სალომე ჭაჭუა: “გიჟი დედა ვიქნები”

სალომე ჭაჭუა: "გიჟი დედა ვიქნები"მოცეკვავე სალომე ჭაჭუა უკრაინელ მეწყვილესთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში ტურნირიდან ტურნირში მონაწილეობს და კარგი შედეგებიც აქვს. დღეს უკვე ახლოს არის თავის მიზანთან, რომ მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილს შორის მოხვდეს. თუ რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, ამის შესახებ ის “სარკეს” უყვება.

– სალომე, ამერიკულ საცეკვაო შოუში მიგიწვიეს. დათანხმდით?

– ვფიქრობ, არ წავიდე, რადგან იქ ცოტა დიდი ხნით მომიწევს დარჩენა – დაახლოებით 6 თვით. საქართველოს ამდენი ხნით დატოვება რთულია, მით უმეტეს, ჩემი სტუდია მაქვს და მოსწავლეებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. მე და ჩემი მეწყვილე აშშ-ში მივდივართ მოსამზადებლად, ანუ დავუბრუნდი ტურნირებს.

უკრაინელი პარტნიორი მყავს, ამიტომ რაღაც პერიოდი მიწევს უკრაინაში ჩასვლა და ჩამოსვლა. თვეში ორი კვირა იქით ვარ, დანარჩენი აქეთ. მწვრთნელებიც უკრაინელები მყავს და ისინი გვავარჯიშებენ. უკრაინაში დარჩენას არ ვაპირებ.

– თქვენს კარიერაში სხვა რა სიახლეებია?

– ფედერაცია შევიცვალე. “მსოფლიო ცეკვების საბჭოში” გადავედი, სადაც ცეკვავენ და არიან ის მწვრთნელები, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის მისაბაძები იყვნენ. პირველი ტურნირი ჰოლანდიაში მქონდა, ასევე გვქონდა სპორტული შეკრება.ბევრს ვვარჯიშობ იმისთვის, რომ ერთ-ერთი ძლიერი მოცეკვავე ვიყო. მგონი, ეს ჯანსაღი ამბიციაა.

– ქართული ტელეარხებიდან ისევ გაქვთ შეთავაზებები, რომ რომელიმე შოუში მიიღოთ მონაწილეობა?

– რომელიმე შოუ თუ იქნება დაკავშირებული ცეკვასთან და მონაწილეობას შემომთავაზებენ, დავთანხმდები. ერთადერთი შოუ, სადაც ვჩნდები ხოლმე, ეს არის “ცეკვავენ ვარსკვლავები” და, როგორც ვიცი, მისი დაწყება ჯერ არ იგეგმება.

– “ცეკვავენ ვარსკვლავები” საერთაშორისო პროექტია და ბევრ ქვეყანაში კეთდება. უცხოეთიდან გქონიათ შეთავაზება, რომ ამ შოუში ყოფილიყავით?

– იყო შემოთავაზება უკრაინიდან და არის კიდევ სხვა ქვეყნიდან, მაგრამ ჯერ მხოლოდ ტურნირებზე ვფიქრობ.

– ალბათ სირთულეები ახლავს თქვენს პროფესიას.

– მთავარი სირთულე ის არის, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გექმნება. შეიძლება კუნთი დაიზიანო ან მყესი დაგეჭიმოს, ყოველთვის ფეხების პრობლემები გვაქვს. ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია, ამის გამო ხშირად ცეკვას თავს ანებებენ კიდეც. ეს პროფესია დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

ხშირად ვიზიანებ ფეხს, რასაც მოვლა და აღდგენა სჭირდება, მე კი სულ დროის პრობლემა მაქვს. ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ დავისვენო. ხან რომელ ქვეყანაში ვარ, ხან რომელში. არადა ჩემს კუნთებს ხანდახან სჭირდება დასვენება და აღდგენა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?

– ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ოჯახში მოიაზრება დედა, და, ძმა, დისშვილი და ა.შ. მინდა, რომ ყველანი კარგად იყვნენ.

– რა ისწავლეთ ცხოვრებისგან?

– ადამიანმა შეიძლება ყოველთვის დაუშვას რაღაც შეცდომა, მაგრამ მთავარია, მიხვდეს ამას და გამოსწორების უნარი ჰქონდეს.

– თქვენ თუ დაგიშვიათ რაიმე შეცდომა და კონკრეტულად რის გამოსწორებას ეცდებოდით?

– კიდევ ერთხელ განვმარტავ: ჩემს ოჯახად მივიჩნევ დედას, ძმას, დას და დისშვილს. მათთან მიმართებაში, საბედნიეროდ, დიდი შეცდომა არ დამიშვია.

– წარმოდგენილი გაქვთ, როგორი დედა იქნებით?

– ვიქნები ერთ-ერთი გიჟი და შვილზე თან გადაყოლილი დედა.

თინათინ ოსმანოვა, ჟურნალი “სარკე”