მარიამ ზარიძე: ,,რუსმა ქალმა საბავშვო ბაღი დაარეგისტრირა, სადაც მხოლოდ რუსი მოქალაქეების შვილები ივლიან”
ახალგაზრდა იურისტმა საქართველოში პირველი ვირტუალური ოფისი შექმნა

მარიამ ზარიძე: ,,რუსმა ქალმა საბავშვო ბაღი დაარეგისტრირა, სადაც მხოლოდ რუსი მოქალაქეების შვილები ივლიან",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

საქართველოში პირველად განხორციელდა ვირტუალური კონსულტაცია კლიენტსა და იურისტს შორის ,,მეტავერსში”, რომელსაც ინტერნეტის მომავალს უწოდებენ. იურიდიული საქმიანობის მოძველებული სახე ახალგაზრდა იურისტმა, ქართველმა გოგონამ, მარიამ ზარიძემ, შეცვალა, რომელიც ბიზნესისა და საიმიგრაციო სამართლის სფეროში მუშაობს. ის ამბობს, რომ ახალი, “მეტავერსის” იურიდიული ოფისი მზად არის, დღის ნებისმიერ დროს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს გასცეს პასუხი. მარიამ ზარიძის თქმით, ძალიან არის გაზრდილი რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობა, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვება სურთ.

იურისტი ,,სარკესთან” საუბრობს იურისტისა და კლიენტის ვირტუალურ კომუნიკაციაზე, რომელიც უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი და ასევე ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა უცხოეთის მოქალაქეების გაძლიერებული მოთხოვნა საქართველოში დამკვიდრებაზე, რასთანაც თავად აქვს უშუალო შეხება თავის პრაქტიკაში.

მარიამ ზარიძე: ჩვენს საზოგადოებაში ალბათ ძალიან ცოტას თუ წარმოუდგენია, რას ნიშნავს, მიხვიდე იურისტთან კონსულტაციაზე ვირტუალურ სივრცეში. ეს კი ცხოვრების გამარტივების გზაა – მარტივად შედიხართ საიტზე, ჯავშნით უფასო კონსულტაციას და სახლიდან გაუსვლელად გასაუბრებას გადიხართ იურისტთან, რომელმაც უკვე წინასწარ იცის თქვენი საჭიროებების შესახებ და მომზადებული გხვდებათ ყველა საჭირო ვერბალური თუ ვიზუალური პასუხით ისე, რომ ვერ გრძნობთ, რომ რეალურად ოფისში არ ხართ.

ეს იდეა კლიენტთან ოფიციალური მიმოწერისას მომივიდა, რომ თითოეული კონსულტაცია უფრო ინტერაქტიული და ჰუმანური გამეხადა და ვთხოვე ,,ზუმისძძ ლინკზე შემოსულიყო.

ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა “მეტავერს” ოფისზე. ძალიან მალე მივაგენი ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომ სივრცეს, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობით იქნებოდა გამოყენებადი და შევქმენი პატარა კომფორტული სივრცე, სადაც დავპატიჟე ჩემი კლიენტები კონსულტაციის იქ გასავლელად. მათ აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, პირველად ჰქონდათ მსგავსი პრაქტიკა. მიუხედავად ტექნოლოგიებში საქმიანობისა, იურიდიული ფირმა ვირტუალურ სივრცეში მაინც სიახლეს წარმოადგენდა. ეს ადამიანები ისედაც დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციით და ამ სიახლემ მათი ინტერესი უფრო გააღვივა.

დღეს შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ჩემთან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კონსულტაციაზე მოვიდეს ჩემსავე ვირტუალურ ოფისში. საქართველოში ჯერ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს და ვამაყობ, რომ პირველი გიყვებით ამის შესახებ.

