ნატუკა გულისაშვილი: ,,გაჭირვებამ ძლიერ ქალად მაქცია, იმ წლებს მადლობა გადავუხადე”

ნატუკა გულისაშვილი: ,,გაჭირვებამ ძლიერ ქალად მაქცია, იმ წლებს მადლობა გადავუხადე",,სარკე”, ია ქუთათელაძე

სალისიანი, მომღიმარი, გულიანი მსახიობი, ნატუკა გულისაშვილი, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე გულხელდაკრეფილი არ მჯდარა და ზეციდან ჩამოყრილ მანანას არ დალოდებია. შეძლებულ ოჯახში ნებიერად გაზრდილი დედისერა გოგო, როცა ცხოვრებისეული სიძნელეების წინაშე პირისპირ აღმოჩნდა, არ შეშინდა, საკუთარი ძალებით, შრომით შეეცადა გაეტანა ლელო, ერთადერთი ქალიშვილისთვის და დედისთვის არაფერი მოეკლო.

წარუმატებლობა დიდხანს არ გრძელდება, როგორც ბრძენი ამბობს, ყველაფერი გაივლის – ასე ფიქრობს მსახიობი. მართლაც ბევრჯერ მომხდარა, ერთი დახურული კარის შემდეგ მის ცხოვრებაში მეორე კარი გაღებულა. მთავარია, არ იყო ამპარტავანი, გიყვარდეს შრომა, გიხაროდეს ყოველი დღის გათენება და აკეთო სიკეთეო, მითხრა ინტერვიუს ჩაწერის დროს.

– ნატუკა,დიდი ხანია, ტელეეკრანზე ხართ. როგორ მოირგეთ, როგორ შეეჩვიეთ ცისფერ ეკრანს?

– როცა 2012 წელს ,,იმედმა” კულინარიული ბლოკის წაყვანა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი. თითოეული კერძის მომზადება ჩემთვის ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორიც როლის კარგად შესრულება. რეალურადაც ასეა, თუ კერძს რამე დააკელი, გულით არ მოამზადე, ის არც კარგი გამოვა და არც გემრიელი. როლსაც ასე უნდა მიუდგე, მთელი შენი შესაძლებლობა, შენი ცოდნა, სული და გული უნდა ჩააქსოვო. მხოლოდ მაშინ შექმნი საინტერესო სახეს.

ძალიან მომწონს ტელევიზიაში მუშაობა. ეს ჩემთვის ახალი ეტაპი იყო, რომელმაც მომცა საშუალება, გადამელახა ცხოვრებაში არსებული სიძნელეები.

– კინო ახსენეთ. პირველი ფილმი, რომლითაც მაყურებელმა გაგიცნოთ, იყო გიორგი შენგელაიას “მიდიოდა მატარებელი”, სადაც ცნობილ მსახიობებთან ერთად მოგიწიათ თამაში. გაიხსენეთ გადაღებები, როგორები იყვნენ დიდი მსახიობები კადრმიღმა.

– არსებობენ ჩემზე ბევრად ნიჭიერი მსახიობები, მაგრამ ისე ამთავრებენ კარიერას, ასეთ ბუმბერაზ მსახიობებთან, როგორებიც იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე და კახი კავსაძე, გენიალური რეჟისორი, გიორგი შენგელაია, შეხება არ ჰქონიათ. არაფერს ვამბობ მსახიობთა გუნდზე, ყველა უნიჭიერესი, შესანიშნავი იყო! ასეთი კრებული ერთად მართლაც იშვიათია.

ჩვენთვის, დამწყები მსახიობებისთვის, ეს იყო დიდი სკოლა. არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ მივიღებდი ასეთ ცოდნას და გამოცდილებას. ვისწავლე, როგორ უნდა პარტნიორთან ურთიერთობა. ვისწავლე, როგორ არ უნდა იყო ამპარტავანი, რა სიმაღლეზეც უნდა ახვიდე. კადრის მიღმა ისინი განუმეორებელნი იყვნენ. ახალგაზრდა მსახიობებს პატივს სცემდნენ, თანასწორად იღებდნენ, შესვენებისას გვიამბობდნენ სახალისო ისტორიებს თავიანთი სამსახიობო ცხოვრებიდან, თითქოს არასდროს იღლებოდნენ. როცა კადრი ჩერდებოდა, ზოგი მსახიობი სიგარეტს მოუკიდებდა, ზოგი ჩამოჯდებოდა და ისვენებდა. ისინი კი, შემართულები, ენთუზიაზმით ემზადებოდნენ ახალი კადრისთვის.

თქვენი ფილმებიდან რომელს გამოარჩევდით, რომელსაც პოპულარობას უმადლით?

