დეა გოშხეთელიანი: “ჩემს შვილს ვერავინ დამაშორებს… ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახი აპირებს ბავშვით მანიპულირებას”

დეა გოშხეთელიანი: "ჩემს შვილს ვერავინ დამაშორებს... ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახი აპირებს ბავშვით მანიპულირებას"ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილი მეუღლის ოჯახის მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს.

როგორც გოშხეთელიანი აცხადებს, მისი ყოფილი მეუღლის ოჯახი ბავშვით მანიპულირებას აპირებს და მეურვეობის საკითხის გარკვევას ქუთაისის სასამართლოში გეგმავს, სადაც მათ გავლენიანი მეგობრები ჰყავთ:

”მინდა გავავრცელო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც წინა კვირას შევიტყვე. ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახი აპირებს ბავშვით მანიპულირებას.მათ სურთ კვირის უმეტესი დღეები , ბავშვი იყოს მათთან.ამისთვის ახალი ხრიკი მოიმოქმედეს. მოხდა ბავშვის იურიდიული მისამართის შეცვლა თბილისიდან ქუთაისში ჩემს დაუკითხავად,რათა ბავშვის მეურვეობის საკითხზე სასამართლო დავა იყოს ქუთაისში და არა თბილისში. და რატომ ქუთაისში ?! ჩემს ყოფილ მამამთილს გოჩა ბაკურაძეს, რომელიც არის ხონის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი,ასევე ჩემს ყოფილ მეუღლეს გიგა ბაკურაძეს, რომელიც ასევე მუშაობდა ბათუმის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ძალიან ბევრჯერ უთქვამთ , რომ ქუთაისის სასამართლოში მათ ჰყავდათ გავლენიანი მეგობარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ივანე აფრიდონიძე,რომელიც ნებისმიერ საკითხს მოუგვარებდა და დადგებოდა კანონზე მაღლა მისი სიტყვა. ამავდროულად, ივანე აფრიდონიძე არის ერთ-ერთი მათი ადვოკატიც და სწორედ,როდესაც ჩემი ყოფილი მეუღლე 3.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ქუთაისის სასამართლომ პირველად,მის ინტერესს ბატონი ივანე იცავდა.

მე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაინტერესდნენ ამ კონკრეტული საქმით.

ჩემს შვილს ვერავინ დამაშორებს,ჩემი ცხოვრების თითოეული წუთი და წამი ეკუთვნის მხოლოდ მას.”- აცხადებს დეა გოშხეთელიანი.

დეა გოშხეთალიანის თქმით ბაკურაძეების ოჯახი ცდილობს მისი ნაცნობები დააჯერონ, რომ მისი ყოფილი მეუღლე გიგა ბაკურაძე არა მოზალადე, არამედ „მსხვერპლია“ და აუდიო ჩანაწერით მანიპლირებენ, რომელიც გიგა ბაკურაძემ გოშხეთელიანის სახლში ჩაწერა:

– ბოლო დროს აჟღერებენ ინფორმაციას,რომ აქვთ აუდიო მასალა, სადაც მტკიცდება რომ ჩემი ყოფილი მეუღლე თითქოსდა “მსხვერპლია” და რა აუდიო მასალაა ეს?! მინდა კარგად იცოდეს საზოგადოებამ,ჩემი ინფორმაციით რაც გავიგე,კარდაკარ დადიან ქუთაისში და ასმენინებენ ამ აუდიო მასალას ჩემს ნაცნობებს. ჩაწერილ მასალაში ისმის ხმა : ჩემი ყოფილი მეუღლე, მოდის ჩემთან სახლში და თან ამ დროს ჩართული აქვს ხმის ჩამწერი ტელეფონში,რაც მე არ ვიცოდი, როდესაც ჩემი სახლის კარებს მიუახლოვდა თურმე იძახის გამარჯობას ჩუმად,რათა ეს მისალმება დაფიქსირდეს ტელეფონის ხმის ჩამწერში , შემდეგ კი შემოდის და იწყებს ხელის დარტყმას ჩემი მიმართულებით. ადვოკატი და ბაკურაძეები ამტკიცებენ,რომ ადამიანი როდესაც “გამარჯობას” იძახის, ის საჩხუბრად მისული არ არისო და სწორედ აქედან გამომდინარე,ამტკიცებენ თითქოსდა ის არის დაზარალებული. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ ხალხნო,რა ჰქვია ასეთ ქმედებას?! – აღნიშნავს დეა გოშხეთალიანი.

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს, გრიგოლ ბაკურაძეს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ბაკურაძე თავს 3 იანვარს დაესხა და მასა და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეში სამართალდამცავი უწყებებიც ჩაერთვნენ, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაკურაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და საპატიმროდან გაათავისუფლა, განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ შეცვალა და ბაკურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

ნიუპოსტი