,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
21 წლის ქართველმა გოგონამ, დოდონა ნამორაძემ, საბერძნეთში, მუსიკალურ პროექტ “ვოისში” მიიღო მონაწილეობა, ჟიური და მაყურებლები დაიპყრო, ფინალში გავიდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა, თუმცა პირველს ნამდვილად იმსახურებდა. საბერძნეთში წასვლამდე ქართულ მუსიკალურ შოუებშიც სცადა ბედი, მაგრამ რატომღაც მისი გასაოცარი ნიჭი შეუმჩნეველი დარჩა. 16 წლის გოგონას იმედი გაუცრუვდა. მერე ქუჩაში სიმღერამ გაიტაცა…
რამდენიმე წლის შემდეგ კი მასში ისევ გაიღვიძა საკუთარი შესაძლებლობების უფრო მასშტაბურად რეალიზების სურვილმა და საბერძნეთი აირჩია, რომლის ქართულ დიასპორასაც ძალიან ემადლიერება. საქართველოში დაბრუნებულმა დოდონამ ,,სარკეს” ბერძნული ტრიუმფის დეტალები უამბო:
– ბებიაჩემი 13 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა საბერძნეთში და სულ მეუბნებოდა, რომ უნდოდა, იქ კონკურსში გავსულიყავი, რადგან ძალიან უყვარს იქაური ხალხი, კულტურა… ასევე, რამდენიმე წლის წინ მყავდა მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარდა ბერძნული მითოლოგია და მეც შემაყვარა. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და მეც გადავწყვიტე, რომ ეს ის ქვეყანა იყო, სადაც “ვოისში” გავიდოდი.
პირველი მოსმენა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, მერე კი ბრმა კასტინგზე ჩავედი, სადაც ჩემმა სიმღერამ ოთხივე მწვრთნელის სკამი ჩემკენ შემოატრიალა.
– მანამდე რა გზა გაიარეთ, როდის დაიწყეთ სიმღერა?
– 21 წლის ვარ. 10 წლის ვიყავი, მშობლებთან ერთად ფილიპინებზე რომ წავედი, რადგან იქ დოქტურანტურაში სწავლობდნენ. მთელი ბავშვობა სულ ვმღეროდი, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე – არა. ფილიპინებიდან საქართველოში რომ დავბრუნდი, 16 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, ,,იქს ფაქტორში” გავსულიყავი. გავედი, მაგრამ, სამწუხაროდ, 4 სკამიდან გამოვეთიშე პროექტს და ძალიან დამწყდა გული.
საერთოდ აღარ ვმღეროდი. მერე კი გავიცანი იოსებ ახალკაციშვილი, რომელიც ქუჩაში მღეროდა და მეც დავიწყე ქუჩაში სიმღერა. 3 წელი არსად გამოვსულვარ, მხოლოდ ქუჩაში ვმღეროდი, რადგან გული მქონდა დაწყვეტილი.
– ოჯახში რას გეუბნებოდნენ ქუჩაში სიმღერაზე?
– ფულის გამო არასოდეს მიმღერია. მიყვარს და იმიტომაც ვმღეროდი. ჩემი ოჯახი კი ყოველთვის გვერდით მიდგას. საბედნიეროდ, კარგი მშობლები მყავს და თან ისეთი ვარ მე თვითონ, ვერც დამიშლიდნენ. ძალიან დამოუკიდებელი ვარ და არც ისინი არიან სექსისტები.
ჩემები როგორც მეუბნებიან, 10 თვის ვიყავი, მელოდია რომ გავიმეორე ზუსტად. 6 წლიდან პიანისტი ვარ, კლასიკურ ნაწარმოებებს ვუკრავ და ესეც დამეხმარა ამ ყველაფერში. ხელოვნების სკოლა მაქვს დამთავრებული თბილისში. სანამ ფილიპინებზე წავიდოდი, მანამდე დავდიოდი ამ სკოლაში და მერე იქიდან ჩამოსულმა დავასრულე.
– ფილიპინურმა ცხოვრებამ რა გამოცდილება მოგცათ?
