“დედამ ჯერ არ იცის, რომ 11 წლის ნანატრი შვილი აღარ ჰყავს” – მანქანამ საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

"დედამ ჯერ არ იცის, რომ 11 წლის ნანატრი შვილი აღარ ჰყავს" - მანქანამ საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა14 იანვარს, ძველით ახალი წლის დღეს, ქობულეთის დაბა ოჩხამურში ტრაგედია დატრიალდა. 3 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა მორიგ ავტოავარიას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის-მე 5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
რიონ გოგიტიძე, ოჩხამურის მკვიდრი:
– მირზა ასამბაძე და ნატო გოგოხია ოჩხამურელები არიან, სიყვარულით დაქორწინდნენ, მაგრამ 11 წელიწადი შვილი არ ჰყავდათ, ამდენი წლის ლოდინის შემდეგ შეეძინათ პატარა, რომელიც ნასვამმა მძღოლმა წამებში გამოაცალა მშობლებს ხელიდან.

ბოლო ხანს ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვი ბებია-ბაბუებთან ხშირად დაჰყავდათ. ამ საღამოსაც, როცა ეს უბედურება მოხდა, ნატოს შვილი მეუღლის მშობლების სახლიდან დედ-მამის სახლში გადაჰყავდა. რისთვისაც ქუჩის გადაკვეთის შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში უნდა გაევლო. დედა-შვილი უკვე საბავშვო ბაღის ეზოში იყვნენ გადასულები, როცა ტრასაზე დიდი სიჩქარით მომავალი, ოპელის მარკის მანქანა გზას ასცდა, საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და დედა-შვილს დაეჯახა… ასე გათავდა ყველაფერი.

– მძღოლიც თქვენი დაბის მკვიდრია?

– დიახ, მძღოლიც ოჩხამურელი, თემურ ბერუკოვი, გახლავთ. როგორც გაირკვა, მთვრალი იყო, ოჩხამურში 9-მეტრიანი ტრასა გადის და ძალიან მთვრალი რომ არ ყოფილიყო, როგორ მოახერხებდა, ასეთ ტრასას ასცდენოდა და დედა-შვილის დასაჯახებლად საბავშვო ბაღში შევარდნილიყო! მისდა საუბედუროდ, ის მისივე დაღუპული ბავშვის მშობლებთან ერთად არის გაზრდილი. ამ კაცს ყველა ოჩხამურელი იცნობს და ყველამ იცის, რომ ამ დანაშაულით, ფაქტობრივად, მასაც დაენგრა ცხოვრება. თემური თან გაჰყვა იმ სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელმაც ბიჭუნა და დედამისი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა და როცა ნახა, რომ ბავშვი გარდაიცვალა, იქედან თავისი ფეხით წავიდა პოლიციაში. მაგრამ საუბედუროდ, ამით არაფერი გამოსწორდება იმ ოჯახებისთვის, რომელიც ამ ბავშვის გარდაცვალებამ გაამწარა.
– ბავშვის დედა როგორ არის?
– უმძიმესად. როგორც ექიმებმა თქვეს, ძვლები რამდენიმე ადგილას აქვს მოტეხილი და თავიც დაზიანებული აქვს, გონზე კი მოვიდა, მაგრამ ჯერ არ იცის, რომ ნანატრი შვილი აღარ ჰყავს.
ეთერ ერაძე, სპეციალურად საიტ ”კვირის პალიტრისთვის”