„სარკე“, ირმა გოგინაძე
ქალს კაბიანი ეშმაკი შეარქვეს და მისი ისტორიები უამრავ დეტექტიურ ფილმს, რომანსა თუ პიესას დაედო საფუძვლად. ვირტუოზ ქურდ ქალ სოფია ბლუვშტეინს (სონკა) კრიმინალური სამყაროს დედოფალსა და მსოფლიო კრიმინალის ვარსკვლავსაც უწოდებდნენ. ამბობენ, რომ ქურდები დღესაც დადიან მის საფლავზე, მონეტებსა და ყვავილებს მიართმევენ და სთხოვენ, მათ დიდი ფული აშოვნინოს.
სოფია ბლუვშტეინი საკმაოდ მსხვილი ქურდობების ორგანიზატორი იყო, რომლებიც შესანიშნავი თეატრალური დადგმებით გამოირჩეოდა. ოქროსხელება სონკას სახელით ისტორიაში შესული ქალი ოდესელ განგსტერთა ერთ-ერთი მეთაური გახლდათ.
სოფია ვარშავაში, ღარიბ ებრაულ ოჯახში დაიბადა. ბრწყინვალე გარეგნობა და დახვეწილი მანერები ჰქონდა, საკმაოდ კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულ და გერმანულ ენებზე. შესანიშნავად იცოდა მაღალ საზოგადოებაში მოქცევის ეტიკეტი. არისტოკრატებსაც კი არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ მათ წინაშე ბარონესა, ვიკონტესა ან გრაფინია იდგა. ამის წყალობით, ის სამჯერ გათხოვდა და არაერთხელ გაასაღა თავი არისტოკრატად.
სონკა საკმაოდ მალე დამკვიდრდა ოდესის კრიმინალურ სამყაროში. მის მიერ შექმნილი ბანდა თავს ესხმოდა ბანკებს, მდიდრულ რესტორნებს, საიუველირო მაღაზიებს. ოქროსხელება სონკა ამის შესახებ ამბობდა: “ჩვენ მასშტაბურად ვმუშაობთ, წვრილმანი საქმეები არ გვაინტერესებს”.
სონკა არამარტო გეგმავდა ძარცვას, არამედ პირადადაც მონაწილეობდა მათში. მას ძალიან უყვარდა ოქროულობა და ორივე ხელის თითებზე უხვად ეკეთა ოქროს ბეჭდები. “ნამდვილი ოქროსხელება ხარ”, – ეხუმრებოდნენ მეგობრები. აქედან დაიბადა მისი მეტსახელიც.
სონკას სცენად ოდესის საიუველირო მაღაზიები იქცა, სადაც ნამდვილი სპექტაკლები თამაშდებოდა – მდიდრულად ჩაცმული სონკა ეჭვს არ იწვევდა. ეგონათ, შეძლებული ქალი თავისთვის არჩევდა ბრილიანტებით ან ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ბეჭდებს. გამყიდველები ცდილობდნენ, ესიამოვნებინათ მისთვის და “პატივცემულ” სტუმარს უძვირფასეს, საუკეთესო სამკაულებს სთავაზობდნენ. სწორედ ამ დროს შედიოდნენ “სცენაზე” სონკას პერსონაჟები, რომლებიც გამყიდველების ყურადღებას იპყრობდნენ, ამ დროს კი ქალს უკვე საიმედოდ ჰქონდა ძვირფასი ქვები დამალული, უფრო დიდ სამკაულებს კი ელვის სისწრაფით ცვლიდა მათი ყალბით.
სოფიას ერთი საყვარელი ქურდობის ხერხიც ჰქონდა, სახელწოდებით “გუტენ მორგენ”. დილაადრიან სასტუმროს ოთახებში შედიოდა და სანამ იქ მყოფ სტუმრებს ტკბილად ეძინათ, მათ ქურდავდა. ჩუმად მოქმედებდა, ამიტომ ყოველთვის დაბალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა. თუ რომელიმე სტუმარი გაიღვიძებდა, სონკა წამოწითლდებოდა, “გუტენ მორგენ” მოუბოდიშებდა და ეტყოდა, რომ ოთახი შეეშალა, ან თბილად გაუღიმებდა და ლოგინზე ჩამოუჯდებოდა.
კარგახანს სონკა და მისი ბანდა მოუხელთებელნი იყვნენ, ბოლოს კი პოლიციამ მათ კვალს მიაგნო. ზოგიერთები წინააღმდეგობის გაწევისას ჩაცხრილეს, ზოგნიც – შეიპყრეს და სწორედ მათ შორის იყო ბლუვშტეინიც.
სონკას თავი კატორღაში უკრეს კუნძულ სახალინზე. როდესაც იქ ცნობილი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი ჩავიდა, საგანგებოდ დაინტერესდა ოქროსხელებათი, ვისი პორტრეტებითაც აჭრელებული იყო გაზეთები. “საოცარია, ეს ქალი ბანდიტს კი არა, არისტოკრატს ჰგავს”, – უთქვამს მის დანახვაზე ჩეხოვს.
მალე სონკა კატორღიდან გაიქცა, მაგრამ მაშინვე შეიპყრეს და ბორკილდადებული დააბრუნეს. ქალმა იხტიბარი არ გაიტეხა და შეუძლებელი შეძლო – ზედამხედველი მოხიბლა და დაითანხმა, გაქცევაში დახმარებოდა. ისინი მართლაც გაიქცნენ. მათი შეპყრობა გაჭირდა, მაგრამ მოხერხდა. დაპატიმრებულმა ზედამხედველმა კატორღის მძიმე პირობები ვერ აიტანა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
რაც შეეხება სონკას, მართლაც გულწრფელად დაიტირა შეყვარებული, შემდეგ კი მართლმადიდებლად მონათვლის სურვილი გამოთქვა და მოინათლა კიდეც. ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავ გაქცევისთვის ემზადებოდა. შეარჩია მოხერხებული დრო და…
ამჯერად ქალის შეპყრობა ვეღარ მოხერხდა. მან მოსკოვამდე ჩააღწია და მალე ახალი ბანდა შექმნა. ოქროსხელება სონკას “თეატრალიზებული დადგმები” კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა, შემდეგ კი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ოქროსხელება გაქრა.
ზოგი ისტორიკოსის ცნობით, სონკა პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. მეორენი ამტკიცებენ, რომ ოქროსხელება ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. იმასაც ამბობენ, სონკა ახალგაზრდა ალფონსმა დაღუპაო, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვდა მისგან.
ცნობილი ქურდის სიცოცხლის ბოლო წლებსა და სიკვდილზე არაფერია ცნობილი. იმასაც ამტკიცებდნენ, გრიპის გართულებით გარდაიცვალა სახალინზეო, სხვები ამბობდნენ, ოდესაში გაატარა სიცოცხლის ბოლო წლებიო, მავანნი კი ფიქრობენ, რომ მოსკოვში ცხოვრობდა პატარა თეატრის მსახიობების ქალიშვილებთან ერთად და სწორედ იქ მოკვდა.
სოფია ბლუვშტეინი ვაგანკოვსკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მან ბევრი უპასუხო კითხვა დატოვა და ალბათ სწორედ ამიტომაა მისი ცხოვრება ხალხისთვის დღემდე საინტერესო.
მოამზადა
ირმა გოგინაძემ