ლეილა აბაშიძე: „ჩემი ქმარი ღირსეული პიროვნება იყო, მეც და ისიც მთელი ცხოვრება ვნანობდით გაშორებას“

ლეილა აბაშიძე: „ჩემი ქმარი ღირსეული პიროვნება იყო, მეც და ისიც მთელი ცხოვრება ვნანობდით გაშორებას“„სარკე“

ქართული კინოს ვარსკვლავის, ლეილა აბაშიძის ქმარი ცნობილი ექიმი გახლდათ – ბიჭიკო დანელია. მათ ერთი შვილი, რამაზი ეყოლათ. ლეილა აბაშიძე და რამაზ დანელია პირადზე „სარკეს“ უყვებოდნენ.

ლეილა აბაშიძე:

_ ჩემი მეუღლე ღირსეული პიროვნება იყო, უდიდესი მეცნიერი გახლდათ. დასავლეთიდან მან შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში ჯაზი. როცა ვიქორწინეთ, მე 20 წლის ვიყავი, ბიჭიკო _ 29 წლის. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება ვერ გავატარეთ ერთად. რამაზის უმაღლესში მოხვედრის წინ ერთმანეთს გავშორდით. მას უნდოდა, ჩვენი შვილი ექიმი გამოსულიყო. რამაზი კი ფიზიკაში და ქიმიაში ჩაიჭრა და საბუთები უცხო ენების ინსტიტუტში შევიტანეთ. ამ ნიადაგზე მოგვივიდა უსიამოვნება და ერთმანეთს გავშორდით. ამას მთელი ცხოვრება ისიც ნანობდა და მეც, _ ყვებოდა ლეილა აბაშიძე „სარკესთან“.

რამაზ დანელია კი „სარკის“ მკითხველს მშობლებმზე უამბობდა:

-მამაჩემი პირველი გიტარისტი იყო. ოთარ რამიშვილს მან ასწავლა გიტარაზე დაკვრა. ბიძაჩემი აკორდეონზე უკრავდა. მამა 2 წლის წინ გარდაიცვალა. ბოლომდე აქტიური და მუსიკაზე შეყვარებული იყო. აკადემიკოსი გახლდათ, 28 ენა იცოდა, მე კი 2 ენა ძლივს ვიცი. მაგრად ხატავდა, ზიჩზე კარგადაც. დისერტაცია მოსკოვში 4 ენაზე დაიცვა _ ფრანგულად, რუსულად, გერმანულად და იტალიურად. ექიმი-პათანატომი იყო და, რასაც მიკროსკოპში ხედავდა, იმას ხატავდა.

ჩვენ კარგი მამაშვილობა გვქონდა. როცა ჩემი მშობლები გაშორდნენ, მამას ხშირად ვაკითხავდი ლაბორატორიაში. ჩემი შვილი, გიორგი, ძალიან უყვარდა, ხშირად უხატავდა რაღაცებს…

დედას ყოველთვის დავყავდი გადაღებებზე, ამიტომ შემიყვარდა ბუნება, ნადირობა, თევზაობა. როცა ფილმ „მაია წყნეთელს” იღებდნენ, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ცხენით ვჯირითობდი. ფილმს „შეხვედრა მთაში” რომ იღებდნენ, იმ დროს უკვე პროფესიონალი მოჯირითე გახლდით. ცხენი ძალიან მიყვარს.

დედა ყოველთვის მეოჯახე იყო, ყოველთვის ყველაფერში მიგებდა. კარგი დიასახლისიც იყო, არაჩვეულებრივ ხაჭაპურებს აცხობდა.

ლეილა აბაშიძე:

_ ყველა ქალის ვალია, იყოს დედა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პრიორიტეტად დედობა მქონდა. რამაზის გარეშე ერთი ფილმის გადაღებაზეც კი არ წავსულვარ, სულ ჩემ გვერდით იყო. ყველა მსახიობს იცნობდა. უცნაური დედაშვილობა გვაქვს, მე ვცხოვრობ მისი ინტერესებით, ის კი _ ჩემით. რამაზი ჩემთვის ერთადერთია და მისთვისაც მე ერთადერთი ვარ. რამაზი ისე გავზარდე, მასთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მუდამ მისი გულშემატკივარი ვიყავი და პირიქით, ის _ ჩემი.

რთული პროფესია მქონდა, ოჯახის და საქმის შეთავსება ძნელი იყო. ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. სამაგიეროდ, მყავს ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟი.