საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთთან წლის პირველი მატჩებისთვის პირველად გამოიძახა ოდესის “ჩერნომორეცისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე. ის ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნევა.
მაღალი (193 სმ) მცველი ფეხბურთელის ოჯახში გაიზარდა. მამა, ზაზა ლაცაბიძე, ასევე ცენტრალური მცველი იყო და ხაშურის „ივერიასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. გარკვეული პერიოდი პოლონურ კლუბშიც იყო და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ლუკა 2004 წლის 18 მარტს, ხაშურში დაიბადა და ვარჯიში ადგილობრივი „ივერიის“ საფეხბურთო ჯგუფში 7 წლის ასაკში დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი „დინამო თბილისის“ აკადემიაში მიიწვიეს, სადაც მცირე ასაკშივე გაუფორმეს კონტრაქტი.
2024 წლის 4 თებერვალს, უკრაინის პრემიერლიგის ჩემპიონმა, დონეცკის „შახტარმა“, ლაცაბიძესთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, თუმცა ოფიციალური შეხვედრები არ ჩაუტარებია და ზაფხულში ერთწლიანი იჯარით ოდესის “ჩერნომორეცში“ გადავიდა, სადაც დღემდე გამოდის და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.
ამბები.ჯი