მერაბ სეფაშვილი: ,,ნინო ჩემი დიდი დარდია”

მერაბ სეფაშვილი: ,,ნინო ჩემი დიდი დარდია",,სარკე”, ია ქუთათელაძე

არცთუ დალხენილ დროში, როგორიც დღეს ჩვენს ქვეყანას უდგას, ესტრადის მომღერლებს სოლო კონცერტების ჩატარება ძლიერი სპონსორის ან სახელმწიფოს დახმარების გარეშე უჭირთ. მერაბ სეფაშვილი ბედნიერი გამონაკლისია, მისი კონცერტები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს საქართველოსა თუ უცხოეთში. მისი სიმღერები დროში გამოცდილი და ყველა თაობის საყვარელი ჰიტებია, ხოლო მისი უნიკალური ხმა და უდიდესი შრომისმოყვარეობა – მუდმივი წარმატების გარანტი.

,,სარკე” მერაბ სეფაშვილს დღევანდელ დღესა და იმ გამოცდილებაზე ესაუბრა, რითიც ხალხის საყვარელი მომღერალი აქამდე მოვიდა.

– ბატონო მერაბ, თქვენ მიგყავდათ მუსიკალური გადაცემა “პირველზე”, რომელიც გამორჩეული და საინტერესო იყო. ხომ არ გაქვთ შემოთავაზება, კვლავ გააკეთოთ მსგავსი გადაცემა?

– გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური გადაცემა იყო. მაყურებელი ეცნობოდა ახალ სახელებს, ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს, ანსამბლებს, ბენდებს. გემოვნებიანი მუსიკა და ცნობილი მომღერლებიც მრავალფეროვანს ხდიდა გადაცემას. ფინანსური კრიზისის გამო შემომთავაზეს, შემემცირებინა სტაფი და გაგრძელდებოდა გადაცემა, რისი გაკეთებაც არ მოვინდომე. ვარჩიე, მეც წამოვსულიყავი და დახურულიყო პროექტი, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე კაცს მიგვეღო ხელფასი.

გადაცემის აღდგენაზე საუბარი სულ არის, ახლა უფრო აქტიურად. კონკრეტულად ვერ გეტყვით, როდიდან დაიწყება, მაგრამ იმედი მაქვს, ისევ დავუბრუნდები სატელევიზიო ეთერს.

– თქვენ უკვე გადააბიჯეთ ექვს ათეულს, როგორია ცხოვრება 60+-ის შემდეგ?

– ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა. ადამიანი მუდმივად ელოდები ახალს, კარგს. წინ რა გველოდება, არ ვიცით, მაგრამ გვინდა, უკეთესი გველოდებოდეს. გაცნობიერებული მაქვს, რომ უკან უფრო დიდი დრო დარჩა, მაგრამ მაინც არ ვთვლი, რომ სიბერე მოვიდა. ჩვენს დროში სიბერემ გადაიწია როგორც გარეგნულად, ისე ფიზიკურად. მართალი ყოფილა, გული არ ბერდებაო, ნათქვამი რომაა. ჯერჯერობით ხალისიც მაქვს, ენერგიაც და სიმღერის სურვილიც. ასე რომ, მხოლოდ სტატისტიკაა ჩემი 60-ს პლუსი. ჩვენს ახალგაზრდობაში რომ გავიგებდი, 60-ის გახდა კაცი, უკვე ხანდაზმული მეგონა. ჩემს თავზე ასე აღარ ვფიქრობ. საერთოდაც არ უნდა აჰყვე ასაკს, ხასიათი და განწყობა არ უნდა გაიფუჭო, მაშინ ადვილად არ დაბერდები.

– ყველა ინტერვიუს დროს გეკითხებით თქვენი მეუღლის, ნინოს, ჯანმრთელობის შესახებ.

– უკეთესობა არის. ნინოს თავდაპირველად ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, ღვთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამას მარტო ექიმების დასკვნებით არ ვამბობ, გაუმჯობესება თვალნათლივ ეტყობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”