,,ჩემთან მოვიდა ღმერთი” – ასე იწყებს თეონა ტიბუა თავის სტატუსს, რომელმაც შეუძლებელია, ადამიანი ზღვა ემოციებით არ აავსოს. ის წერს სრულიად უცნობი ადამიანების სიკეთეზე, რომელიც მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა.
,,ჩემთან მოვიდა ღმერთი! სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ ნამდვილ ამბავს, რაც წლების წინ თავად გადამხდა თავს. 10 წლის წინ მომიწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ქალაქ ვენიდან გადმოვედი ქალაქ ინსბრუკში. ვიშოვე ბინა, დავათვალიერე, მომეწონა და ავიღე. პირდაპირ შევედი, იმ დღესვე, გათბობა გამორთულ ბინაში, შუა ზამთარში…. თან ჩემი ყველა საჭირო ნივთის გარეშე… ანუ არ მქონდა თან არც საბანი, არც თეთრეული, არც ქვაბი. ნივთები მქონდა, უბრალოდ, იმ დღესვე ვერ შევიტანე ბინაში, მანქანიანი ვერ ვიპოვე ვერავინ… გათბობა ორშაბათს უნდა ჩაერთოთ, მე კი კვირას შევედი ბინაში.
მოკლედ, რაღაცნაირად ასე დაემთხვა, რომ ახალ ცარიელ ბინაში მქონდა მხოლოდ ტახტი, ჩემი ქურთუკი და თბილი ჯემპრი. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ბინა მქონდა. ჯემპრი ფეხებზე შემოვიხვიე და ქურთუკი საბნად მოვიფარე, თან დედას დავურეკე. ვსაუბრობდით ჩემს ახალ სამსახურზე, რომელიც უნდა დამეწყო მომავალ კვირას.
ცივი იყო ზამთარი, ბინაც, ოთახიც. რა თქმა უნდა, არ ვიმჩნევდი დედასთან. ვსაუბრობდით, როცა ჩემს კარზე უეცრად ზარის ხმა გაისმა. შემეშინდა, რადგან ჩემი ახალი მისამართი არავინ იცოდა.
თან ევროპაში ღამის 22:00 საათზე იშვიათად რომ ვინმე მოგადგეს გაუფრთხილებლად.
მოვიშორე ფეხებზე შემოხვეული ჯემპრი, ავდექი და გავბედე, გავაღე კარი. კართან იდგნენ ავსტრიელი, ჩემთვის სრულიად უცნობი ქალი და მამაკაცი.
მივესალმე, გაირკვა, რომ ჩემამდე ცხოვრობდა ეს ქალბატონი ამ ბინაში და ტელევიზორის ნაყიდობის ქვითარი, რომელიც 2 წლის გარანტიით იყო, მოიტანა, რადგან, როცა გადავიდა, ტელევიზორი დატოვა თურმე ძველ ბინაში. მე არ დამხვედრია ეს ტელევიზორი, ამიტომ ქვითარიც არ მჭირდებოდა. არ დამიჯერა ამ ქალბატონმა და შემოვიყვანე, ვაჩვენე, რომ ტელევიზორი არ მედგა.
შეათვალიერა ოთახი, ნახა ტახტზე დადებული შეხვეული ჯემპრი. გავარკვევო ტელევიზორის ამბავს, მომიბოდიშა, რომ ასე გვიან შემაწუხა და წავიდნენ. მე გავაგრძელე დედასთან საუბარი, რა თქმა უნდა, მცივა და ჯემპრით ვითბობ ფეხებს…
გავიდა 2 საათი და ისევ გაისმა ზარის ხმა კარებთან. ვაღებ კარს და ისევ ვხედავ ამ ცოლ-ქმარს, ოღონდ ამჯერად ხელში უჭირავს ცოლს საბანი, ლამაზი საბნის პირით, ასევე ორი ბალიში – დიდი და პატარა, პლედი, პირსახოცები, ხალიჩა. ქმარს კი ხელში ეჭირა რადიო.. ჩემი რეაქცია იყო შემდეგი – ფეხებში ძალის დაკარგვა და ჩავიმუხლე. ვიტირე… მიხაროდა… მტკიოდა…
შევეკითხე, რატომ შეწუხდით ამ გვიან ღამეს, თქვენ ხომ არც მიცნობთ-მეთქი. ქალმა მიპასუხა: ,,მე დედა ვარ, ვერ დავიძინებდი მშვიდად მას მერე, რაც ამ ცივ ბინაში ტახტზე, შეხვეული ჯემპრი ვნახე”.
შემოიტანა, რაც ეჭირა ხელში, თვითონ გამიშალა ტახტზე ლოგინი. ჩამეხუტა. ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და წავიდნენ. დიახ, იმ ღამეს ჩემთან მოვიდა ღმერთი… ყველასგან დავიწყებული და მარტო რომ ვიჯექი ტულფესის, გაყინულ ბინაში… მას შემდეგაც ბევრჯერ მოვიდა ჩემთან ღმერთი, მაგაზე სხვა დროს მოვყვები.
და დიახ, ევროპაშიც ცხოვრობს ღმერთი”.