ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდატყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 3 კი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში, შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14 კაციანი ჯგუფი.

უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, სამთო დარტყმამ გამოიწვია. როგორც პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სავარაუდოდ, ქანები ჩამოიშალა, რამაც შახტაში მყოფი მუშები მოიყოლა.
„ვარაუდია, რომ სამთო დარტყმა იყო, ანუ ქანების თვითჩამოშლა მოხდა. ჯერჯერობით, ამ ვარაუდის დადასტურება არ შეგვიძლია, უნდა ვნახოთ ადგილზე რა მოხდა“, – განაცხადა გიგა ისაკაძემ.
“ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს. ამის შესახებ.

პრემიერმინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ.

,,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუსი