„თიანეთში ქმარმა ცოლს ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა“ – 24 წლის გალინა ნოზაძე სიცოცხლისთვის იბრძვის

„თიანეთში ქმარმა ცოლს ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა“ - 24 წლის გალინა ნოზაძე სიცოცხლისთვის იბრძვისსამი მცირეწლოვანი შვილის დედა, 24 წლის გალინა ნოზაძე ქმრის მსხვერპლი გახდა.  თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლს სამი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. მაშველებმა  ცეცხლმოკიდებული ქალი სიკვდილისგან იხსნეს. უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ 24 წლის გალინა ნოზაძე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ახალგაზრდა ქალს სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი, თემურ ყარალაშვილი, სამართალდამცავებმა დააკავეს.

-თურმე იწვა ეს გოგო, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი და მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო და სამი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას. უფროსი შვილი 5 წლის არის, მეორე სამი წლის და პატარა წლინახევრის. როგორც ვიცი, თემურის დედამ დარეკა 112-ში და გამოიძახეს მაშველები, სახანძრო, პოლიცია, სასწრაფო, ყველა მოვიდა მალე, ცეცხლმოკიდებული ქალი დახვდათ, ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ სულ დამწვარია გოგო. უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თბილისშია წაყვანილი. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ამბობენ, სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვსო. ფილტვებიც დაზიანებული აქვს,- ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ადგილობრივი.

„კვირის პალიტრა“, ავტორი თეა ხურცილავა