პიკასო: “ყელს გამოვჭამ, ვინმე თუ იტყვის, რომ განქორწინებები ჩემი ცოლების ბრალი იყო”

პიკასო: "ყელს გამოვჭამ, ვინმე თუ იტყვის, რომ განქორწინებები ჩემი ცოლების ბრალი იყო"სამი ქორწინება-განქორწინება და ორი შვილი – ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, ირაკლი ნოზაძე, მეტსახელით პიკასო, პირად ცხოვრებაში ცვლილებებს აღარ გეგმავს. 38 წლის ასაკში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ ერთ ქალს გულს აღარ ატკენს. ახლა მისთვის მთავარი მხოლოდ თავის შემოქმედებასა და შვილებზე ზრუნვაა.

– ირაკლი, წლებთან ერთად შეიცვალა თქვენი შინაგანი სამყარო?

– 38 წლის ვარ და ბევრი რამ გადავაფასე, შემეცვალა პრიორიტეტებიც. ჩემთვის ამჟამად მთავარი შვილები არიან.

– ხომ არ გაშინებთ წლების მატება?

– არანაირად, პირიქით, ცოტა ბრძნულ გამომეტყველებას მაძლევს. ისე კი, სულით და გულით მე ყოველთვის ახალგაზრდა ვიქნები. ვფიქრობ, რომ ახალ თაობას არ ჩამოვრჩები. არასდროს გავხდები “სტარამოდნი გრუზინი”. საკუთარ თავს წლების მატებას ვერ ვამჩნევ, თუმცა მთლად ისეთი ლაღი ვეღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი.

– შვილებზე მოგვიყევით.

– ჩემი პირველი სიყვარული არის ლუკა. მინდა, მადლობა გადავუხადო დედამისს ასეთი შვილის გაზრდისთვის. მადლობა უფალს, რომ ასეთი შვილი მოგვცა. იმედი მაქვს, სულ კარგი და დამჯერი იქნება. დიდი მადლობა ნიას დედიკოს, რომ ასეთი სილამაზე მოავლინა.

პიკასო: "ყელს გამოვჭამ, ვინმე თუ იტყვის, რომ განქორწინებები ჩემი ცოლების ბრალი იყო"ნია არის ჩემი რჩეული მანდილოსანი, რომელიც უპირობოდ მიყვარს. ნია სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, მეტიც, გარკვეული დოზით პოპულარობით მაჯობა კიდეც. წლის და 9 თვის გოგონა ისეთ სასარგებლო საქმეს აკეთებს, რასაც სხვისი დახმარება ჰქვია. თავისი ვებგვერდის მეშვეობით მან დიდი და კეთილი საქმე გააკეთა, რამაც განმაცვიფრა.

-რას გულისხმობთ?

– ვიღაც ითხოვდა დახმარებას. მას მერე, რაც ნიაკომ მასზე ილაპარაკა, მის მიმართ მოიმატა ყურადღებამ, შეგროვდა გარკვეული თანხა და იმ ადამიანმა საზღვარგარეთ მკურნალობა შეძლო. პატარა, მოცუცქნულმა ნიაკო ნოზაძემ დიდი საქმე გააკეთა.

– ვინ იყო ინიციატორი, რომ ასეთი პატარა ბავშვი სოციალურ ქსელში აქტიური ყოფილიყო?

– ეს არ ყოფილა სტრატეგია ან გათვლილი ნაბიჯი. ბავშვობის კადრები სამახსოვროდ რომ ჰქონოდა, დედამისი აქტიურად უღებდა ფოტოებს, ვიდეოებს და აქვეყნებდა. მას მერე, რაც რამდენიმე სასაცილო ვიდეო გადავუღეთ და დავდეთ, ბევრმა ადამიანმა მოიწონა, ბევრი ემიგრანტი უყურებდა.

მერე დედამისმა მოიფიქრა, რატომაც არა, გავუკეთოთ ვებგვერდიო. დღეს ნიაკო ძალიან პოპულარულია.

კარგი მამა რომ ხართ, ცნობილია. ყოფილ ცოლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ და თუ არის შესაძლებელი ყოფილ მეუღლეებთან მეგობრობა?

– არ ვიცი, სხვების შემთხვევაში როგორ არის, მაგრამ როგორ შეიძლება არ ვიმეგობრო ჩემი შვილების დედებთან?! ამას ვერ ვხვდები.

– დადგა ეტაპი, რომ დაიწყოთ ფიქრი ახალი ოჯახის შექმნაზე?

– არა, ეს თემა დამთავრებულია! რამდენი ადამიანი შეიძლება გავაბრაზო და გული დავწყვიტო ჩემი უჟმური ხასიათის გამო?!

– ანუ თვლით, რომ მიზეზი თქვენი ხასიათია?

– კი, ასეა. ვინმემ რომ პირიქით თქვას, შეიძლება ყელი გამოვჭამო.

– ფლირტიც ეტაპიც დასრულდა თქვენს ცხოვრებაში?

– ეგ, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არაფერი სერიოზული.

– ახლა როგორი ქალები მოგწონთ, გემოვნება ხომ არ შეგეცვალათ?

– არ შემცვლია. ვთვლი, რომ ყველა მანდილოსანი თავისებურად ლამაზი და განსაკუთრებულია.

– დაბოლოს, საკუთარ თავს როგორ შეაფასებდით?

– მიჭირს საკუთარ მინუსებზე ლაპარაკი, აღტაცებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა ერთი, რაც ხმამაღლა შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ბოროტი ადამიანი არ ვარ. ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, არ განვსხვავდები ჩემი ბორჯომელი და თბილისელი მეგობრებისგან. უბრალოდ ისე მოხდა, რომ უფრო ხშირად მაჩვენებენ ტელევიზიით და მისმენენ რადიოში.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”