სალმონელოზური გასტროენტერიტის შედეგად, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურდ 100 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება – ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება. სალმონელოზის შემთხვევების ზრდა ბოლო წლებში განსაკუთრებით მეფრინველეობასა და კვების მრეწველობაში შეინიშნება.
რა არის სალმონელოზი?
სალმონელა არის ბაქტერიის ტიპი, რომელიც Enterobacteriaceae-ს ოჯახს მიეკუთვნება. ის არის უჯრედშიდა ბაქტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ორგანიზმის უჯრედშია.
სალმონელა გვხვდება როგორც გარეულ, ასევე ინკუბატორში გამოზრდილ ცხოველებსა და ფრინველებში. ინფექციის ყველაზე დიდი ეპიდემია 1980 წელს პოლონეთში დაფიქსირდა. მაშინ სალმონელოზით 700 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირდება.
ადამიანი სალმონელოზით საკვებისგან ან წყლისგან ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, დაავადების ძირითადი მიზეზია დაბინძურებული პროდუქტები (უმეტესად ცხოველური წარმოშობის). უფრო იშვიათია დაბინძურებული წყლით მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება ან ჰიგიენური წესების დარღვევით გამოწვეული სპორადიული შემთხვევები.
სალმონელოზის წყაროს დაავადებული ცხოველები და ზოგჯერ ადამიანები წარმოადგენენ (ცხოველებში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს). სალმონელოზის შემთხვევები დაფიქსირებულია რეპტილიებსა და ამფიბიებთან, გველებთან, კუებსა და ხვლიკებთან კონტაქტის შედეგადაც. ეს ინფექცია ძალიან ხშირად ჰოსპიტალიზებით სრულდება და ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებითვის.
დაავადების მძიმე და გართულებული ფორმა, პირველ რიგში, ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან 3 წლამდე ბავშვები, რადგან ამ დროს იმუნიტეტი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამავე კატეგორიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ამ დროს მნიშვნელოვანია ნაწლავური ფლორის მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმს პათოგენური ბაქტერიებისგან იცავს. დიზბაქტერიოზის შემთხვევაში სალმონელათი ინფიცირების ალბათობა ბევრად მაღალია.
რა სიმპტომები აქვს სალმონელოზს?
სალმონელოზის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციების გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 12-24 საათია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც 2-3 დღეს გრძელდება.
ინფექციები, რომლებსაც სალმონელა იწვევს, მწვავე გასტროენტერიტისა და დიარეის ფორმით ვლინდება. მათი განსხვავება სხვა ბაქტერიული დარღვევისგან საკმაოდ რთულია. დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შემდეგ ადამიანს ეწყება გულისრევა, ღებინება და ხშირი ფაღარათი. პაციენტს მუცელში სპაზმური ტკივილები ეწყება და ტემპერატურა 39 გრადუსამდე იწევს.
ჩვეულებისამებრ, სალმონელოზის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, რადგან მისი და საკვებით ინტოქსიკაციის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება ის აპენდიციტშიც აგერიოთ. დაავადება 3 დღიდან 2 კვირამდე გრძელდება.
მწვავე სალმონელოზის დროს დიარეა 3-7 დღეს გრძელდება, ტემპერატურა კი 72 საათში რეგულირდება. ინფექციის მწვავე ფორმა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მას შეუძლია ადამიანი ამ ბაქტერიის ქრონიკული მატარებელი გახადოს.
თუ ამ ინფექციის ერთი სიმპტომი მაინც გამოგივლინდათ ან სალმონელოზის არსებობის მინიმალური ეჭვი მაინც არსებობს, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ-ინფექციონისტს, რომელიც დიაგნოსტირების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ. ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკებიც ინიშნება.
სალმონელოზის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომების გავლის შემდეგაც კი ბაქტერიის ჩხირები ორგანიზმში რამდენიმე თვეს რჩება. ამ დროის განმავლობაში ის განავლის სახით გარეთ გამოიყოფა და ისეთივე ინფექციის წყაროა, როგორიც დაავადებული ცხოველის ექსკრემენტები.
როგორ დავიცვა თავი სალმონელოზისგან?
სალმონელოზის პრევენციისთვის აუცილებელია გაითვალისწინოთ ის წესები, რომლებიც პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვასა და საჭმლის მომზადების ადგილს ეხება:
– აუცილებლად დაიბანეთ ხელი ტუალეტის მოხმარების შემდეგ და კერძის მომზადების დაწყებამდე!
