„იმ დღეს „გარდავიცვალე” და რამდენიმე დღეში სრულიად სხვა პიროვნებამ გავიღვიძე“ – ჯანმრთელობისა და სილამაზის რეცეპტები თეა ჯაფარიძისგან

„იმ დღეს „გარდავიცვალე” და რამდენიმე დღეში სრულიად სხვა პიროვნებამ გავიღვიძე“ - ჯანმრთელობისა და სილამაზის რეცეპტები თეა ჯაფარიძისგან„სარკე“, ირინე მჭედლიძე

,,ერთ დღეს ტელევიზორს ვუყურებდი და დამეწყო პანიკური შიშები. ამ დროს გგონია, რომ კვდები. ეს პერიოდი გაგრძელდა წელიწადნახევარი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელიწადნახევარი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, ვიყავი აბსოლუტურად ტრანსულ მდგომარეობაში. აბაზანაში ვერ შევდიოდი, კარს ღიას ვტოვებდი, ქმარს დავყვებოდი ყველგან, რადგან სახლში მარტო ვერ ვრჩებოდი… ერთხელ დავძლიე ეს ყველაფერი და რომ მეგონა, ყველაფერი დაძლეული მქონდა, ისევ დაბრუნდა.

ერთ დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავი კაფეში და დამეწყო ზურგის არეში საოცარი ტკივილი. ეს აღმოჩნდა ინფარქტი, თრომბი, ანევრიზმა. გამიკეთეს შუნტირება. ეს იყო ჩემი ცხოვრების კოშმარი. ამის შემდეგ გაასმაგებულად დამეწყო პანიკური შიშები. საკუთარ სიკვდილს ვხედავდი…

სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე ემოციური თავისუფლების ტექნიკა, იგივე თეფინგი. მე ძალიან მჯერა ჩვენი სხეულის ენერგეტიკის, ასევე გადავედი ჩიგუნის ერთ-ერთ პრაქტიკაზე. სწორედ ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან”, _ მოუყვა ჯანსაღი ცხოვრების მენტორი, სტრესის და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის მართვის კონსულტანტი, ჩიგონგის პრაქტიკოსი, თეა ჯაფარიძე ,,იმედის” მაყურებელს რამდენიმე წლის წინ. ახლა თავად ეხმარება ადამიანებს, ამ ტექნიკით დაძლიონ დეპრესია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა.

თეას ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა აქვს, ის ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, ქმნის პროგრამებს, კურსებს, რომ მათ მძიმე პერიოდები უკან მოიტოვონ, ასევე ბევრ რჩევას იძლევა კვებასთან, თავის მოვლასთან დაკავშირებით. ქალბატონ თეას ,,სარკისთვის” ინტერვიუ ვთხოვეთ, რომ სასარგებლო რჩევები ჩვენი მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა.

_ ქალბატონო თეა, ინტერვიუ თქვენივე სტატუსით მინდა, დავიწყო, სადაც წერთ: ,,რა იყო ის მომენტი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც თქვით, რომ აღარასოდეს იქნებოდით ის, რაც იყავით?”. თქვენთვის რომელი იყო ის მომენტი?

_ ეს ის მომენტი იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ ცხოვრება ნაკადია, რომელიც თავის ბუნებრივ რიტმში მიედინება და რიტმის ცვალებადობა დამოკიდდებულია ჩვენი ენერგიისა და ვიბრაციის ხარისხზე.

ენერგიასა და ვიბრაციაში ვგულისხმობ ჩვენი ცნობიერების დონეს. ეს იყო ის მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ ცხოვრება არის გზა, იგივე დაო, რაც მოგვეცა გამოცდილების მისაღებად; ასევე, როდესაც მივხვდი, რომ რაც უნდა ძალისხმევა ჩადო რამეში, თუ რამე მოსახდენია, მოხდება და პირიქით; ეს მომენტი იყო მაშინ, როდესაც გავაცნობიერე, რომ ადამიანი ნებისმიერ წამს შეიძლება წავიდეს ამ სამყაროდან და აზრი არ აქვს არანაირ ნეგატივს, მხოლოდ სიყვარულს აქვს აზრი.

_ რადგან თავად ახსენებთ ხოლმე ვიდეოებში თქვენი ცხოვრების ურთულეს პერიოდს, ოპერაციას, კომას, ამიტომ გკითხავთ, რა მოხდა იმ დღეს და რამდენი ხანი გაგრძელდა მძიმე დღეები?

