,,შვილი მომიკლეს, კუჭს დაუწყია ლპობა” – თურქეთში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ სამი ქართველი გარდაიცვალა

,,შვილი მომიკლეს, კუჭს დაუწყია ლპობა" - თურქეთში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ სამი ქართველი გარდაიცვალა,,კუჭის ოპერაციის შემდეგ ბოლო ერთ თვეში 3 ქართველი გარდაიცვალა, სამივემ ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი – სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაეწყოთ. ქართველმა ექიმებმა პაციენტები ხელმეორედ გაკვეთეს, ნანახი კი ქირურგებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.

ერთ-ერთი მსხვერპლი 36 წლის ოთარ გოთოშიაა, რომელმაც ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. სამი დღის შემდეგ კი საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. შეუძლოდ იმ დღესვე,გზაში გახდა.

– დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს… ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

კლინიკაში, სადაც ოთარ გოთოშიას ოპერაცია გაუკეთეს, მითითებულ ნომერზე ,,რუსთავი 2″-ს არ  უპასუხეს, ამიტომ მის ქართველ წარმომადგენელს დაუკავშირდნენ.

-პაციენტი როდესაც გავწერეთ, იყო სრულიად ჯანმრთელი. ჩემგან ამაზე საუბარი არასწორია. კლინიკასთან დაგაკავშირებთ და იმათ გაესაუბრეთ, – ამბობს მედიასთან თურქული კლინიკის ქართველი შუამავალი.

თურქეთში ჩატარებული ოპერაციის გართულებით პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. ქირურგი დავით აბულაძე ,,რუსთავი 2″-თან ყვება:

-რაც ჩვენ ვნახეთ, მოჭრილი კი არა, პირდაპირ მოგლეჯილი იყო კუჭი. დაიწყო ნეკროზი, გაიხსნა მთლიანად კუჭი. ჩაუტარდა ყველაფერი, მათ შორის ოპერაციები, ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სეფსისიდან, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყვანეთ და პაციენტი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ანალოგიური შემთხვევა იყო სხვა კლინიკებში. დღესდღეობით საქართველოში 8 პაციენტია, რომლებიც გადიან სტაციონარულ მკურნალობას გართულებებით. ძალიან ბევრი იყო, რომლებსაც უარი ვუთხარით ოპერაციაზე, გაუკეთეს მათ ოპერაცია თურქეთში, არიან ცუდად. წინა თვეში 4 პაციენტი დავუბრუნე უკან კლინიკებში: ორი კახეკსიით, ერთს ჩვენ ჩავუდგით სტენოზი. წყლულებით წვანან პაციენტები, სისხლდენებით. ფორმა 100-ები რომ ნახოთ, იქ წერია მხოლოდ ოპერაციის დასახელება, პრაქტიკულად, მეტი არაფერი.

რუსთავი 2