ნინო ჯღარკავა ლუკა კურტანიძეს: ,,ამხელა კაცს რა გაწუწუნებს, იმ ძველ პატივისცემასაც ნუ დაგვიკარგავ, შეინარჩუნე ღირსება!”

ნინო ჯღარკავა ლუკა კურტანიძეს: ,,ამხელა კაცს რა გაწუწუნებს, იმ ძველ პატივისცემასაც ნუ დაგვიკარგავ, შეინარჩუნე ღირსება!"მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლომპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე დღეს ჭიდაობის ფედერაციაში, საანგარიშო ყრილობაზე არ შეუშვეს.

,,რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?” – ამ სიტყვებით მიმართა მან საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს.

მალევე მას სოციალური ქსელით უპასუხა პრემიერის მხარდამჭერმა ჟურნალისტმა, ნინო ჯღარკავამ, რომელმაც დაწერა (სტილი დაცულია):

,,ლუკა კურტანიძეს დაუწერია პოსტი ტირილ-ტირილით, ჭიდაობის ფედერაციაში მივედი საანგარიშო ყრილობაზე და არ მიმიღეს, არ გეკუთვნის კანონით დასწრებაო და ერთი პროსტინა წერილია წუწუნ-წუწუნით. ხოდა კანონით რომ არ გაქვს უფლება ყრილობაზე დასწრების, სად მიდიხარ, საქართველოს იმდენი მსოფლიო ჩემპიონი ყავს და ღმერთმა გვიმრავლოს, ყველა ხომ არ შევარდება ყრილობაზე, ყოფილი დეპუტატიც ხარ და პარლამენტში რო შევარდე მიმაჭერენეთ ხმის მიცემის პულტზე მეკუთვნისოო, იგივე ვარიანტია ეგ! ამხელა კაცს რა გაწუწუნებს, ხან ლოგინზე აღარ ვწევარ რაც ცოლი გამშორდა,  იატაკზე უნდა ვიძინოო, ინტერვიუებს იძლევი და რაღაც მთლად ვერ უნდა იყო კარგად! იმ ძველ პატივისცემასაც ნუ დაგვიკარგავ, შეინარჩუნე ღირსება! სიმართლე არის ეს და ჩამქოლეთ აწი”.

,,როგორც მსოფლიო ჩემპიონს ალბათ მქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა, რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები… დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე, ამ კუთხით მაინც ვთვლი, რაღაც შევძელი. იმის ღირსი მაინც ვიყავი, ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ, იმდენი ადამიანის წინაშე მაინც. არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო, რა ხდება,მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა, მეტი არაფერი.  თუმცა ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქო და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი.  შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა.

დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა. ძალიან დავმცირდი. ძალიან მეტკინა… რაღაც ვთქვი და წამოვედი. ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით, ყველას და,  პირველ რიგში, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული… დიახ, თქვენიდან, ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქემდე, ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე, რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა. მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი,  რომ ასე მამცირებენ?! იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ, ასე არ შეიძლება! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია. მტკივნეულია ძალიან, მაგრამ უფალს მივენდობი. ალბათ ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის…

მე ვღებულობ გეგა გეგეშიძისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას. მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე… მაგრამ ვფიცავ უფლისა და ერის წინაშე, რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ…. ვერ მივიღებ, რადგან არ დამიმსახურებია მისგან არც ერთი! უბრალოდ ვითმენდი, რადგან ვფიქრობდი, მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაცყოფის დავიწყებით  იმაზე მეტს ვეტყოდი, ვიდრე გაიგო, მაგრამ არ გამოვიდა… მე ვიღებ ამ გამოწვევას!” – დაწერა ლუკა კურტანიძემ.