_ „მარტივად” რომ ვთქვა, იმ დღეს „გარდავიცვალე” და რამდენიმე დღეში სრულიად სხვა პიროვნებამ გავიღვიძე. მძიმე დღეები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდა და ხანდახან ახლაც მახსენებს თავს. თუმცა მე მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე.

ჩემს საყვარელ ციტატას მოვიშველიებ _ „თუ შენ არ შეგიძლია საკუთარ კარადაში არსებული ჩონჩხის გადაგდება, მაშინ ასწავლე მას ცეკვა” _ ბერნარდ შოუს ეს სიტყვები გულისხმობს იმას, რომ ჩვენმა სიბნელემ და სირთულემ არ უნდა შეგვაჩეროს, არამედ უნდა „ვასწავლოთ მას ცეკვა” და გადავაქციოთ სხვა ადამიანების მოტივაციად, სასიცოცხლო ძალად და სიყვარულად.

მე ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს ადამიანის ცხოვრებას, თუ ის არ ცდილობს, სამყარო გახადოს უკეთესი, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ თავში ჩაღრმავებით და საკუთარი თავის გაუმჯობესებით, რადგან საკუთარი სუფთა ენერგეტიკით ჩვენ შეგვიძლია დადებითი გავლენის მოხდენა ჩვენ გარშემომყოფებზე და შეგვიძლია სხვა ადამიანების ინსპირაცია და მოტივაცია.

_ ,,სამი ციტატა, რომელიც ჩემი ცხოვრების ფილოსოფიად ვაქციე: 1. გუშინ ჭკვიანი ვიყავი და მინდოდა სამყაროს შეცვლა, დღეს ბრძენი ვარ და ვცვლი საკუთარ თავს. 2. თუ შენ არ შეგიძლია საკუთარ კარადაში არსებული ჩონჩხის გადაგდება, მაშინ ასწავლე მას ცეკვა. 3. არასოდეს ეთამაშო ,,ღორს”, რადგან ღორი დაგსვრის, მას კი ეს მოსწონს… გაეცალეთ ტოქსიკურ ადამიანებს, სანამ დროა და სანამ თავის დაბინძურებულ ენერგეტიკულ ველში არ ,,მიგაჩვიათ” არსებობა…” _ ეს თქვენი სტატუსების ამონარიდებია. საიდან დავიწყოთ, რომ შევძლოთ საკუთარი თავის შეცვლა, ჩონჩხის აცეკვება, ტოქსიკური ადამიანებისგან გარიდება?

_ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ, შინაგან სამყაროზე, ემოციებზე, ფიქრებზე დაკვირვებით. ერთადერთი, ვისაც თქვენ უნდა შეედაროთ, თქვენივე საკუთარი თავია _ როგორი ხართ დღეს და როგორი გსურთ, რომ იყოთ ხვალ. ყოველი დღე „სარკის გაპრიალებაა” ანუ საკუთარ თავში ჩახედვა, ეგოსგან და არასასურველი ვნებებისგან, მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლება და თავისუფალი ნებისა და სიმშვიდის მიღწევისკენ სწრაფვა. ეს ძალიან რთული პროცესია, თუმცა ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა. არასოდეს უნდა შეჩერდე! მოძრაობა არის სიცოცხლე!

_ თქვენი პროგრამები აღმოსავლურ ცოდნას მოიცავს და, ბუნებრივია, ყველაფერს ვერ შევეხებით ერთ ინტერვიუში, ამიტომ ჩვენს მკითხველს იქნებ სასარგებლო რჩევები მივაწოდოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. მაგალითად, დილა რა პროდუქტით შეიძლება, რომ დავიწყოთ და პირიქით, რა არის დილის ტოქსიკური პროდუქტი?

_ დილის დაწყება ჩიგონგის ენერგიის მომცემი ვარჯიშით, 5 ელემენტის ვარჯიშებით ან ე.წ. „მოცურავე დრაკონის” პრაქტიკით საუკეთესო არჩევანია. ჩიგონგი, როგორც საიდუმლო პრაქტიკა, თანამედროვე ცხოვრებაში ხელმისაწვდომი გახდა. ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ მის უნიკალურ და სასარგებლო თვისებებზე და ჩემი ამოცანა სწორედ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ეს უაღრესად საინტერესო და სიღრმისეული ფილოსოფია ბევრ სასარგებლო ნიშანთვისებას მოიცავს.

