,,გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა…” – რას უყვებოდა სოსო ჯაჭვლიანი ,,სარკეს”
,,მთელი ცხოვრება ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა უკან დამყვება და საფრთხისგან მიცავს"

,,გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა..." - რას უყვებოდა სოსო ჯაჭვლიანი ,,სარკეს",,სარკე”, ლია ოსაძე

მსახიობი და სპორტსმენი, სოსო ჯაჭვლიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მას უამრავი ადამიანი დაემშვიდობა. სოსო ჯაჭვლიანს ,,სარკე” არაერთხელ შეხვედრია და საუბარში ის ხშირად აღნიშნავდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უფლისგან არის ,,დაწერილი”. ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანმა განვლილ განსაცდელებზე გვიამბო:

_ მთელი ცხოვრება ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა უკან დამყვება და როცა საფრთხე მელის, მიცავს. ერთხელ, საზღვარგარეთ შეჯიბრზე წასვლის წინ აგარაკზე წავედი. უცხოეთიდან 7 დღის შემდეგ დავბრუნდი და ისევ აგარაკზე წავედი. გიამ, ვინც ჩემს აგარაკს უვლის, მითხრა, ძაღლი კვდებაო. მაშინვე ვეტექიმთან წავიყვანეთ და აღმოჩნდა, რომ ცოფი სჭირდა. გიამ თქვა, ამას წინათ რომ იყავი, ძაღლმა შენს უმცროს ბიჭს თითზე უკბინაო. შეშინებულმა მთელი ოჯახი ავცერი და თავადაც ავიცერი. ხომ შეიძლებოდა უცხოეთიდან მალე არ ჩამოვსულიყავი და უბედურება მომხდარიყო? მაგრამ არ გვეწერა.

ამ ისტორიას გაგრძელებაც მოჰყვა. აცრის შემდეგ ბიძაშვილ ზურა ჯაჭვლიანთან ერთად აგარაკზე მივდიოდი. გზაზე ვიღაცას უნდა შევხვედროდით და მანქანა გლდანის ხიდის ქვეშ გავაჩერე, ცოტა ხანში დავქოქე და ხიდს მოვშორდი. ზურამ მისაყვედურა, ჩრდილში ვიდექით, რატომ გადააყენეო. ვუთხარი, ბიჭო, ხიდს რომ ვუყურებდი, მომეჩვენა, თითქოს ვარდებოდა-მეთქი. ამაზე ძალიან გაეცინა. მეორე დღეს წყალდიდობა მოხდა და ის ხიდი მართლაც ჩამოინგრა. სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.

აგარაკზე რომ ავედით, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვიყავი და დალევა არ შეიძლებოდა, ცოტა ალკოჰოლი მივიღე. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მანქანაში ცუდად გავხდი. გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ჩვენი ავტომობილის წინ გაიარა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა… საავადმყოფოში ექიმი გადაირია, აცრის შემდეგ ადამიანი ალკოჰოლს რომ იღებს, იღუპება და შენ როგორ გადარჩიო.

_ გჯერათ, რომ მფარველი ანგელოზი გიცავთ?

_ კი, მჯერა.

_ სიზმრები აგცხადებიათ?

_ ისეთ სიზმრებს ვნახულობ, ყველა რომ ფურცელზე გადავიტანო, ტომეულები გამოვა. ხშირად ვხედავ მიცვალებულებს, რომლებსაც ვესაუბრები. სპიტაკის მიწისძვრის წინა ღამეს სიზმარში ვნახე, რომ ენგური შავი და ადიდებული მოდიოდა. ორივე ნაპირას კი ზეწარგადაფარებული ცხედრები ესვენა.

ერთხელ რაღაც ქაოსი დამესიზმრა, მერე კი ყველაფერი დაწყნარდა და სივრცე გამოჩნდა. რომ გავიღვიძე, მივხვდი, ხიფათი მელოდა, რომელიც კარგად დასრულდებოდა. აგარაკზე ძროხები მყავს და კახეთში ქერის და ხორბლის ჩამოსატანად წავედი. იქიდან რომ ვბრუნდებოდი, შუადღის 2 საათი იქნებოდა. ჩემი ჯიპის უკან ორტონანახევარი ქერით და ხორბლით დატვირთული მანქანა მოდიოდა. სანამ საგარეჯოში შეხვალ, ერთ ადგილზე ძალიან ცუდი მოსახვევია. იქ ყოველთვის იდგა შესაბამისი საგზაო ნიშანი, მაგრამ მოსახლეობა ჯართში ჩასაბარებლად ხშირად იპარავდა. ნიშანი მაშინაც არ იყო, ასფალტი კი ისე ლივლივებდა მზეზე, რომ სწორი გზა მეგონა და პირდაპირ წავედი.

იმ ადგილს სანამ მოვუახლოვდებოდი, ჩემი მეგობრის ბავშვი წინ მეჯდა და რატომღაც უკან გადავსვი. იმ მოსახვევთან საპირისპირო მხრიდან ,,ზილმა” შემოუხვია. მუხრუჭი ვიხმარე, მაგრამ მანქანა ვერ დაიჭირა და ,,ზილს”, რომელსაც 8 თუ 9 გაზის ბალონი მოჰქონდა, შუაში შევასკდი. წამებში გავიაზრე, რომ ვკვდებოდით და გავითიშე. ხალხის ყვირილმა მომიყვანა გონზე. თვალი რომ გავახილე, იმქვეყნად მეგონა თავი. საბედნიეროდ, მეც გადავრჩი და ჩემი მგზავრებიც, ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდათ.

_ მართლაც სასწაულია, რომ გადარჩით.

_ იცით, რამ გადაგვარჩინა? ქერის ტომრებმა. მუხრუჭი რომ ვიხმარე, ქერის ტომრები ზემოდან გადმოგვეყარა და ფაქტობრივად ქერის ორმოში ჩავცვივდით. ,,ზილი” შუაში იყო გამწყდარი, მისი მძღოლიც უვნებელი გადმოვიდა მანქანიდან. ვინც ჩვენ დასახმარებლად მოვიდა, ყველას უკვირდა, ცოცხლები როგორ გადარჩითო. მერე გავიგეთ, რომ იმ გზაზე იმ კვირაში 5 ადამიანი დაიღუპა იმავე მიზეზით, რომ გზის მანიშნებელი მოპარული იყო.

სოსო ჯაჭვლიანის ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში