საქართველოს შეწირული გმირების მეუღლე და დედა გარდაიცვალა – მარინა გზირიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას მარიამ ჩხეიძე ავრცელებს.
„ჩემი საყვარელი მარინა დეიდა გარდაიცვალა… ჩემი გამორჩეულად საყვარელი მარინა დეიდა… თუ მკითხავთ, ვის მივიჩნევ ჩვენი დროის გმირ ქალად, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ეს მარინა გზირიშვილია… მისი მეუღლე საქართველოს გმირი, ბადრი გზირიშვილი გმირულად დაეცა აფხაზეთში… ბოლოს ტელევიზიით ნახა, სადაც მეუღლეს მიმართა ბადრი გზირიშვილმა: „აბა შენ იცი, მარინა, როგორ შვილებს გამიზრდი, თუ ვერ დავბრუნდი. მაგარი ქალი ხარ შენ.”
ორი პატარა ბავშვით დარჩა მარინა დეიდა. პირობაც შეასრულა – „ბადრის ბოლო თხოვნა იყო, დედი და როგორ იქნებოდა შეუსრულებლობა?” – ასეთი პასუხი გამცა წლების წინ…
მარტომ გაზარდა ორივე შვილი, ნათია, ვახო. ვახომ მამის გზა გააგრძელა… დადგა 2008 წლის აგვისტოც. 20 წლის ვახო გზირიშვილი ერთ – ერთი პირველი წავიდა ფრონტის წინა ხაზზე. გმირულად დაეცა აგვისტოს ომში საქართველოს ერთ – ერთი ყველაზე ღირსეული, ასაკით ერთ – ერთი ყველაზე პატარა და უდიდესი ადამიანი, 20 წლის ვახტანგ გზირიშვილი.
რა ჯოჯოხეთი გაიარა ერთმა ადამიანმა, მარინა გზირიშვილმა, მაგაზე საუბარს აღარ დავიწყებ. ეს ის ტკივილია, რასაც ვერასდროს გადმოსცემს ადამიანი. ჩვენი საუბარი ბოლოს ასე დასრულდა
– მარინა დეიდა. გმირი ქალი ხართ. მადლობა გმირებისთვის.
– მარი, შვილო, მადლობა შენ, რომ გახსოვს და ისტორიას არ ივიწყებ… არ ვიცი, მე მოვესწრები თუ არა, მაგრამ რუსეთი დაინგრევა! აუცილებლად დაინგრევა! ვეღარ გაუძლებს, შვილო, ამდენ ცოდვას და ეგ ცოდვა დაანგრევს მაგათ!
ყოველთვის სწორი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა მარინა დეიდა. ყოველთვის ახალგაზრდების გვერდით იდგა. ” მე ახლა ვახოს ხმა ვარ, რომელსაც ვიცი, რა პოზიციაც ექნებოდა.”
აუცილებლად დაინგრევა ბოროტების იმპერია! ეს მარინა დეიდას ბოლო სურვილი იყო. მარინა გზირიშვილოს ბოლო სურვილი… იმ ქალის ბოლო სურვილი, რომელსაც ბოროტების იმპერიამ ცხოვრება გაუმწარა. მშვიდად განისვენეთ, მარინა დეიდა. არავინ და არაფერი იქნება დავიწყებული. ბოროტების იმპერია დაეცემა“, – წერს მარიამ ჩხეიძე.