თაკო გამრეკელაშვილის შვილები პერიოდულად უარყოფენ მომხდარს – ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სოციალური სააგენტო სწავლობს

თაკო გამრეკელაშვილის შვილები პერიოდულად უარყოფენ მომხდარს - ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სოციალური სააგენტო სწავლობსბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები დღეიდან ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს. სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ სპეციალისტები გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ეთერ ცხაკაიას თქმით, ბავშვებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას.

სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი ჩართულობა აქვს. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა. მისივე რჩევით, დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს.

-ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით, – ამბობს ეთერ ცხაკაია.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში 14 აპრილს დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვეფხია ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამოძიების მიერ საქმისთვის მიცემულ კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

ავტორი: ნინო რაზმაძე