ფიზიკური, გონებრივი, ემოციური, ენერგეტიკული და სულიერი სიჯანსაღე _ ეს ის 5 შრეა, რაზედაც ჩიგონგის პრაქტიკის დროს ხდება მუშაობა. რა წამსაც ადამიანი ეზიარება ამ უძველესი პრაქტიკის არსს, მისი ცხოვრება აბსოლუტურად იცვლება ყველა მიმართულებით.

რაც შეეხება დილის ტოქსიკურ „პროდუქტს“, ეს არის უმოქმედობა. „იქ, სადაც მოძრაობაა, ტკივილი არ არის, ტკივილი იქ არის, სადაც უმოძრაობაა…”.

_ თქვენს გამომწერებს უზიარებთ შვრიის რძის, ნუშის კარაქისა და ნუშის რძის მომზადების წესებს (რეცეპტები ქვემოთ). რაში გვეხმარებიან ისინი, რა სარგებლობა მოაქვთ?

_ ნუში ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის საუკეთესოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებთ ქოლესტერინის პრობლემა. ზოგადად, მცენარეული რძე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ცხოველური.

ნუში შეიცავს უამრავ ვიტამინს. ნუშის შემადგენლობაშია კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი. მასში არის В ჯგუფის ბევრი ვიტამინი _ В1, В2, В3, В5, В6, В9, ასევე Е ვიტამინი. ნუში შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, თან ძალიან გემრიელია და მისგან ბევრი საინტერესო კერძი მხადდება _ ორცხობილა, ზეთი, კარაქი, ბაჟე, გოზინაყი, რძე. ნიგვზის მაგივრად შეგვიძლია კერძებში გამოვიყენოთ ნუში, ძალიან გემრიელია და ნაკლებად კალორიული.

_ როგორია სასარგებლო საუზმე, სადილი, ვახშამი? რეცეპტებს თუ გაგვიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო კერძის?

_ დილას ხშირად ვიწყებ ხოლმე ჩიის პუდინგით. ჩემივე მომზადებულ ნუშის რძეში (100 გ) ვყრი დაახლოებით 2 ჩ.კ ჩიას და კარგად ვურევ, ცოტა თაფლიც უხდება. წინა დღეს მზადდება, რომ კარგად აფუვდეს. დილით ვამატებ ბანანს და მშვენიერი სასარგებლო საუზმეა. სასურველია, მივირთვათ ნაკლებად ცხიმიანი და მარილიანი საკვები, ასევე შაქრის და ყავის ზედმეტი მიღება მავნებელია. ყავა არის დროებითი ენერგიის მომცემი და ადამიანს აცლის სასიცოცხლო ენერგიას, სასიცოცხლო ენერგია კი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ამიტომ დღეში 1 ჭიქა ყავა საკმარისია. ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, სწორი კვება არის ყველაფერი დაბალანსებული, ზომიერი და სეზონური საკვები.

_ თქვენ ამზადებთ სახის საცხებს, ნიღბებს, საპნებს, რომლებსაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ბუნებრივია, მათ რეცეპტებს არ გკითხავთ, მაგრამ იქნებ თმის და სახის ნიღბის რომელიმე რეცეპტი გვითხრათ.

_ თმის უამრავი ნიღაბი ვცადე და ჩემ მიერ მომზადებულმა ყველაზე მეტად  გაამართლა. საკმაოდ სქელი და რთულად დასამორჩილებელი თმა მაქვს და სელის მარცვლებისგან დამზადებული ნიღაბი ძალიან მომიხდა. ნახევარი ჭიქა სელი 2 ჭიქა წყალში უნდა ავადუღოთ, ადუღების მერე 5 წუთი იდუღოს. გახდება ჟელეს მაგვარი მასა, გადავწუროთ და გამოვიყენოთ თმაზე. შეგვიძლია მშრალ თმაზე წავისვათ და 30 წუთი გავიჩეროთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ, ან დაბანის დროს როგორც ბალზამი, ისე გამოვიყენოთ. თმას ძალიან არბილებს და ანიჭებს ბზინვარებას. იგივე მასა სახის ნიღბადაც ძალიან კარგია, ბუნებრივი ბოტოქსის სახელით არის ცნობილი. გავიჩეროთ სუფთა სახეზე 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

_ ადამიანს შური, ბოღმა, დარდი და სხვა ბევრი შინაგანი ბრძოლა ყველაზე მეტად აბერებს და ვერანაირი კვება და სილამაზის რეცეპტი ვერ შველის. როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სულიერ ჰარმონიას, როდის მოდის სულიერი სიმწიფე?