– ძირითადად რა სახის მომსახურება სჭირდებათ ქართველი იურისტებისგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

– რუსების ,,შემოსევა” გვაქვს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. თავიდან დღეში, მინიმუმი, 15 კაცი გვიკავშირდებოდა. აქ ძირითადად საბანკო ანგარიშების გახსნას ითხოვენ. ზოგი ამერიკაში მუშაობს, ზოგი – ევროპაში, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში დაბლოკილი აქვთ ანგარიში, საერთაშორისო გადარიცხვები აღარ მუშაობს იქ, აქ კი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდებიან. ჩამოდიოდნენ ასევე ის რუსები, ვინც ომის გამო პროტესტი გამოთქვეს, ერთხელ ამის გამო უკვე სცემეს და განმეორების შემთხვევაში ციხე რომ ემუქრებოდათ…

ყველაზე გამაღიზიანებელი, იცით, რა არის? სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თუ მოწიწებით გელაპარაკება, გთხოვს, დაეხმარო, რუსების უმრავლესობა კი არ გთხოვს, მოთხოვნას გიყენებს. ისეთი ტონით გელაპარაკებიან… სხვა ერის მოქალაქეები გრძნობენ, რომ შენს ქვეყანაში სტუმრად არიან და უნდა გთხოვონ. რუსები კი ისე იქცევიან, თითქოს ვალდებული ხარ, მოემსახურო, რის გამოც ძალიან ბევრისთვის უარი მითქვამს. რომ ეუბნები, რომ ჯერ სხვა გელოდება, არ ესმით და სწრაფ მომსახურებას ითხოვენ. ძირითადად ბანკის ანგარიშის გახსნას ან ინდმეწარმისა თუ შპს-ის რეგისტრაციას ითხოვენ.

ერთმა, იცით, რა გააკეთა? საბავშვო ბაღი დაარეგისტრირა, სადაც მხოლოდ რუსი მოქალაქეების შვილები ივლიან და სწავლებაც მათ ენაზე იქნება.

ძალიან ბევრი რუსი ყიდულობს და ქირაობს სახლს. ყველასათვის ნაცნობი პრობლემაა, რომ ქართველები ვერც კი ქირაობენ ბინებს, რადგან ფიზიკურად არ არის. ბევრი რუსი ეძებს და ყიდულობს ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწებსაც. ზოგი მერე იმ მიწაზე სახლს აშენებს.

– სახელმწიფოსგან რაიმე სახის შეზღუდვები ეღობებათ წინ?

– ერთადერთი, ბინადრობის უფლების მიღებაზე უქმნის სახელმწიფო პრობლემას, მაგრამ მაინც შეუძლიათ მიიღონ. სახლის ყიდვა ხომ ჩვეულებრივი ამბავია, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ზოგს მოთხოვნა მოქალაქეობის მიღებაზეც აქვს შეტანილი. ზოგს, მაგალითად, დედა ჰყავს ქართველი და ამ დროს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ.

ბინადრობის მიღების უფლებას რაც შეეხება, ამაზე პრობლემა ქართველებსაც აქვთ და სხვა ერის წარმომადგენლებსაც, გააჩნია, ვინ განიხილავს ამ ამბავს. ხშირად ლატარიასავით არის – მოეწონები თუ არა სახეზე, იმის მიხედვით იძლევიან ამ უფლებას. არავინ ეუბნება, რადგან ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქე ხარ, ამიტომ არ მოგცემ ბინადრობის უფლებასო. სხვა ქვეყნებმა დაუწესეს ათასი შეზღუდვა რუსებს, ჩვენთან კი მსგავსი არაფერია.

თავიდან ბანკებმა გაართულეს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქმე – თანხა ძალიან გაუძვირეს ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ ახლა მხოლოდ რუსებზე კი არა, სხვა ყველა ქვეყნის მოქალაქეზე იგივე გააკეთეს. შესაბამისად, რუსებისთვის ჩვენს ქვეყანაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და ისე გრძნობენ აქ თავს, როგორც საკუთარ ქვეყანაში.