– კარგად ვისწავლე ინგლისური და მათი ენა, ტაგალოგი, რომელიც დიდად აღარ მახსოვს. იქ უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი გავიცანი და მშობლების მადლობელი ვარ იმ გამოცდილებისთვის, რაც ამ ქვეყანამ მომცა. ჩემს ქვეყანას სულ სხვა გადმოსახედიდან შევხედე.
ძალიან მიყვარს საქართველო, იმის მიუხედავად, რომ 6 წელი აქ არ ვცხოვრობდი. ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ მთელი 6 წელი ენა შემინარჩუნეს, ისტორიაც მასწავლეს და სიყვარულიც. რომ ჩამოვედი, პირველი 2 წელი გაქცევაზე ვიყავი, არ მინდოდა აქ, მაგრამ ახლა ჩემი მშობლები და ძმა ამერიკაში წავიდნენ, მე კი არ გავყევი. მინდოდა, აქ ვყოფილიყავი.
– ალბათ პირველ ადგილს ელოდით ბერძნულ კონკურსში. აქ, საქართველოში, ყველა პირველ ადგილს გიწინასწარმეტყველებდათ.
– დიახ, მაგრამ, რადგან ორეულამდე მივედი, ესეც საოცრება იყო და იქ მცხოვრები ქართველების დამსახურება. ფინალში რომ გადავსულიყავი, ორი ტური უნდა გადამელახა ხალხის ხმის მიცემით, რაც ძალიან დიდი რაღაც არის. გადავლახე და ფინალში 7-ნი გავედით.
ბევრი ამბობს, რომ, რადგან ვერ გავიმარჯვე, ჩაწყობილი იყო და ა.შ. არ მიყვარს ასეთი რაღაცების თქმა. მადლობელი ვარ იმისა, რაც მოხდა. ვინც გაიმარჯვა, 16 წლის გოგონაა, რომელსაც ბევრად მეტად გაუხარდა გამარჯვება, ვიდრე შეიძლებოდა მე გამხარებოდა. მეც ვიყავი მისი ასაკის და… 16 წლის ასაკში რომ “ახალ ხმას” მოიგებ, ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველა ოცნება აუხდა, რაზეც შეიძლება 16 წლის ბავშვი ოცნებობდეს.
კულისებში ვთქვი, თუ ეს გამარჯვება მომიტანს ბედნიერებას და უკეთეს მომავალს, დაე, გავიმარჯვო, მაგრამ თუ რამე უკეთესი მელოდება და ეს გამარჯვება არ იქნება ჩემთვის ისეთივე კარგი, როგორიც მეორე ადგილზე გასვლა, მაშინ არ მექნება პრობლემა-მეთქი.
ბოლოს, როცა გამარჯვებული უნდა გამოეცხადებინათ, ვიგრძენი, ეს მე არ ვიყავი და თავი შევამზადე, რომ მშვიდად ვყოფილიყავი და არ მეტირა. ძალიან საყვარელმა ადამიანმა გაიმარჯვა და იმედია, მიაღწევს იმას, რაც უნდა.
გამარჯვებული როცა გამოაცხადეს, მკითხეს, რამე ხომ არ გინდაო. ვუთხარი ის ფრაზა, რასაც მე და იოსები ყველა სიმღერის მერე ვამბობდით ხოლმე – იხარე, ერო, მადლიერო. ქართულად ვთქვი და ყელში მომაწვა ემოციები, ლამის ამეტირა. ჩემი ქვეყნის სიყვარული მაქვს საოცრად გამჯდარი და ვიგრძენი, რომ ძალიან მადლიერი ვიყავი ჩემი ქვეყნისა და ხალხის, რომ იქამდე მივედი.
– ქუჩაში ისევ იმღერებთ?
– ქუჩაში სულ ვიმღერებ! მიყვარს ის, რომ ქუჩაში არ არის სცენა. სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები სცენაზე გიყურებენ, სინათლის ქვეშ და ამაღლებულ ადგილზე შენ ხარ, მაგრამ ქუჩაში ყველა ერთ დონეზე ვართ და არაფრით განსხვავდები სხვებისგან. უბრალოდ, შენ დაიბადე ამ ნიჭით და სულ გახსოვს, რომ არაფრით დაგიმსახურებია ის, რომ ასე კარგად მღერი, ზემოდან მოგეცა და უნდა გასცე.