– სულ მინდოდა, მეთამაშა ზღაპარში. გამიმართლა, ვითამაშე ფილ-ზღაპარში “ანოს და ვანოს თავგადასავალი”. ვიყავი ბავშვების ძიძა. პატარები არ განეწყობიან შენ მიმართ კეთილად, თუ არ დაინახეს შენი გულწრფელობა, სუფთა გრძნობები, თბილი, მშობლიური დამოკიდებულება. მე ეს შევძელი. მიხარია, როცა დღესაც მცნობენ ბავშვები ქუჩაში და ხშირად მეუბნებიან, შენ ხარ ანოს და ვანოს ძიძაო.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი ფარაჯანოვის ფილმი სერგო ფარაჯანოვზე, სათაურით “ყველანი წავიდნენ”. როცა ფარაჯანოვზე მიძღვნილ ფილმში თამაშობ და პარტნიორად დავით დვალიშვილი გყავს, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!

– შესანიშნავი ტელეკულინარი ხართ. ცხოვრებაშიც გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი?

– გავიზარდე ტრადიციულ ოჯახში. ჩემი დიდი ბებია მარო თარხნიშვილი იყო, მამა მეღვინე გახლდათ, მამიდა – მუსიკოსი. ოჯახში ხშირი სტუმრიანობა იყო, კარგი, ქართული სუფრები იშლებოდა. მადლობელი ვარ ბებიის, არასდროს მიშლიდა სამზარეულოში ყოფნას. ზოგი მშობელი ვერ იტანს, ბავშვი რომ ხელს ჩაყოფს ცომში ან სხვა რამის გაკეთებას მოინდომებს. მე სულ დედის გვერდით ვტრიალებდი, ვეხმარებოდი სუფრის გაშლაში, ალაგებაში. კერძების მომზადების დროს პატარ-პატარა დავალებას მაძლევდა და ასე “შემომესწავლა” ყველაფერი.

მერე ექსპერიმენტების კეთება დავიწყე. მაგალითად, ჩვენი ტრადიციული ნიგვზიანი ბადრიჯანი რატომ არ შეიძლებოდა გამეკეთებინა ხაჭოთი ან ნადუღით? არანაკლებ გემრიელი გამოვიდა, თან ძალიან მსუბუქი.

ხუთი წელი და შვიდი თვე, ყოველ დილას, შაბათ-კვირის გარდა, ტელეეკრანიდან კერძების რეცეპტებს ვიძლეოდი, პარალელურად ვაკეთებდი კიდეც. ვცდილობდი, გამაღიზიანებელი არ ვყოფილიყავი, არ მესაუბრა უცხოურ დელიკატესებზე და, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი პროდუქტებით შემეთავაზებინა კერძების მომზადება, რაც მაცივარში გვაქვს. სხვა გადაცემებშიც ასე ვიქცეოდი, ამიტომ ჩემთვის ორგანულია სამზარეულოში ფუსფუსი. მიყვარს, როცა ვამზადებ და მერე მეგობრებს ვეპატიჟები. ჯერ გადაყლაპული არა აქვთ ლუკმა და ვეკითხები, ხომ მოგეწონათ-მეთქი.

– ასეთი დიდი გამოცდილების მქონეს არ გიცდიათ, სარესტორნო ბიზნესში გეცადათ ბედი?

– ორჯერ მქონდა ასეთი შესაძლებლობა, როცა ფული სხვისი იყო, გამოცდილება – ჩემი. ორჯერვე დავდექი არჩევანის წინაშე, ან მეგობარი უნდა დამეკარგა, ან წამოვსულიყავი და წამოსვლა ვარჩიე. ვოცნებობ, მქონდეს პატარა, მყუდრო ოჯახური კაფე, რომელსაც დავარქმევ “ნატუკასთან”. ზოგჯერ ოცნებები ხდება.

– ცნობილია თქვენი სიყვარული ცხოველთა სამყაროსადმი. ეს ოჯახიდან გამოგყვათ?

– დიახ, ბავშვობიდან. ჩემი მშობლებიც ასე იყვნენ, მეც გამომყვა მათგან. ოჯახში, სადაც ერთი ცხოველი მაინც არის, ბავშვი აგრესიული, ბოროტი არ გაიზრდება. ახლა ჩემთან ბინადრობს ერთი ძაღლი, ერთი შინშილა და უამრავი სხვადასხვა სახეობის მცენარე.

ყველამ იცის, ჩემს მანქანაში ყოველთვის მაქვს მშრალი საკვები ძაღლებისთვის. სადაც დავინახავ ქუჩის ძაღლებს, ვაჭმევ. ამდენი წლის განმაალობაში არასდროს არსად ერთ ძაღლსაც არ შემოუყეფია ჩემთვის. ყველაზე კარგად ისინი გრძნობენ ადამიანების დამოკიდებულებას.

– შვილი მარტომ გაზარდეთ. გვიამბეთ, რას საქმიანობს, როგორი ადამიანი დადგა.

– მყავს ერთი ქალიშვილი, 27 წლის ანა ბახტაძე. არ უყვარს საჯაროდ კამერების წინ გამოჩენა. სულ ორჯერ მახლდა ტელევიზიაში, ერთხელ – დედის დღეს და ერთხელაც – 8 მარტს. არასდროს უნდოდა მსახიობობა. პატარას როცა ეუბნებოდნენ, ანა, შენ მსახიობი გამოხვალო, პასუხობდა, არა, მე მაყურებელი ვიქნებიო. მართლაც, კარგი მაყურებელია.

