კოკა სეფერთელაძე: ,,ბოლო წუთებში მამამ დედას სთხოვა, ჩამეხუტეო და დამთავრდა”
ლეგენდარული ,,ცისფერი ტრიოს" წევრის ვაჟის გულისტკივილი - ,,მორალური გვერდით დგომა რომ ვერ დავინახე, ეს მეწყინა"

კოკა სეფერთელაძე: ,,ბოლო წუთებში მამამ დედას სთხოვა, ჩამეხუტეო და დამთავრდა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,განა რა ვერ იმღერა თამაზ სეფერთელაძემ, “ცისფერმა ტრიომ” ისე, განა რა ვერ მისცა იმდენი ქართულ კულტურას, განა რა ვერ ესიყვარულა თბილისს, რომ კულტურის მინისტრს და თბილისის მერს წუთნახევარი დაეხარჯათ და რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ტაძარში მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად ერთი წრე დაერტყათ. სიმართლე გითხრათ, მეწყინა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეგენდარული ,,ცისფერი ტრიოს” წევრის, თამაზ სეფერთელაძის, ვაჟმა – კოკა სეფერთელაძემ.

თამაზ სეფერთელაძე გასული წლის 2 მარტს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა… ,,ცისფერი ტრიო” 1972 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა და მისი უცვლელი წევრები თამაზ სეფერთელაძე, დავით აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე იყვნენ. “ცისფერი ტრიოს” სამივე მომღერალს საქართველოს დამსახურებული არტისტის და სახალხო არტისტის წოდება აქვს მინიჭებული…

თამაზ სეფერთელაძის ვაჟი, კოკა, ,,სარკეს” უამბობს:

– მამა უზომოდ კეთილი ადამიანი იყო და საოცარი მამა. ოჯახი იყო მისი მთავარი სიწმინდე და სადარდებელი. მთელ სანათესაოზე ზრუნავდა. მას არასდროს შეშლია ადამიანური პრინციპები არავისთან. ცხოვრებაში არავისთვის მოუყენებია შეურაცხყოფა და სხვაზე ცუდი არასოდეს უთქვამს. მისი კრედო ადამიანების დახმარება გახლდათ.

– დედისა და მამის ურთიერთობაზე გვიამბეთ.

– მჯერა, რომ არსებობს იმქვეყნიური სამყარო და ოდესღაც, როცა იქნება, დედაჩემი აუცილებლად მამასთან უნდა მოხვდეს, რადგან წმინდანი ადამიანია თავისი საქციელით, ღვაწლით, მდგომარეობით… დედა თავის დროზე ექიმი იყო. ახლა აღარ მუშაობს.

47 წელი იცხოვრეს დედამ და მამამ ერთად. სტუდენტობიდან დაიწყო მათი სიყვარული და დღემდე შეყვარებულები არიან ერთმანეთზე. ბოლო წუთებში მამამ დედას სთხოვა, ჩამეხუტეო და დამთავრდა. არასოდეს ჰქონიათ ურთიერთობაში პრობლემა. მთელი ცხოვრება სინქრონული ურთიერთობა ჰქონდათ. მშურს კიდეც მათი ურთიერთობის. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს მეუღლესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მათი მაინც სულ სხვა იყო, შესაშური და სამაგალითოდ საჩვენებელი.

– სოციალურ ქსელში წერდით, რომ ნაწყენი იყავით კულტურის მინისტრზე, დედაქალაქის მერზე…

– დიახ, ასე დავწერე. მე ასე გავიზარდე, რომ ადამიანს პატივი უნდა სცე დაბადების დღეზე, გარდაცვალებაზე და ა.შ., ანუ მე მატერიალური პატივისცემა კი არ მაინტერესებს, მორალური გვერდით დგომა მინდოდა. მამაჩემს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ცხოვრებაში, რომ არც ჩვენ დაგვკლებია რამე ვინმესგან. მორალური გვერდით დგომა რომ ვერ დავინახე, ეს მეწყინა მხოლოდ. რომც ეხვეწნათ, მატერიალურ დახმარებას გაგიწევთო, არც მივიღებდი, გვერდით დაგვდგომოდნენ მორალურად, მხოლოდ ეს გვინდოდა. სხვა დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ცისფერი ტრიო” შექმნა და კარგად იმღერა!

– პანთეონში დასაფლავებას ხომ არ ელოდით?

– არა, მსგავსი რამ არც განგვიხილავს. საბურთალოზე, საოჯახო სასაფლაოზე დავასაფლავეთ. გვქონდა იქ ადგილი და ასე გადავწყვიტეთ მეც, დედამაც და ჩემმა დამაც.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”