ნინო გაჩეჩილაძე: „რუსული კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების დასაცავად“

ნინო გაჩეჩილაძე: „რუსული კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების დასაცავად“მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის მიღება 9 აპრილს დაღუპული ადამიანების და იმ გმირების შეურაცხყოფაა, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

„მეგობრებო! ალბათ ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხვდებოდეს, საიდან მოდის ამ ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების იდეა, ან თუ გინდ ბრძანება. ამ კანონის მიღების იდეა მოდის რუსეთიდან, რადგან რუსეთს არ სურს ჩვენი ევროპასთან შეერთება და ცდილობს, მაქსიმალურად დაგვაშოროს მას.

მე ვფიქრობ, რომ რუსული კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც 9 აპრილს დაიღუპა, ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაიღუპა, ვინც 2008 წლის ომში დაიღუპა და ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. მე ღრმად მწამს, რომ არც ერთ პროგრესულად მოაზროვნე ქართველს არ სურს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და ყველა ჩვენგანს სურს ნათელი, ევროპული მომავალი. ამიტომ ყველამ ერთად ვუთხრათ კი – ევროპას და არა რუსულ კანონს! კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს ნინო გაჩეჩილაძე ,,ინსტაგრამზე“.