_ ეს ხდება მაშინ, როცა ვწყვეტთ სხვების შეცვლას და ყურადღებას ვაქცევთ საკუთარ ქმედებებს; ეს არის, როდესაც ჩვენ ვიღებთ ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან; სწორედ მაშინ გვესმის, რომ ყველა წარმატებულია საკუთარი პერსპექტივის მიხედვით; სწორედ მაშინ ისწავლით „გაშვებას”; ეს ხდება მაშინ, როცა ურთიერთობაში „მოლოდინები“ არ გვაქვს და საკუთარი თავის გაცემის სიამოვნებით „ვტკბებით”; სწორედ მაშინ გვესმის, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენივე სიმშვიდისთვის; ეს ხდება მაშინ, როცა არ გჭირდება, მსოფლიოს აჩვენო, რამდენად ჭკვიანი ხარ; ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვჭირდება სხვებთან შედარება; ეს ხდება მაშინ, როცა მშვიდად ხარ საკუთარ თავთან.

სულიერი სიმწიფეა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ „მინდა“ და „მჭირდება“; როდესაც არ გვჭირდება კავშირი ბედნიერებასა და მატერიალურ ნივთებს შორის. სულიერი სიმწიფეა, როდესაც „სიჩუმეში” საყვარელ საქმეს აკეთებ.

,,გუშინ ჭკვიანი ვიყავი და მინდოდა სამყაროს შეცვლა, დღეს ბრძენი ვარ და ვცვლი საკუთარ თავს” _ ბრძენი რუმის სიტყვებია და ჩემი ცხოვრების ფილოსოფია. დაბალვიბრაციული ემოციები, ისეთები, როგორებიც არის _ შური, ბოღმა, აგრესია და ასე შემდეგ, არის უაზრო, არაფრისმომცემი „ხმაური”. სიყვარული არის სიმშვიდე. დაბოლოს _ „ღვთის ენა სიჩუმეა, ყველაფერი სხვა კი უვარგისი ხმაური”(რუმი).

რეცეპტები თეა ჯაფარიძისგან:

ნუშის რძე

ერთი ჭიქა ნუში კარგად გავრეცხოთ. წყალში ცოტა ხნით გავაჩეროთ და კანი გავაცალოთ. დაახლოებით 8 საათი ან მთელი ღამე გავაჩეროთ წყალში. გადავიტანოთ ბლენდერში, დავამატოთ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი, 2 კოვზი თაფლი და ცოტა ვანილი. მივიღებთ თეთრ, ფაფუკ მასას. შემდეგ გავწუროთ. დარჩენილი მასა სხვადასხვა რამეში შეგვიძლია გამოვიყენოთ, მოვხალოთ და მოვაყაროთ დესერტებს და ა.შ. სურნელოვანი რძე გამოდის. შენახვის ვადაა 3-დან 5 დღემდე, რადგან ბუნებრივია, კონსერვატების გარეშე.

შვრიის რძე

ავიღოთ ერთი ჭიქა შვირია, დავასხათ 2 ჭიქა წყალი და გავაჩეროთ 2 საათი, შემდეგ საწურში კარგად გავწუროთ, დარჩენული მასა გადავიტანოთ ბლენდერში, დავასხათ 2 დიდი ჭიქა ანადუღარი წყალი და კარგად დავაბლენდეროთ. დაბლენდერებული ისევ გადავწუროთ. მე ვუმატებ ცოტა დარიჩინს, თაფლს და ვიყენებ დასალევად, ასევე ყავაში და ა.შ. შვრიის დარჩენილ მასას ან შევჭამ თაფლთან ერთად ფაფასავით, ან სახეზე წავისვამ, ან ჩემს საპნებში გამოვიყენებ.

ნუშის კარაქი

ავიღოთ 250 გ ნუში და კარგად გავრეცხოთ. როცა კარგად შეშრება, გადავიტანოთ ტაფაზე და მოვხალოთ 120 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბლენდერში გადავიტანოთ და დავაბლენდეროთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან, კრემისებრ მასას. ცალკე გადავიტანოთ ჭურჭელში და მივირთვათ. მომზადებას ძლიერი ნერვები სჭირდება, რადგან ხანგრძლივი პროცესია.