,,ნინი ბადურაშვილიც იყო ჯალათის სახლში, ეკა კახიანიც, ხათუნა ჟორდანია, რუსა მორჩილაძე… მორჩით ,,გაპრავებას”, მიგიწეწკვავთ თითებს კლავიატურაზე!” – ნინო ჯღარკავამ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა

,,ნინი ბადურაშვილიც იყო ჯალათის სახლში, ეკა კახიანიც, ხათუნა ჟორდანია, რუსა მორჩილაძე... მორჩით ,,გაპრავებას", მიგიწეწკვავთ თითებს კლავიატურაზე!'' - ნინო ჯღარკავამ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერაყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, ძალიან მწვავე პოსტებს აქვეყნებს და აკრიტიკებს ,,ოცნების” იმ მხარდამჭერებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაგა მკურნალიძის სახლში მოილხინეს. გაგა მკურნალიძე ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და გლდანის ციხის კარანტინის დაშლის კადრებთან დაკავშირებით წამების მუხლით იყო ბრალდებული.

,,მე, ნინო ჯღარკავა, ხვალ შემთხვევით მეგის ქარდავას ცოლმა რომ დამპატიჟოს დაბადების დღეზე და უცებ აღმოვჩნდე მის სახლში, თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ვიზამ? ბედნიერად ვიქეიფებ, ვიმღერებ ,,ჩემი გმირი გიწოდე”-ო და წამოვალ? ჰოდა, მოკეტეთ ახლა, ამ უაზრო ,,გაპრავებებს”  მორჩით, თორემ მიგიწეწკვავთ თითებს კლავიატურაზე! მუცელს და ტაშფანდურს არ გადააყოლოთ ქვეყანა! სამი დღე გავიდა, დაინგრა სრულიად სოციალური ქსელი და არც ერთი განმარტება არ მოგვისმენია იქ მოგუგუნე ხალხისგან. ისე, რომ იცოდეთ, იმ დღეს ნინი ბადურაშვილიც იქ იყო, ეკა კახიანიც და აჩი მეფარიძეც! ჰოდა, ტაში კუკური! ამათ სამშობლო სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდიათ?იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო მკურნალიძე-ჯალათების სახლებში”, – წერს ნინო ჯღარკავა და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მკურნალიძის ცოლი თეა წულუკიანის გვერდით არის გადაღებული.

,,ესეც ჯალათი გაგა მკურნალიძის ცოლი მარიამ ცქიფურიშვილი თეა წულუკიანის გვერდით. გოგო საქალაქო სასამართლოში წამყვან პოზიციაზე მუშაობს და სწორედ მისი მეშვეობით გუგუნებდნენ მისი ჯალათი ქმრის სახლში! ალბათ როგორ ამაყობს ჯალათი ქმრით! დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმა არ იცოდა, ვინ მოჰყვებოდა გვერდით”, – დაწერა ნინო ჯღარკავამ.

ჟურნალისტი მომღერალ ნინო ჩხეიძესა და მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილსაც გადასწვდა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იმ დღეს მკურნალიძის სახლში.

,,ახლა მოვიცალე ნინო ჩხეიძისთვის! ჯალათი ზონდერი გაგა მკურნალიძის ფეშენ ვილაში, თეთრ კიბეზე შემხტარი ნინო ჩხეიძე ,,ჩემი გმირი გიწოდეო” რომ უბღაოდა ,,ოცნების” პირობებში გამილიონერებულ გაგა მკურნალიძეს, რა დამსახურებისთვის ზის ,,რუსთავი 2″- ზე ყველა გადაცემაში და ყელს იღერებს! ჟურნალისტია და არ ვიცით? ვიტნი ჰიუსტონის ხმა აქვს და არ ვიცით? მე ვიყავი ვანო მერაბიშვილის ფავორიტკა ჯილა გოგო და არ ვიცი? ჰოდა, გამოაბრძანონ მაგ ,,რუსთავი 2″-დან დროზე და გაგა მკურნალიძის ჯიბის ტელევიზიაში აბღავლდნენ ხვალიდან! თავზე არავის დავისვამთ, მორჩა თქვენი კინო. აჩიკო სოლოღაშვილიც ზედ მიჰყვეს, თორემ ,,ოცნების” ამომრჩევლები რომ მივადგებით ,,რუსთავი 2″-ის შენობას, მერე გვიყარეთ კაკალი”, – წერს ჟურნალისტი.