– დაიცავით სისუფთავე სამუშაო მაგიდის ზედაპირზე და სამზარეულოში! გაითვალისწინეთ, რომ ბაქტერიის დაბუდების ხელისშემწყობი ფაქტორია სველი ღრუბელი ან ხელსახოცი.
– ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ხელი აუცილებლად დაიბანეთ! ეს განსაკუთრებით ეხება ფრინველებს, რეპტილიებსა და შინაურ საქონელს. გულდასმით დაიბანეთ ხელი მას შემდეგ, რაც ბავშვს საფენს გამოუცვლით.
– აუცილებლად დაიბანეთ ხელი თევზის გასუფთავებისა და ხორცის დამუშავების შემდეგ!
არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების პროდუქტების მოხმარების წესების დაცვა:
– შეინახეთ პროდუქტები დაბალ ტემპერატურაზე;
– მაქსიმალურად შეზღუდეთ საკვების გაყინვისა და გალღობის სიხშირე;
– მაცივარში ცალკე შეინახეთ მზა კერძი, რათა ის კვერცხს ან უმ ხორცს არ შეეხოს;
– ყველა სახის პროდუქტისთვის უნდა გქონდეთ ცალკე დასამუშავებელი დაფა. ეს განსაკუთრებით თევზსა და ხორცს ეხება;
– სანამ მოიხმართ, აუცილებლად გარეცხეთ ბოსტნეული და ხილი;
– შეზღუდეთ არაპასტერიზებული რძისა და მისი პროდუქტების (არაჟანი, ხაჭო, კეფირი) მოხმარება;
– პირდაპირ ონკანიდან წყალი არ დალიოთ.
მართალია თუ არა, რომ ინფექციის წყარო კვერცხია?
სალმონელას შესახებ არაერთი მითი არსებობს. მათ შორის არის ის, რომ ინფექციის წყარო კვერცხია. სინამდვილეში კი ბაქტერიის მატარებელია ქათამი. ახალ კვერცხში კი სალმონელა არ არის. გარკვეული დროის შემდეგ (4 საათიდან 5 დღემდე) ბაქტერია ნაჭუჭში აღწევს და კვერცხს აინფიცირებს. ამიტომ კვერცხი მოხმარებამდე აუცილებლად საპნიანი წყლით უნდა გარეცხოთ.
ინფექციის წყარო მხოლოდ შინაური ქათამია?
ესეც მორიგი მითია და სიმართლეს არ შეესაბამება. ქათმების გარდა, სალმონელას მატერებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა და ღორი. ინფექციის რეზერვუარად მიიჩნევიან მღრღნელები, გარეული ფრინველები (მტრედები, ბეღურები, თოლიები), მოლუსკები, ლოკოკინები, ტარაკნები, ბუზები, ფუკტრები, ბაყაყები, კუები, თევზები და გველები.
სალმონელა მაცივარში კვდება?
არა.სალმონელას ბაქტერია ძალიან ამტანია. წყალში ის 5-6 თვეს ძლებს, ხორცსა და ძეხვში- 3-4 თვეს, საყინულეში კი – დაახლოებით ნახევარ წელს. გაყინული ქათმის ხორცში ბაქტერია წელიწადზე მეტხანს ნარჩუნდება. დაბალი ტემპერატურა სალმონელას კონსერვაციის საშუალებას აძლევს და მას სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს.
შემწვარი კვერცხით სალმონელოზი არ გადადის?
თერმული დამუშავების დროს ბაქტერია იღუპება. თუმცა შემწვარი კვერცხის მშვიდად მირთმევა მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუ მისი ორივე მხარე შებრაწეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს კერძი უმი კვერცხივით სახიფათოა.
საკმარისია თუ არა, რომ დანა, რომლითაც უმი ხორცი დაიჭრა, მხოლოდ ცივი წყლით გაირეცხოს?
არა. ამ შემთხვევაში სალმონელოზით ინფიცირება ძალიან მარტივია, რადგან უმ ხორცში, შესაძლოა, ბაქტერიები იყოს. სწორედ ამიტომ, ხორცის დასამუშავებლად გამოყენებული დანისა და დაფის ცივი წყლით გარეცხვა საკმარისი არ არის. ბაქტერიის უვნებელსაყოფად საჭიროა სამზარეულის ინვენტარის მდუღარე წყლით გარეცხვა. ამ შემთხვევაში ოპტიმალურია, რომ ხორცისთვის ცალკე დანა და დასამუშავებელი დაფა გქონდეთ.
იმედინიუსი