაშვილთან, რომელსაც დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, ერთადერთი ვაჟი თვალწინ მოუკლეს. რას გვეტყვით მის მდგომარეობაზე, როგორ გრძნობს თავს?

– დოდო არის ძალიან ძლიერი ადამიანი და ყოველთვის, ყველა სიტუაციაში იყო ძლიერი. მე თვითონ შვილმკვდარი ოჯახიდან ვარ და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა ემართება მშობელს, როდესაც ამხელა ტრაგედია ატყდება თავს.

დოდო ამბობს, არ მინდა, ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდე, ყველას ნდობა დავკარგო, ყველაფერზე ხელი ავიღო, მე მოვძებნო ჩემი შვილის მკვლელი და პირადად გავუსწორდეო.

ძალიან გულნატკენი ვარ, რომ პოლიციამ დღემდე ვერ აღიქვა ეს საქმე სერიოზულად. დღემდე ერთი ნაბიჯიც არ არის წინ გადადგმული. დოდო პოლიციის მიმართ დიდი ნდობით იყო განწყობილი, მაგრამ იმდენად დიდი არაკომპეტენტურობა და გულგრილობა შეინიშნება ამ საქმეში, რომ გაოგნებული ვარ.

გამომდინარე იქიდან, რომ “სარკე” ძალიან პოპულარული ჟურნალია, რომელიც ყველა სტრუქტურაში შედის, მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო ბატონ გახარიას (შსს-ს მინისტრი. ავტ.), რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე. ეს არის მისი უწყების პრესტიჟი, რადგან დღისით, მზისით, ვიღაც არაკაცი ადამიანს უკლავს შვილს… ქალმა მოტივი არ იცის, რას ერჩოდნენ, რა მოხდა საერთოდ…

– რას გეუბნებათ დოდო გუგეშაშვილი პირად საუბრებში?

– ხშირად მირეკავს, ერთმანეთთან სულ ხაზზე ვართ. ადამიანი ცოცხლობს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შვილის მკვლელი ნახოს დასჯილი და დაკავებული. ცდილობს, გამოჯანმრთელდეს და ფეხზე დადგეს.

– როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– როგორი უნდა იყოს? განადგურებულია ადამიანი.

გიორგი საკარული, სარკე