საიმიგრაციო სამართლის საკითხებზე ვმუშაობ, რომელიც იმას ემსახურება, რომ სხვა ქვეყნის ინვესტიცია საქართველოში შემოვიდეს. 99%-ით უცხოელებთან მაქვს შეხება. უკრაინის ომამდე მხოლოდ ისეთ პროექტებს ვაფორმებდით, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში ინვესტიცია შემოდიოდა, თანხა იდებოდა ამა თუ იმ სფეროში. უცხოეთიდან შემომავალი ინვესტიციის გარეშე ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ვერც იცოცხლებს. ახლა სხვაგვარადაა – აქ ხსნიან ანგარიშებს და მერე იმ ანგარიშზე ჩარიცხულ ფულს სხვა ქვეყანაში ხარჯავენ.

– სახლებს ძირითადად სად ყიდულობენ რუსები?

– ბათუმსა და თბილისში. ეს ორი ქალაქი გადავსებულია რუსებით. ერთი რუსი ქალია, რომელსაც უამრავი სახლი აქვს საკუთრებაში წყნეთში და ასევე, უამრავი ბიზნესი აქვს აქ დარეგისტრირებული.

ბრიტანელი, ინდოელი, ლიბანელი, ირლანდიელი, იტალიელი კლიენტებიც გვყავს. მაგალითად, იტალიელმა აიღო ბინადრობის უფლება და, უკვე კარგა ხანია, აქ ცხოვრობს. ცოლიც ჰყავს და შვილებიც – მთელი ოჯახი აქ არის. იცით, რატომ უნდათ აქ ცხოვრება? ეს ადამიანები ძირითადად ონლაინ მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. საქართველოში კი ბიზნესის რეგისტრირება მათთვის საუკეთესო გამოსავალია, რადგან სხვებთან შედარებით ძალიან დაბალი საშემოსავლო გადასახადი გვაქვს.

– ძირითადად რა სახის ბიზნესს არეგისტრირებენ?

– უმრავლესობა ციფრულ, კომპიუტერულ მომსახურებას ეწევა და მათ შორის აქ ჩამომსვლელი რუსების 99%. ყველას დისტანციური სამსახური აქვს. ერთი ბრიტანელი კლიენტი მყავდა, რომელსაც ბევრად დიდი პრობლემა შეუქმნეს ბანკის ანგარიშის გახსნაზე, ვიდრე რუსებს უქმნიან. კაცს 10-10 ანგარიში აქვს ბრიტანეთში, თვითონ დუბაიში ცხოვრობს, მსოფლიო მოქალაქეა, მგონი და აქ მთელი წელი ვიწვალეთ მისი საბანკო ანგარიშის გახსნაზე.

– მიზეზი რა იყო?

– ვერ გეტყვით, როგორც წესი, გარკვეულ პასუხს არ იძლევიან. ამ დროს ბინადრობის უფლებაც კი აქვს საქართველოში.

აქ ჩამომსვლელი რუსების 80% მდიდარია, თუმცა მყოლია რამდენიმე კლიენტი, რომელსაც უთქვამს, ბოლო 300 დოლარს ვდებ და, თუ ბანკმა ანგარიში არ გამიხსნა, წასასვლელი ფულიც არ მრჩებაო. ბევრი ჩამოდის, მხოლოდ საბანკო ანგარიშს ხსნის და უკან მიდის, არ რჩება, რადგან სხვა ქვეყნებში უფრო გართულებულია საქმე, ვიდრე ჩვენთან. ვინც აქ რჩება და იმ თანხას, რაც სხვა ქვეყნიდან ერიცხება, აქვე ხარჯავს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგია, მაგრამ ვინც მიდის და სხვაგან ხარჯავს ამ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას, ბევრს არაფერს ნიშნავს ჩვენი ეკონომიკისთვის.

– ბინადრობის უფლებას როგორ იღებენ, რა პროცედურების გავლა უწევთ?

– ბინადრობას ძირითადად აძლევენ მათ, ვისაც აქ უკვე სახლი აქვთ ნაყიდი. სახლის ყიდვის უფლება კი ყველას აქვს. მერე კი, რადგან უკვე ამა და ამ მისამართზე ცხოვრობენ, ბინადრობის უფლებასაც ითხოვენ. ამ შემთხვევაში უარს იშვიათად იღებენ. ამ უარის მიზეზად კი ხშირად წერია, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნებით უარსო, დაკონკრეტებული კი არაფერია.

