სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანისა და გიორგი გვიჩიანის ახლობლები ითხოვენ, რომ სასწრაფოდ სითბური დრონებით დაიწყონ ძებნა და გამოიყენონ სამაშველო ვერტმფრენები. მათ მხოლოდ პური და ხილი აქვთ წაღებული და უკვე რამდენიმე დღეა გაუჩინარებულები არიან.
დაკარგულების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს:
„2700 მეგობარი მყავს აქ და ყველას დახმარება მჭირდება სასწრაფოდ. გთხოვთ, თუნდაც უბრალოდ გაკითხვით ინფორმაციის გადაცემით. მჭირდება ადამიანები დრონებით მოხალისე თუ დაქირავებული, იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ ან იცოდეთ, რომ აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ, სანამ იმედი კიდევ არის …
5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნენ ლენტეხში ზემო სვანეთიდან. ანუ ბოლო კონტაქტიდან ორი დღეა გასული და არის იმედები, რომ ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ, დაგვეხმარეთ ძებნაში“.
უწყების ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ჩართვა ცუდი ხილვადობის გამო ვერ მოხერხდა. დაკარგულების ახლობლების თქმით, სვანეთში დღეს ნისლი არ ყოფილა.
„თავს ვიკავებდით ამ პოსტისგან – ისევ ახლობლების განერვიულება არ გვინდოდა, მაგრამ… მეხუთე დღეა, ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში! მეხუთე დღეა, უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა. რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?! რით ვერ დაიწყო შესაფერისი ძებნა აქამდე?! ხუთი დღეა გასული და რა ვერტმფრენის ასაფრენად საჭირო ბიუროკრატიაზე და საბუთების მზადებაზეა საუბარი. ან რა ნისლია მაინცდამაინც იმ ტყის თავზე ასეთი, როცა მთელი სვანეთი უღრუბლოდაა?
ვურეკავ ბრიგადასთან ერთად საძებრად წასულ ჩემს ძმას და მიდასტურებს, რომ მთის იმ მხარეს, სადაც თვითონაა, არანაირი ნისლი არაა! ჩალითაც არ ვართ გადახურულები?! ჩასაფრებულის პოზიციიდან მართლაარ ვწერთ (ან სად გვაქვს ამისი თავი). სამწუხაროდ, უძლურის და შეშინებულის პოზიციიდან ვწერთ და ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დროულ და ადეკვატურ რეაგირებას”, – წერს გვიჩიანის ახლობელი, ანა წერედიანი.