,,სულ მეშინოდა ამ დღის… გაფრინდა ამქვეყნიდან” – ლეგენდარული მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა

,,სულ მეშინოდა ამ დღის... გაფრინდა ამქვეყნიდან" - ლეგენდარული მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალალირიკული სოპრანო, ლეგენდარული მედეა ამირანაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
,,სულ მეშინოდა ამ დღის, მედეა გაფრინდა ამქვეყნიდან”, – დაწერა შვილმა, ოპერის მომღერალმა, მარინა ფარულავამ.
მედეა ამირანაშვილი შინ.ჯი-სთან იგონებდა:
-ბევრს დიდხანს ეგონა, კინოფილმ ,,ჭრიჭინაში”, ცნობილ სიმღერას (,,მშვენიერმა მაისმა”) ლეილა აბაშიძე ასრულებდა. არადა მას მე ვმღეროდი. რა პარტია არ შემისრულებია და რომელ სცენაზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ყველგან მაინც ამ სიმღერით მხვდებოდნენ, რადგანაც კინო ოპერასთან შედარებით მასობრივი ხელოვნებაა…
ლეილა აბაშიძე მეხუმრებოდა, მოდი, ფილმის ტიტრებში ნუ მივაწერთ, რომ შენ მღერიო… ერთხელ მატარებლით ერთად მივდიოდით და ხაშურში გავჩერდით, ხალხი “ჭრიჭინა, ჭრიჭინას” ძახილით შემოგვეხვია, ჰოდა, ლეილას ვუთხარი, მოდი, ახლა შენ იმღერე და პირს მე გავაღებ-მეთქი… მაგრამ მატარებელი დაიძრა და ლეილამ სიმღერა ვერ მოასწრო…
მამაჩემი, პეტრე ამირანაშვილი ოცნებობდა, სცენაზე ჩვენი წარდგენისას ასე გამოეცხადებინათ – საქართველოს სახალხო არტისტები, პეტრე და მედეა ამირანაშვილები… მამა რომ გარდაიცვალა, ეს წოდება ერთ თვეში მივიღე. ჯილდო ედუარდ შევარდნაძემ პირადად მომილოცა. ჩვენთან სახლში დარეკა: – “მედიკო, გილოცავ, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდება!” ტირილი ამიტყდა. – რატომ ტირიო? – მკითხა. მამა ამას ასე ნატრობდა და ვერ მოესწრო-მეთქი. მანუგეშა, – “რას იზამ, ასეთია ცხოვრებაო!”
გარდა იმისა, რომ მამაჩემი ქართული ოპერის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, ფართო მაყურებელი მას იცნობს უკვდავი ფილმიდან “ქეთო და კოტე”, სადაც თავადი ლევანის როლს განასახიერებს.
როდესაც რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ამ ფილმისთვის პერსონაჟს ეძებდა, სრულიად სხვა არტისტი ჰყავდა შერჩეული, მაგრამ მამა რომ გასინჯა, როლზე ულაპარაკოდ დაამტკიცა: კიდეც იმღერებ და კიდეც ითამაშებო… დედა, ნადეჟდა ცომაია მეცო-სოპრანო გახლდათ. იმიტომ არა, რომ დედა იყო, მაპატიოს ყველამ (ახლანდელმაც და ძველმაც), მაგრამ მსგავსი მეცო-სოპრანო არ მომისმენია… მშობლებს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი მიუძღვით.
ბავშვობაში წკრიალა ხმა მქონდა, მერე გარდამავალ ასაკში შემეცვალა. დედამ მითხრა, – მედიკო, იქნებ სიმღერაზე აღარ იფიქრო და უცხო ენებზე შეხვიდეო. არა, დედა, – ვუთხარი, მოვა დრო და ჩემით იამაყებ-მეთქი!..
ჩემი მეუღლე მოქანდაკე ოთარ ფარულავა იყო, რომელთან ერთადაც 10 წელი ვიცხოვრე. არ იყო ცუდი პიროვნება, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავცილდით. მან შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, მისი შვილია მსახიობი ია ფარაულავა. იასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, “მედიკო დედიკოს” მეძახის. ვწუხვარ, რომ იას ცოტა ხნის წინ ძმა გარდაეცვალა, ისიც კარგი გულის ბიჭი იყო…