გიორგი კეკელიძის ადგილს კოკო გამსახურდია დაიკავებს – ,,ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”

გიორგი კეკელიძის ადგილს კოკო გამსახურდია დაიკავებს - ,,ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა"პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მწერალი გიორგი კეკელიძე აღარ იქნება, მას პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. გიორგი კეკელიძის თქმით, ის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დაიბარა და უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობდა უნდა დაეტოვებინა.
,,პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია (ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ე.წ.,,უვადოა”), მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა.
მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომლებიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა – მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს”, – დაწერა გიორგი კეკელიძემ ,,ფეისბუქში”.
კონსტანტინე გამსახურდიამ ტელეკომპანია ,,პირველს” დაუდასტურა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის პოსტს ის დაიკავებს.