„სარკე“
სკოლის დამთავრება კარზე მომადგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დღეებს ვითვლი იმ დრომდე, როცა სკოლას ახლოსაც კი არ მივუახლოვდები. არც კლასელების ნახვა მინდა, რომლებმაც გული უზომოდ მატკინეს. არ ველოდი, ასე თუ გამწირავდნენ.
მოგეხსენებათ, სკოლის დამთავრებას რამდენი რამე სჭირდება. ჩემი კლასელები მთელი წელი გეგმავდნენ ბოლო ზარს, ბანკეტს და კიდევ ათას რამეს. როცა მეცალა, მეც ვმონაწილეობდი დაგეგმვაში, მაგრამ ძირითადად ჩემ გარეშე აკეთებდნენ.
საქმე ის არის, ისეთ ფაკულტეტზე ვაბარებ, 100-პროცენტიან გრანტს თუ არ ავიღებ, ჩემი მშობლები ფულს ვერ გადამიხდიან და უნივერსიტეტის გარეშე დავრჩები. ამიტომაც ორი წელია, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ. ღამეებსაც კი ვათენებ, როცა რაღაც მაქვს მოსასწრები. ახლა ამაზე მეტი სხვა სადარდელი და საფიქრალი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობდი, კლასელებს რაღაცების დაგეგმვაში დავხმარებოდი. როცა სადმე იყვნენ მისასვლელები, მეც მივყვებოდი. ასე იმიტომ ვიქცეოდი, მერე არ ეთქვათ, შენ ყველაფერი მზამზარეული გინდაო.
ახლა ვნანობ ყოველ წუთს, რაც მათთვის დავხარჯე. ჯობდა, ახლოს არ გავკარებოდი და თავიდანვე ყველაფერზე მეთქვა უარი. ჩემი და კლასელების კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თქვეს, რომ კლასის დამრიგებლისთვის საკმაოდ ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი და საყურეები უნდა ეყიდათ. ძალიან მშვიდად ვუთხარი, რომ შეგვეძლო, ცოტა ნაკლებფასიანი საჩუქარი აგვერჩია, რადგან ისედაც ბევრი ხარჯი გვქონდა. რამდენიმე კლასელმა და მათმა მშობლებმა დაიჟინეს, რომ დამრიგებლისთვის პატივი უნდა გვეცა და მეც გავჩუმდი. დედაჩემმაც მითხრა, ხმა არ ამოიღო, გავიჭირვებთ და ყველაფერს გადავიხდიო. მეც გავჩუმდი, მონაწილეობა აღარაფერში მიმიღია.
კლასელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ჩაიფიქრეს და მე ხელი არაფერში შემიშლია. დამრიგებელსაც უყიდეს საჩუქარი და, ჩემდა გასაკვირად, ამას კუდებიც მოაყოლეს. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ, როგორც ვხვდები, ისეთი ძვირადღირებული სამკაული ვერ უყიდეს, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ და ყველაფერი მე გადმომაბრალეს, თითქოსდა მე წავედი წინააღმდეგი, რომ მასწავლებლისთვის კარგი საჩუქარი გვეყიდა.
ეს ყველაფერი მაშინ გავიგე, როცა მასწავლებელმა კლასში დიდი ყვირილი ატეხა. არაადეკვატური სახით შემოვარდა და აკივლდა, თქვენი მათხოვარი ვინ არის, ვინ გგონივართ, რომ თქვენს საჩუქარს ვარ დახარბებული, არაფერი მომცეთ, თორემ თავზე გადაგატეხავთო. მერე მე მომმვარდა, მერხთან მუშტების ბრაგუნი დამიწყო, თან ყვიროდა, დამშვიდდი, ქალბატონო, შენი არაფერი მჭირდებაო. გამოვშტერდი. ვკითხე, მე რა შუაში ვარ, რატომ მეჩხუბებით-მეთქი და ტუჩებზე ამაფარა ხელი, ახლა ეგ ტუჩები მოკუმე, ხმა არ ამოიღო, თორემ მე ვიცი, რასაც გიზამო.
ისე დავიშოკე, ხმა ჩამივარდა, მარტო ვკანკალებდი. ჩემი კლასელები გაიტრუნენ. იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, რატომ ეჩხუბებით, როცა არაფერი დაუშავებიაო, თავები ჩაღუნეს. მხოლოდ ქართულის მასწავლებელმა დამიცვა. იმ დროს ის ატარებდა გაკვეთილს. ჩვენს დამრიგებელს ხელი მოჰკიდა და კლასიდან გაიყვანა. მერე კი ბავშვებს უთხრა, რომ მეტი დაფიქრება და მეტი თანაგრძნობა მართებდათ ერთმანეთის მიმართ.
ეს ამბავი ასე ვერ ჩაივლიდა, ბევრი გაგრძელება მოჰყვა, მათ შორის – მშობლების მხრიდანაც. ის დაიხვიეს საბაბად, რომ მე მთელი წელი არცთუ კარგი ურთიერთობა მქონდა დამრიგებელთან. მასწავლებლებთან რადგან ვემზადები, ზოგჯერ გაკვეთილების გაცდენა მიწევდა და ამის გამო მუდმივად მეჩხუბებოდა, მემუქრებოდა, რომ ატესტატს არ მომცემდა.
პანდემია როცა იყო და ონლაინ ვსწავლობდით, სულ სამაგალითოდ ვყავდი, რომ ჩემ გარდა ასე პუნქტუალურად არავინ ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს. ყველა მოსწავლეს იმას ეუბნებოდა, რომ ჩემთვის მოებაძათ. მერე, როცა მე დამჭირდა, ერთხელაც არ გამიწია შეღავათი და ყველასგან გამორჩეულად მკაცრად მექცეოდა.
მისი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ეს არ ყოფილა იმის თქმის მიზეზი, ცოტა ნაკლებფასიანი საჩუქარი ვუყიდოთ-მეთქი. ქართულის მასწავლებელი ძალიან მიყვარს და მასზეც რომ ეთქვათ, ძვირადღირებული სამკაული ვუყიდოთო, იმავეს ვიტყოდი, რადგან მართლა ზედმეტობად მიმაჩნია ასეთი მეტიჩრობა და მშობლების ასე გაძარცვა.
ახლა მინდა, ჩემს დამრიგებელს აქედან მივმართო, რომ, დიახ, ჩემგან არც მადლობის ღირსი ხართ და არც საჩუქრის! ჩემთვის არაფერი გაგიკეთებიათ ისეთი, ეს ყველაფერი რომ დაგემსახურებინათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მე თქვენ წინააღმდეგ არაფერი მითქვამს. კლასელებისთვის წინააღმდეგობა არაფერში გამიწევია. ის, რაც თქვეს, მხოლოდ ჭორია და მათ სინდისზეა, ვინც თქვენ ენა მოგიტანეთ.
არასოდეს დამავიწყდება, რაც თქვენ და კლასელებმა გამიკეთეთ. ისეთი ტრავმა მომაყენეთ ეროვნული გამოცდების წინ, ამის პატიება გამიჭირდება. რაც ამ ორ წელში ვისწავლე, თითქოს თავიდან გამომიფრინდა, ვეღარაფერზე ვფიქრობ. იმედია, ეს სტრესის ბრალია და გამოცდების წინ გადამივლის. უსამართლოდ მომექეცით! ვიცი, ამას ხვდებით, მაგრამ თქვენგან არც ბოდიში მჭირდება და არც არაფერი! მინდა, სამუდამოდ დავივიწყო, რომ ოდესღაც თქვენ გვერდით ვიყავი.
„სარკის” ერთგული მკითხველი