,,13 წლის გიორგის პროგნოზი ვკითხე და პენალტები იქნება და მამარდა მოგვაგებინებსო“ – რას იხსენებს ჟურნალისტი ისტორიული მატჩის პატარა ქომაგებზე

,,13 წლის გიორგის პროგნოზი ვკითხე და პენალტები იქნება და მამარდა მოგვაგებინებსო“ - რას იხსენებს ჟურნალისტი ისტორიული მატჩის პატარა ქომაგებზე„ჩემ გვერდით სკამზე აღმოჩნდა 13 წლის გიორგი. გამოველაპარაკე და პროგნოზიც ვკითხე. პენალტები იქნება და მამარდა მოგვაგებინებსო“, – იხსენებს ჟურნალისტი თეონა კენჭიაშვილი 26 მარტის ისტორიულ მატჩს, რომელსაც სტადიონიდან ადევნებდა თვალს და პატარა გულშემატკივრების ემოციებს აღწერს.
„…ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, არც მე მერგო ბილეთი, თუმცა ერთმა ძალიან კეთილმა ადამიანმა საკუთარი ბილეთი დამითმო და თავად სახლში უყურა – შენ უფრო გჭირდება იქ ყოფნაო. აი, აქედან დაიწყო ჩემი კეთილი ზღაპარი. ასე სასწაულებრივად მოვხვდი ამ თამაშზე.
მარტო წასვლა მომიწია, საყვარელი ადამიანების და სიხარულის გამზიარებლების გარეშე.
ჩემ გვერდით სკამზე აღმოჩნდა 13 წლის გიორგი. დედამისი იჯდა ცოტა მოშორებით, სხვა რიგში. თავიდანვე გამოველაპარაკე და პროგნოზიც ვკითხე. პენალტები იქნება და მამარდა მოგვაგებინებსო. მეც მგონია, ფრე იქნება, მაგრამ პენალტები არ გვინდა, სანერვიულოა-მეთქი. არადა ბავშვი მთელი თამაში იმეორებდა: დამატებითი დრო, პენალტები, მამარდა…
მე წავედი მოგების განწყობით და იმდენად დარწმუნებული ვიყავი და მჯეროდა, რომ ახლა მგონია, ეს ყველაფერი სიზმარში ვნახე. სრულიად მამაკაცების რიგებში მოვხვდი, წინ და უკან გინება ისმოდა. მე კი ყოველ ჯერზე, როცა ბურთით ბერძნები იყვნენ ჩვენს კართან, ჩემთვის ვამბობდი: „არა, გოლს ვერ გაიტანთ, გამორიცხულია! დღეს ჩვენ ვიგებთ!“
ასეთი რწმენით ვიჯექი, უფრო ვიდექი სტადიონზე, თან გიორგის ვამხნევებდი – „დღეს ვიგებთ, აუცილებლად ვიგებთ!“
ოთხმა ტაიმმა ხომ მანერვიულა. აი, პენალტების სერიის დროს ბევრი რამე არ მახსოვს. ორნაბიჯიან ბოლთას ვცემდი, ფიზიკურად მეტი ადგილი არ იყო. ჩემ წინაც ბავშვები ისხდნენ. ერთმა მათგანმა, დაახლოებით 8 წლისამ, პენალტების დროს დაიწყო ტირილი, ვერ წყნარდებოდა,ზურგით შეტრიალდა, რომ არ ეყურებინა. აქეთ ამ ბავშვს ვაწყნარებდი, ნუ ნერვიულობ, მოვიგებთ-მეთქი. ბოლო დარტყმის დროს ხის ჯვარი ამოიწია, თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო. და ჩვენ მოვიგეთ! ბავშვმა ბოლო ხმაზე ყვირილი დაიწყო. ცალკე ემოციებში იყო პატარა გიორგი, რომელიც ჯერ მე ჩამეხუტა და მერე დედიკოს რიგისკენ გაიქცა…
დღეს მე მოვიგე ფინალი, დღეს პატარა გიორგიმ მოიგო ფინალი, დღეს ხისჯვრიანმა ბიჭმა მოიგო ფინალი, დღეს ჩემმა შიომ მოიგო ფინალი, რომელსაც ძალიან უნდოდა, მაგრამ,  სამწუხაროდ, ფინალს ვერ დაესწრო. დღეს თქვენ სათითაოდ ყველამ მოიგეთ ფინალი, ხალხნო. ვინ, სად და როგორ უყურეთ, თუ საერთოდ არ უყურეთ, მაინც მოიგეთ! იმიტომ, რომ ეს გამარჯვება ყველასია. იმიტომ, რომ დღეს ნერვიულობით, ემოციებით და ხმის ჩახლეჩვამდე გულშემატკივრობით დაინგრა სტადიონი. დღეს ჩვენც ვთამაშობდით მათთან ერთად. დღეს ყველამ მოვიგეთ და ქუჩებში ზეიმია, მთელ ქვეყანაში ზეიმია, ქვეყნის გარეთაც ზეიმია.
მადლობა ჩვენს ბიჭებს, თითქმის 130-წუთიანი თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ფეხბურთის ფანებს არ გვიყვარს დამატებითი დრო და პენალტები, რადგან ამ პროცესს „ნერვების ომს” უწოდებენ. ევროპის და მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონებიც კი მარცხდებიან პენალტების სერიაში, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ ,,ნერვების ომი” მოვიგეთ!
ფეხბურთი არის ცხოვრება. ყველას შეიძლება არ უყვარდეს, მაგრამ არის მომენტები,როცა ყველას აერთიანებს! ასეთი დღეა 26 მარტი! საქართველოს ნაკრებმა, ჩვენთან ერთად დაწერა ისტორია! წინ დიდი გამარჯვებებია, ზღაპრის ბოლო კი მართლა კეთილია“, – წერს თეონა კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში.