თეკლა ჭელიძემ, რომელიც თავისი ოცნების საქმეს, მედიცინას ეუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ქართველი ემიგრანტები დაპატიჟა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ამ მნიშვნელოვან დღეს ის მარტო არ დატოვეს და ქართული დროშებით მივიდნენ საგულშემატკივროდ. თეკლას მშობლები, ოჯახის წევრები ამ დღეს მის გვერდით არ იყვნენ, მაგრამ საქართველო იქ იყო. „შენი ქართველები შენთან ვართ“ – ამბობდნენ იქ მისული ქართველები.
-ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და გულშემატკუვრებს მინდა, მივმართო: ახლა ამ მოედანზე ქართული რომ ისმის, ეს არა მარტო ჩემი, თქვენი დამსახურებაც არის. მიყვარხართ და მენატრებით. და, რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს, – თქვა გამოსვლის დასასრულს თეკლა ჭელიძემ.
„რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ჯგუფში პოსტს გადავაწყდი, სადაც ჩემთვის უცნობი გოგონა შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებდა: მეგობრებო, რას აკეთებთ 15 მაისს? გეპატიჟებით ჩემი უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე. ამდენი სტუდენტიდან მხოლოდ ერთადერთი ქართველი მე ვიქნები Valedictorian და ძალიან გამიხარდება, ვინმე ქართველი თუ მაინც გაიგებს ჩემი სფიჩიდან რამდენიმე ქართულ ენაზე წარმოთქმულ წინადადებას. არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი არ მყავს აქეთ. მე მარტო ვიქნები“. ჩვენ მას დავპირდით, რომ მარტო არ დავტოვებდით. დღეს ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვიყავით. თეკლა, შენი ხმა არა მხოლოდ ჩვენ, ძალიან ბევრმა გაიგო. მარტო არასოდეს იქნები. გვეამაყები და გვეამაყება თითოეული ქართველი. მადლობა შენს მშობლებს, პირველ რიგში და მადლობა შენ. ჩვენ აქ ვართ“, – დაწერა ამერიკაში მცხოვრებმა მზია წულუკიძემ და ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა.