უცხოელების მომართვიანობა როცა დაიწყო, მათ ბევრი იურიდიული კომპანია არ ემსახურებოდა, რადგან არ არსებობდა ეს სერვისი იმის გამო, რომ საქართველოში ჩამოსვლის, აქ საბანკო ანგარიშის გახსნისა თუ ბინადრობის უფლების მოთხოვნას არავინ აყენებდა. ამიტომ თითქმის ყველა ჩვენთან მოდიოდა და დღეში, მინიმუმი, 15 კაცი მოგვმართავდა. მერე კი ბევრმა დაიწყო ამ სფეროში მომსახურება და ახლა ჩვენამდე დღეში 5-6 მოქალაქე მოდის.

ადამიანები, რომლებიც მორალურ დონეზე არ აღიარებენ, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ახლა საშინელებას აკეთებს უკრაინაში, ჩემი აზრით, არ არიან ღირსნი, რაიმე სახის იურიდიული მომსახურება გაეწიოთ, ამიტომ მათ მუდამ უარით ვისტუმრებ, არავითარ შემთხვევაში არ ვეხმარები. ზოგი რუსი უკრაინული დროშითაც მოსულა, უარი რომ არ გვეთქვა. არიან ისეთებიც, რეალურად რომ ხვდებიან, რა დონის დამნაშავეა რუსეთი და მართლა განიცდიან ამ ამბავს. ვფიქრობ, ჩვენი თაობის რუს წარმომადგენლებს უფრო კარგად აქვთ გააზრებული ეს სისასტიკე და უკეთესად მოაზროვნეებიც არიან, ვიდრე ჩვენი მშობლების თუ წინა თაობები.

რუსეთის მოქალაქე მოვიდა და მეუბნება, ვისგანაც სახლს ვყიდულობ, რუსული კარგად ესმის და ქართული ხელშეკრულება არ მჭირდება, რუსული მინდაო. ვერაფრით შეიგნო, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა – წარმოგიდგენიათ, ამბობდა, ის ადამიანი საუბრობს რუსულად და მე ქართული ხელშეკრულების დადებაში რატომ უნდა ვიხადო ფულიო. არა მხოლოდ კანონს, ქართულ ენასაც არ სცემდა პატივს და, რა თქმა უნდა, მივაბრძანე ჩემი ოფისიდან. სამწუხაროდ, როგორც ვიცი, მაინც იყიდა ის სახლი, რადგან სხვამ გაუწია ის მომსახურება, რასაც ითხოვდა.

ინგლისური იციან, მაგრამ მაინც უნდათ, რუსულად ელაპარაკო. ვეუბნები, რუსულად არ დაგელაპარაკები, ინგლისურად მითხარით-მეთქი. კი, დაგელაპარაკება იმ წუთას ინგლისურად, მაგრამ მერე მეილს მაინც რუსულად მოგწერს, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელია.

ბინადრობის გარეშეც აქვთ რუსებსა თუ ლიბანელებს საქართველოში დარჩენის უფლება ერთი წლით. ლიბანელები არ ითხოვენ აქ დარჩენას. მათ ქვეყანაში საშინელი ფინანსური კოლაფსია და აქ მხოლოდ იმიტომ ჩამოდიან და ბიზნესს არეგისტრირებენ, რომ თავს იზღვევენ. რუსები კი რატომ იღებენ ბინადრობის უფლებას ჩვენთან, საეჭვოა. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის არასოდეს შემიშლია ხელი, ბინადრობის უფლება მიეღოთ, რუსებს კი უმრავლეს შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ ვეხმარები.

თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელი ერის წარმომადგენლებმა დაიმსახურეს თქვენი სიმპათია?

– ლიბანელებმა. ისეთი მამაკაცები არიან, რომ იციან, რა უნდათ. ქართველი კაცები თუ მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ისინი ხვალინდელზე, მომავალზე ფიქრობენ და პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ საკუთარ თავზე, რაღაცნაირად ვაჟკაცურები არიან ამ ერის წარმომადგენლები.