„სარკე“
4 წლის წინ ბებიას მისმა ძმისშვილმა დაბადების დღეზე ძაღლი აჩუქა. მანამდე ბებო ძაღლებს ვერ იტანდა, მაგრამ ჩვენი ცუგა ისე შეუყვარდა, ახლა შვილივით ჰყავს. მამაჩემსა და ბებიაჩემის ძმისშვილს შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ერთხელ იმ კაცმა მამას უთხრა, ჩასიძებულ კაცს ზედმეტად ბევრი პრეტენზია გაქვსო. მას შემდეგ მამა ჩვენს ნათესავზე სულ დაბოღმილია. ის ძაღლიც შეიძულა, რადგან მისი მოყვანილი იყო.
ბებია, 4 წელია, მუდმივად ძაღლის დაცვაშია, რადგან მამაჩემი სულ ერჩის. ბებო თვალს არ აშორებს, რომ რამე არ დაუშავოს. ერთხელ ინფორმაცია რომ გავრცელდა, შვილმა მამას ძაღლი გადაუგდო მერვე სართულიდანო, მამამ დაიქადნა, ამ ძაღლსაც იგივე ბედი ელისო. ბებო დაემუქრა, ერთი ბეწვიც კი რომ ჩამოუვარდეს, ციხეში ჩაგსვამო.
16 წლის გოგო ვარ და უკვე აუტანელია ამ გარემოში ცხოვრება. აღარ შემიძლია მამისა და ბებიის დაპირისპირების ყურება. იმისიც მეშინია, მამამ დანაქადები რომ შეასრულოს და რამე დაუშავოს ძაღლს, რომელიც უზომოდ მიყვარს. ეს რომ გააკეთოს, არც მე ვაპატიებ. მამა ამბობს, ცხოველის გამო ყველა მე გადამემტერეთო.
დედას ეჩხუბება, შვილები მტრებად გამიზარდეო.ამას წინათ მამასთან მეც ჩხუბი მომივიდა. დედამ ტირილი დაიწყო, ჩემი ხათრი არავის გაქვთ, ყველა ცდილობთ, გული მატკინოთ, არაფრად მაგდებთო. ძალიან შემეცოდა, მაგრამ რა გამოსავალი გვაქვს? ხომ შეიძლება, მამა ან ძაღლთან ერთად ცხოვრებას შეეგუოს, ან ბებოს სახლიდან წავიდეს? თუ ვერ იტანს სიდედრს, მაშინ ცალკე უნდა გადავიდეს, ასე არ არის?
ერთხელ ჩემი თვალით დავინახე, მამამ ძაღლს წიხლი როგორ ამოარტყა. ბებო მეზობელთან იყო გასული. რომ მოვიდა, ძაღლი მის საწოლთან გაუნძრევლად იწვა. ორი დღე საჭმელს არ ჭამდა, ისე ცუდად იყო. ბებოს ახლაც ჰგონია, რომ მაშინ მოიწამლა, მაგრამ ასე არ არის, ცემისგან იყო ცუდად.
ბევრი ბებიაჩემს ამტყუნებს, რა გინდა შენს სიძესთან, არ სვამს, ნარკომანი არ არის, ოჯახს არჩენსო, მაგრამ მამაჩემის სიმხეცეს გამართლება არ აქვს!
„სარკის“ ერთგული მკითხველი