რომელი ხაჭო ვაჭამოთ შვილებს

რომელი ხაჭო ვაჭამოთ შვილებსხაჭო რომ სასარგებლო პროდუქტია ყველასთვის, ეს აქსიომაა. როცა საქმე ბავშვების კვებას ეხება, ბუნებრივია, მშობლებს გარკვეული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. საინტერესოა, რომელი ხაჭო უნდა იყოს მათ მენიუში და რა რაოდენობით?

8-9 თვის ბავშვის ორგანიზმს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ჩაპუტკუნებული ჩვილებისთვის დაბალი ცხიმიანობის ხაჭო ჯობია. არსებობს დაბალცხიმიანი, მაგრამ მშრალი და უფრო მაგარი კონსისტენციის ხაჭო, რომელიც, მიუხედავად დაბალი კალორიულობისა (100 გ-ზე 86 კკალ), ბავშვს სწრაფად გვრის დანაყრების შეგრძნებას. 100 გრამ ასეთ ხაჭოს იგივე კვებითი ღირებულება აქვს, რაც ერთ პატარა ნაჭერ (30-35 გ) ქათმის ხორცს.

გასრესილი, თხელი ხაჭო ადვილად მოსანელებელია, არ აღიზიანებს კუჭსა და ნაწლავებს. ის შეგიძლიათ, სამკურნალო დიეტაში ჩართოთ გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ მხრივ არაჟნის კონსისტენციის, ქარხნული წესით მომზადებული სხვადასხვა ცხიმიანობის (0,2-დან 5,5%-მდე) ხაჭო.

უცხიმო და ნაკლებადცხიმიანი რძის პროდუქტებიდან კალციუმი უფრო იოლად და სრულფასოვნად აითვისება. 50 გრამ ხაჭოსაც კი შეუძლია დააკმაყოფილოს 1 წლის ბავშვის დღიური მოთხოვნილება კალციუმზე. ნორმალური წონის ბავშვებისთვის მისაღებია 9-11%-იანი ცხიმიანობის ხაჭო, უფრო მეტი ცხიმიანობისა კი ძალიან გამხდარი ბავშვებისთვისაც არ არის დასაშვები.

წლინახევრიდან ბავშვს მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მოუმზადოთ ხაჭოს პუდინგი, ნამცხვარი, მაგრამ ნატურალური ხაჭო მაინც აუცილებელია. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვებისთვის თერმულად დამუშავებულ ხაჭოს კერძებს მიანიჭეთ უპირატესობა.

,,სარკისთვის” მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა