გაამდიდრა თუ არა გიორგი მარშანია ჟირაფმა ჟოზემ – ,,ის მეგობრულია, მე უჟმური ვარ”

გაამდიდრა თუ არა გიორგი მარშანია ჟირაფმა ჟოზემ – ,,ის მეგობრულია, მე უჟმური ვარ”,,სრკე”, რუსუდან ადვაძე

ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური პერსონაჟი, ჟოზე, მალე ამერიკელი ბავშვების მეგობარი გახდება და იმედია, ისეთივე საყვარელი, როგორიც ეს საქართველოში მცხოვრები პატარებისთვის არის.

,,დაახლოებით 18 თვის წინ პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი:

JOZE TAKES OVER AMERICA! სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუ იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან ერთდროულად, მთლად დამაჯერებელი არ არის, მაგრამ
6 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა ,,იუთუბზე” ამერიკელი ბავშვებისთვის. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან, მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა
ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება, ეს ფაქტია. როგორც არ უნდა იყოს, მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ! მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობთ!
ჟოზეს ძალიან უყვარხართ”, – დაწერა ანიმაციური სერიალის ,,ჟირაფი ჟოზეს” შემქმნელმა გიორგი მარშანიამ.

გიორგი მარშანიამ ამ პერსონაჟზე მუშაობა ნიკოლოზ კემულარიასთან ერთად დაიწყო, რომელსაც მათ წრეში კემოს სახელით იცნობენ. ჟოზესთან ერთად ცხოვრებასა და მუშაობაზე მისი შემქმნელი ,,სარკეს” უყვება:

– მე და კემო გართობის მიზნით, ჩვენთვის პატარ-პატარა ანიმაციებს ვაკეთებდით, 1-2-წუთიანს. ერთხელ ვიფიქრეთ, რომ საგანმანათლებლო ჟანრის ვიდეოს გაკეთება გვეცადა და გავაკეთეთ ჟოზე. როგორც კი პირველი სერია, ,,მხიარული მათემატიკა”, ავტვირთეთ, მაშინვე გახდა პოპულარული. ერთ წელიწადში მოაგროვა 6 მილიონი ნახვა. როგორც კი მივხვდით, რომ ხალხმა აიტაცა და ძალიან პოპულარულ პერსონაჟად იქცა, გადავწყვიტეთ, საქმიანი სახე მიეღო ამ ყველაფერს.

მე პროფესიით ანიმატორი არ ვარ. თავიდან სამუშაო პროცესისა და ინტუიციის შედეგი იყო და ვერსიებს შორის ჟირაფი მოგვეწონა, რადგან რაც მაშინ გაგვახსენდა ცხოველები და ფრინველები, ყველაზე მხიარულად და ფერადად ჟირაფი გამოიყურებოდა.

სახელის შერჩევაზე მე და კემო რომ ვერ შევთანხმდით, მინი გამოკითხვასავით ჩავატარეთ. ამასაც გართობისა და თამაშის ფორმა ჰქონდა – კემოსთან სახლში ვიკრიბებოდით, როცა დრო გვქონდა და ასე შეიქმნა ჩვენი ჟოზე.

– ჟოზეს გამოსახულებით სათამაშოებს, წიგნებს შემოსავალი არ მოაქვს?

– არ ჰყოფნის მულტიპლიკაციური სტუდიის მუშაობას. დიდი რაოდენობით არ იყიდება, თან ჩვენ ვყიდით მხოლოდ სახელს, უფლებას წარმოებისთვის. შესაბამისად, სარგებელი ძალიან მცირეა. ეს მხოლოდ იმისთვის გვყოფნის, რომ სტუდია ვამუშაოთ, მაგრამ მოგებაზე ჯერ არ გავსულვართ.

ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ცხონებული კახა ბენდუქიძე ამბობდა, ქართველებს კალკულატორი არ უყვართო და ამიტომაც ვგონივართ ადამიანებს მდიდრები.

– მხიარული ადამიანი ხართ?

– არა, ძალიან უჟმური და უხასიათო ვარ და ამას ჩემი ახლო მეგობრები დაგიდასტურებენ. არ მიყვარს ისეთი აქტიური ცხოვრება.

– ჟოზეს ვისი ხასიათი აქვს?

– ცალკე პიროვნებაა. ჟოზე უფრო პოპულარულია, ვიდრე მე. ძალიან მხიარული, ძალიან კეთილი და მეგობრულია. ჟოზე ყველაზე ხშირად ამბობს ორ სიტყვას – “მეგობრებო” და “მიყვარხართ”. სამაგალითო, მისაბაძი პერსონაჟია. გენიალურ “ტომი და ჯერიში” არის ნეგატიური ხუმრობები – პანჩური ამოარტყა, რაღაც ჩაარტყა… ჩვენი ანიმაცია კი მხოლოდ პოზიტივზეა აგებული. ფსიქოლოგიურ ხრიკს ვიყენებთ – ნეგატიურ ამბავსაც კი პოზიტიური სიტყვებით ამბობს. მაგალითად, ჟოზე არასოდეს იტყვის ,,ეს არის ცუდი”. იტყვის ასე: ,,ეს არ არის კარგი”. მშობლებსაც ძალიან უყვართ და ემეგობრებიან.