ნინო ჯღარკავამ ღია წერილი ბიძინა ივანიშვილსაც მისწერა, სადაც წერს:

,,…გატყუებენ თუ გაჯერებენ, რომ ხალხი ბედნიერია, გატყუებენ, როცა გეუბნებიან, რომ ამომრჩევლების რაოდენობა იზრდება. ხალხი ითმენს მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ უკეთესი პარტია არ არსებობს, მაგრამ ხალხი არ მოითმენს ჯალათების გამილიონერებას. ორი დღეა, სრულიად ,,ოცნების” სამართლიანი აღშფოთება ისმის გლდანის ციხის მწამებელი ჯალათის, გაგა მკურნალიძის სასახლეში ერთიმეორის გვერდით როგორ მღერიან ნოდარ მელაძის შვილების დედა,  თეა ცეცხლაძე, პირწავარდნილი ნაცი და ,,ტვ პირველის” პროდიუსერი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, ნაცების დაუძინებელი მტერი ხათუნა ჟორდანია და ,,რუსთავი 2″-ის წამყვანები.  სრულიად სამართლიანია ჩვენი განგაში. 3 წელი მოიხადა სასჯელი პატიმრების წამებისთვის გაგა მკურნალიძემ, გამოვიდა და იმის მაგივრად, ქვეყნიდან გადახვეწილიყო, თბილისში სასახლეები აიშენა, ძვირადღირებული მანქანების კოლექცია ჰყავს, სამშენებლო ბიზნესებშია და ფულებს ხვეტავს.

არ მითხრათ ახლა, რომ ეს არავინ იცის, არ მითხრათ, რომ ტენდერებს პატიოსნად იგებს. ციხის ჯალათი იმაზე მეტ პატივშია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო და მერე გვიკვირს, უი, ნოდარ მელაძეს საიდან აქვს ინფორმაციებიო, საიდან და აქედან, გვრიტებივით ერთად რომ სხედან ყველანი. არ დამთავრდება ეს ამბები კარგად. ქართველი ხალხი ღირსების გამო ითმენს შიმშილსაც, არ ვუთვლით არავის მილიონებს, ჩვენ ისევ ისე ვცხოვრობთ პატიოსნად, ვიტანთ ბულინგს, შეურაცხყოფას, მაგრამ ღირსების შელახვას ვერ ავიტანთ. არაა ასე იოლი მოსაგები ეს არჩევნები, მე ყველაზე ერთგული მხარდამჭერი რომ გეტყვით, თავიდან ვიწყებ ჯალათებთან ბრძოლას-მეთქი, ეს უკვე სიგნალია.

2012 წლიდან დღემდე თქვენ ხართ ის ადამიანი, ვის გამოც ბევრი ავიტანეთ და კიდევ ბევრს ავიტანთ, მაგრამ ნუ დაგვაჯენთ თავზე არსაიდან მოსულ თანამდებობის პირებს, ნუ გადაავსებთ სამსახურებს კორუმპირებული ტიპებით.

დღეს ხალხი ქუჩაში იცით, რას ჩურჩულებს? მოსწრებაზეა ყველა, ვინ მეტ მილიონს იშოვის,  თითქოს გასაქცევად ემზადებიანო. ჩვენ სად გავიქცეთ, ჩვენ? აეროპორტამდე მისასვლელი ფული რომ არ გვექნება! ხან გოგაშვილების მილიონები ,,ვაპრავეთ”, ხან კვირიკაშვილების და ალავიძეების, ხან ,,ვოზდუხა” გახარიას პარიზებში სახლები და პანდემიის დროს შეჭმული მილიონები. არ იქნება პასუხისგებაში მიცემული ასეთი ადამიანები და არ იქნება არჩევნებში ხმები!

არავისთან ენის მოჩლექას არ ვაპირებ, არავისთან ვარ ვალში, ჩემი სამშობლოს გარდა! ერთადერთი იმედი იყავით და ხართ თქვენ და იმედი მაქვს სწრაფი რეაგირების. ყველას მიუჩინეთ თავის ადგილი. კმარა ამდენი გაზულუქებული ადამიანი ამ პატარა ქვეყანაში!”.