დეა გოშხეთელიანი: ”ყოფილმა ქმარმა მუშტებით მცემა… თოფიც აქვს და ავტომატიც” – რა მოხდა ქუთაისში

დეა გოშხეთელიანი: ”ყოფილმა ქმარმა მუშტებით მცემა... თოფიც აქვს და ავტომატიც” - რა მოხდა ქუთაისშიქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას ითხოვს.

ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მასაც და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა.

დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მის დაკავებას მოითხოვს.

დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ.

– სამი იარაღი აქვს – სანადირო თოფი, ეს პირადად მე მაქვს ნანახი. ქუთაისში, კარადაში აქვს შენახული და ერთი აქვს კიდევ ჩვეულებრივი ავტომატი. შევსწრებივარ ასეთ ფაქტს, რომ თავის მოკვლას ცდილობდა. ამ ავტომატითაც უცდია და სანადირო თოფითაც უცდია, ვითომ, თავის მოკვლა, ალბათ და რომ მოვიდეს ახლა და გუშინ თუ მუშტებით გამისწორდა, დღეს შეიძლება, ავტომატით გამისწორდეს, – განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

“პირველს” შსს-ში განაცხადეს, რომ ბრალდებული პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

“სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ. ბ, რომელმაც მის ყოფილ მეუღლე მ. გ-ს და ყოფილი მეუღლის მამას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გ. ბ-ს წარედგინა ბრალდება, რის შემდეგაც ქუთაისის პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გ. ბ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდეგ გ.ბ. გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.”- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.