ხაშურში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 9 წლის ლუკა ბარბაქაძეს, რომელიც სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა მამამ გარდაცვლილი ნახა, უამრავი ადამიანი დასტირის. ლუკას დედაც მძიმე მდგომარეობაშია, ის ხაშურიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.
ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია, თუმცა გარკვეული დეტალები უკვე გაირკვა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. თუმცა დავით ჩიქოვანი „კვირის პალიტრასთან“ დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი.
-ლუგარის ლაბორატორიაშია მასალა. დამირეკეს ლუგარის ლაბორატორიიდან და მითხრეს, რომ დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან სავარაუდოდ ამოითესა სალმონელა.
ეს საბოლოო დასკვნა არ არის, კიდევ გრძელდება კვლევები. როგორც იცით, ჩვენ დამატებით ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებულ საკვებიც გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, რადგან გვთხოვეს, ისიც გაგვეგზავნა, იმასაც შევამოწმებთო. იქაც მოხდება ამოღებულ საკვებზე ექსპერტიზის ჩატარება.
პარალელურად ვიცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე. სალმონელოზი ნაწლავური ინფექციაა, მაგრამ ასეთი სწრაფი სიკვდილი რომ გამოეწვია, ისეთი ბაქტერია არ არის. ამიტომ ახლა ვართ სრულ გაურკვევლობაში და ველოდებით სხვა კვლევების შედეგებს.
ბოტულიზმი გამოირიცხა, ქალის კუჭიდან ამოღებულ მასალაში ბოტულიზმი არ ამოითესა… პირველ ეტაპზე გამოჩნდა სალმონელა, მალე ალბათ მომაწვდიან საკვების ესპერტიზის შედეგებსაც. სალმონელა არ არის ისეთი ტოქსინი, რომ ეს მძიმე შედეგი გამოეწვია, ამიტომ უფრო მეტად ჩავვარდით საგონებელში…
რაც იყო სახლში საჭმელები, ალბათ ეს შეჭამეს. აჯაფსანდალი, შებოლილი ძეხვი არის კვერცხში შემწვარი და შესაძლოა კვერცხისგან იყოს გამოწვეული სალმონელა, იმიტომ, რომ ძირითადად კვერცხიდან ხდება სალმონელათი დაინფიცირება.
სახლიდან ამოღებულია შებოლილი ძეხვიც. სურსათის უვნებლობაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს კვლევებს… სალმონელა იწვევს ფაღარათს, სითხის დაკარგვას და ღებინებას. პრაქტიკაში არ ყოფილა, ასეთი უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც სხვა ტოქსინია, მაგრამ რა არის, ჯერ არ ვიცით. სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ბავშვის ცხედარს და ექსპერტიზის პასუხი თუ გაგვცემს პასუხს, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია. გვამის ექსპერტიზით სამხარაული დაადგენს მიზეზს. ახლა ამის მოლოდინში ვართ, – ამბობს ბატონი დავით ჩიქოვანი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
რა არის სალმონელა და რა სიმპტომები ახლავს სალმონელოზს? (განაგრძეთ კითხვა)