მრავალფეროვანი ინტერესები აქვს, ხელოვნებათმცოდნეა, სინქრონისტი, გერმანისტი. ამჟამად მუშაობს გრაფიკულ დიზაინზე. რადიკალურად განსხვავებულები ვართ ხასიათებით, ტემპერამენტით. კარგი სმენა აქვს, შესანიშნავად მღერის, მაგრამ მხოლოდ თავისთვის, შინაურულად. გათხოვილი არ არის. ჩემნაირად გიჟდება ცხოველებსა და მცენარეებზე.

– ახლა, როცა უკვე შემდგარია თქვენი შვილი, როგორ გახსენდებათ მარტოხელა დედობის გზა?

– იმ პერიოდში ცხოვრება ზოგადადაც რთული იყო, მაგრამ, როცა ადამიანი ჯანმრთელი ხარ, გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი და თავი, არ უნდა იწუწუნო. კეთილი უნდა ინებო, ხელი გაანძრიო და შენი გასაკეთებელი გააკეთო. თეატრში ვმუშაობდი, მაგრამ იმ დროს თეატრში ხელფასი მიზერული იყო. მე კიდევ მყავდა დედა და პატარა ბავშვი, ამიტომ ღამით ვაცხობდი ნამცხვრებს და დილით ვაბარებდი. მერე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან პატარა ჯიხურში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია მქონდა და მთელი დღე იქ ვიყავი. საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდი “სარდაფში”, ღამით ისევ ვაცხობდი და ასე რუტინაში გადიოდა დრო.

არანაირი შრომა არ მეთაკილებოდა. ხშირად მაღაზიაში შემოსული მყიდველები მცნობდნენ, მეკითხებოდნენ, თქვენ მსახიობი ხომ ხართო. დიახ-მეთქი, ვპასუხობდი და სულ არ მრცხვენოდა.

ადამიანი ამპარტავანი არ უნდა იყო, რწმენა უნდა გქონდეს. როცა ცხოვრებაში რაიმე ცუდი ხდება, ის მუდმივად არ გაგრძელდება, აუცილებლად შეიცვლება. ამ ყველაფერს რომ გაივლი, ძლიერდები, მერე აღარაფრის გეშინია, მზად ხარ ბრძოლისთვის. როცა ჩემს ცხოვრებაში საქმეები სიკეთისკენ შეიცვალა, იმ წლებს მადლობა გადავუხადე, რომ მასწავლა გაჭირვებასთან გამკლავება, ძლიერ ქალად მაქცია.

– თქვენი ქალური ინტერესები, მოთხოვნილებები – თავის მოვლა, ფორმაში ყოფნა, დაკმაყოფილებულია, მოგწონთ საკუთარი ვიზუალი ან როგორ ზრუნავთ მასზე?

– ყველა მეუბნება, რომ ჩემი ფუმფულა ფორმების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, როგორი ვიქნები, მე კი წარმომიდგენია და მინდა, ამას მივაღწიო! უპირველესი, იცით, რა არის? შეიყვარო შენი თავი, არ დაისტრესო ზედმეტი წონის ან შენი გარეგნობის გამო და შეეცადო, უკეთესი გახდე.

პანდემიის პერიოდში საკმაოდ მოვიმატე და ის ზედმეტი კილოგრამები მაწუხებს, მაგრამ დიეტებით ვერ გავუწევ წინააღმდეგობას. არ შემიძლია, დადგენილ საათებში დადგენილი გრამებით მივიღო საკვები. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო და მეტი ვიმოძრაო. ცოტა დათბება თუ არა, ფეხით სიარულს დავიწყებ უფრო აქტიურად.

ფორმაში ყოფნა სახის მოვლასაც გულისხმობს. არ ვარ ძვირადღირებული ბრენდული კრემების მოტრფიალე, შეიძლება ჩაანაცვლო ბულგარული, პოლონური კრემებით. დაბალფასიანიც არის და კარგი ხარისხისაც.

მაცივარში სულ მაქვს გვირილის ნაყენის და ჩაის ნაყენის ყინულის კუბები, რითაც ვიწმენდ სახეს. მიყვარს კიტრის ნაფცქვენის დადება. ბევრი ხალხური საშუალება არსებობს და ვისაც რა მოუხდება, ის უნდა გამოიყენოს. ამას ფინანსები არ სჭირდება.

არაფერს ახალს არ ვიტყვი, მთავარია, შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი, გქონდეთ კარგი განწყობა და ყოველ დილას მადლობელი იყოთ, რომ გაიღვიძეთ. გახსოვდეთ, ნებისმიერი განსაცდელი გაივლის. არ შეიკრათ შუბლი, კეთილად უყურეთ ყველას, ხშირად გაიღიმეთ, თქვით: “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!” და არასოდეს თქვათ ,,არასოდეს”.