გიგი უგულავა და გიორგი გაბუნია სტიქარით – თბილისის ყოფილი მერი ძველ ფოტოს აქვეყნებს

გიგი უგულავა და გიორგი გაბუნია სტიქარით - თბილისის ყოფილი მერი ძველ ფოტოს აქვეყნებსთბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სტიქარით არიან შემოსილი. მათ ბავშვობის მეგობრობა აკავშირებთ. ისინი კლასელები იყვნენ.

გიორგი გაბუნია ჟურნალ ,,სარკესთან” გიგი უგულავასთან მეგობრობას იხსენებს და იმასაც ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მძიმე ის ეთერი იყო, როცა ციხიდან ერთი საათით გამოშვებულ ყოფილ მერთან ინტერვიუ ჩაწერა.

– მე და გიგი უგულავა კლასელები ვიყავით, 6 წლის ასაკიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თუმცა სულ გვქონდა ურთიერთობა. სხვათა შორის, გიგიც აგროვებდა მარკებს და ფილატელისტების კლუბშიც ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. შემდეგ ერთსა და იმავე ეკლესიაში დავდიოდით, საერთო მოძღვარი გვყავდა და ორივენი სტიქაროსნები ვიყავით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ის თბილისის მერი გახდა, ხოლო მე – “კურიერის” და “არჩევანის” წამყვანი, უკვე როგორც ჟურნალისტს და რესპონდენტს გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა.

როდესაც გიგი ერთი დღით გამოუშვეს ციხიდან და საპატიმროში დაბრუნებამდე ბოლო ვრცელი ინტერვიუ მასთან მე ჩავწერე, ეს ძალიან მტკივნეული საათი იყო. ეს იყო ყველაზე ემოციური ინტერვიუ, რომელიც ოდესმე ჩამიწერია.

ჟურნალი “სარკე”