დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურა ბერიკაშვილზე: „ღმერთს ვევედრები, ჩვენკენ გამოიხედოს, 4 თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც“

დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურა ბერიკაშვილზე: „ღმერთს ვევედრები, ჩვენკენ გამოიხედოს, 4 თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც“რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა 56-ე დაბადების დღეზე უამრავი მილოცვა მიიღო, მაგრამ დააკლდა მისთვის ძვირფასი ადამიანის მილოცვა – მსახიობ ზურა ბერიკაშვილის, რომლის გამოჯანმრთელებისთვისაც ექიმები დღემდე იბრძვიან.

„56 წლის გავხდი და იმდენი სიყვარული მივიღე თქვენგან, რომ ბევრ დაბადების დღეს გაჰყვება. განსაკუთრებულად მილოცავდნენ ყველა იმ თეატრიდან, სადაც თუნდაც ერთი რეპეტიცია ჩამიტარებია, რომ გადავხედე მოლოცვებს, საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა თეატრიდან მივიღე მოლოცვა, ნამოწაფრებიდანაც შეიძლება 100 პროცენტით არა, მაგრამ ყველა გამოშვებული ჯგუფიდან მილოცავდნენ. მომილოცეს ამერიკიდან, ინგლისიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან, ესპანეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან… ყველას წინაშე ქედს ვიხრი და დიდ მადლობას მოგახსენებთ! ამდენი მოლოცვა ალბათ არც ერთ დაბადების დღეს არ მიმიღია, თუმცა ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანიც არც არასოდეს არ ვყოფილვარ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოცვა დამაკლდა!

ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენკენ გამოიხედოს, თავისებური ეშმაკური ღიმილით კახურად “შემოგვიკურთხოს”. ის წონასწორობა აღადგინოს, რამაც მთელ საძმოსა თუ საახლობლოს მხარი მოგვტეხა, ოთხ თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც. დიდი მსმელი არ ვარ, თუმცა საკუთარ დაბადების დღეზე მიყვარდა შეთრობა, მხიარულების ბოლომდე შეგრძნება და უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანების გარემოში გალაღება და “გაფრენა”. დღეს მე და გიგა პირისპირ ორნი დავსხედით ყოველგვარი ზეიმისა და პურმარილის გარეშე, ერთი ჭიქა დავასხით, შენი ჩვენკენ მობრუნებისა ვთქვით და ასე დავიშალეთ. მეტი არც არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ჰოდა, იქნებ ღმერთმა გვისმინოს!” – წერს რეჟისორი.