ანა კალანდაძე: ,,ჩემი გულის მოგება მარტივი არ არის, მივეჩვიე მარტოობას”
რა არის ბედნიერება მსოფლიოს საუკეთესო ფრენბურთელი ქალისთვის

ანა კალანდაძე: ,,ჩემი გულის მოგება მარტივი არ არის, მივეჩვიე მარტოობას",,სარკე”, ნანა კუკულავა

ქართველ სპორტსმენ ქალთა შორის კიდევ ერთი ვარსკვლავი ამობრწყინდა. 24 წლის ანა კალანდაძე, ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამოკითხვა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა. ქართველმა ფრენბურთელმა ხმების 41,3 % მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

ანა საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების კაპიტანია. ახალგაზრდა, წარმატებული, ლამაზი ქართველი ქალი ამჟამად უცხოეთში თამაშობს. “სარკესთან” მან აღნიშნა, რომ მისი ყოველი დღე მთლიანად სპორტით არის შევსებული და თავის ცხოვრებაზე გვიამბო.

ანა, გილოცავთ მსოფლიო აღიარებას. სად და როგორ შეხვდით ამ წარმატებას?

ამჟამად ვიმყოფები პოლონეთში, კონკრეტულად ქალაქ ჟეშუვში და ამავე ქალაქის გუნდ “დეველოპრეს ჟეშუვში” ვთამაშობ.

– საქართველოში ფრენბურთი არ არის საყოველთაოდ პოპულარული სპორტი. თქვენ როდის და რატომ აირჩიეთ ის?

– სპორტსმენების ოჯახში დავიბადე. მამა, ტიტე კალანდაძე, ყოფილი პროფესიონალი ხელბურთელია, ჩემთვის ის მისაბაძი სპორტსმენია. დედა, მარიკა ძოწენიძე, კალათბურთელი გახლავთ. მყავს უმცროსი ძმა, რომელიც ხელბურთელია. მათგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობ.

ფრენბურთთან პირველი შეხება დაახლოებით 11-12 წლის ასაკში მქონდა. იდეა, რომ ეს სპორტი შემესწავლა, მშობლებს გაუჩნდათ. ასე ვთქვათ, მათი შერჩეულია. მეც შემიყვარდა, ძალიან დიდი ინტერესიც გამიჩნდა. 2015 წლის ოლიმპიადის ფესტივალისთვის ასაკობრივი ნაკრების შეკრება შედგა, მაშინ 13 წლის ვიყავი და საბოლოოდ გადავწყვიტე, ფრენბურთს გავყოლოდი.

ფრენბურთი ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის. ეს არის ჩემი სამუშაო, მეგობრები, სოციალური წრე და, ერთი სიტყვით, ჩემი ცხოვრება.

– ელოდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდებოდით?

– ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ოთხეულში ყველაზე მეტი ქულით მოვხვდი. ამის შემდეგ ხმის მიცემის პრინციპით წყდებოდა, თუ ვის მიენიჭებოდა საბოლოოდ ტიტული და ჩემი გულშემატკივრების წყალობით, ეს ტიტული მივიღე. ძალიან დიდი მადლობა მათ, დიდი თანადგომა და სიყვარული დამანახეს. ჩემთვის მოულოდნელი იყო იმ სახელებს შორის ყოფნა, რომელთა გვერდითაც დავსახელდი, გამარჯვებაზე რომ არაფერი ვთქვა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა ამ ტურნირის განმავლობაში და ძალიან მადლიერი ვარ.

როდესაც შედეგი ვნახე, არც მჯეროდა. შემდეგ ერთდროულად ძალიან ბევრმა მომილოცა. ყველას გაუხარდა, მათ შორის – მეგობრებს და ზოგს ჩემზე მეტადაც კი.

– გვიამბეთ იმ გუნდზე, სადაც ახლა თამაშობთ.

– ამ გუნდში ჩემი შერჩევა აბსოლუტურად ბუნებრივად მოხდა. იქამდე ვთამაშობდი მოწინააღმდეგე გუნდში, შემდეგ უფროსობა დაინტერესდა ჩემით, მათ შორის – მწვრთნელი და მოლაპარაკების შემდეგ გადმოვედი ჟეშუვში. აქვე გეტყვით, ჩემი მწვრთნელი ამჟამად არის სტეფან ანტიგა, ძალიან ტიტულოვანი და გამოცდილი, ბევრი რამ მასწავლა და განვითარებაში დამეხმარა.

– ფრენბურთის წყალობით ალბათ ბევრი ქვეყანა მოიარეთ და შთაბეჭდილებებითაც აივსეთ.

– საინტერესოა, როდესაც ვნახულობთ და ვეცნობით სხვადასხვა ქვეყნებს, ქალაქებს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე თამაში და იმ ადამიანების მოწინააღმდეგედ ან პირიქით, თანაგუნდელად ხილვა, რომლებიც მსოფლიოს ვარსკვლავები არიან. ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებს მათი მუშაობის ეთიკა, სტილი. თუ როგორ აზროვნებენ და ახერხებენ წლების განმავლობაში მაღალ დონეზე ასპარეზობას.

– ზოგადად სპორტი უდიდეს ფიზიკურ და სულიერ ძალისხმევას მოითხოვს, რომ წარმატებას მიაღწიო. თქვენ, სრულიად ახალგაზრდა ქალი, ჯერ კიდევ გოგონა, თქვენი ცხოვრების, პიროვნების რა ნაწილს დებთ ფრენბურთში და რას იტოვებთ თქვენთვის, თქვენი გატაცებებისა და პირადი ინტერესებისთვის?

– სპორტის ეს სახეობა საკმაოდ შრომატევადია. იმ განრიგით ცხოვრება, პროფესიონალური სპორტი რომ მოითხოვს, ძალიან რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიცაა, პარალელურად რაიმე სხვა საქმე გქონდეს. ჰობის მოძებნაც კი პრობლემას წარმოადგენს. ამჟამად მთელ ენერგიას ვდებ ამ მიმართულებით და ნებისმიერი სხვა საქმისთვის დრო ფიზიკურად არ მაქვს.

ზოგისთვის შესაძლოა, მოსაბეზრებელიც იყოს, მაგრამ მთლიანად ამ სპორტზე ვარ გადართული. დილით ვდგები და პირველ ვარჯიშზე მივდივარ. ვბრუნდები სახლში, ვსაუზმობ, შემდეგ ვცდილობ, მაქსიმალურად დავისვენო და მოვემზადო მეორე ვარჯიშისთვის. ამ დროს ან რამეს ვუყურებ, ან წიგნს ვკითხულობ, შემდეგ კი ვიძინებ. მოგვიანებით ფიზიოთერაპიაზე ტრავმების დასამუშავებლად მივდივარ. შემდეგ გუნდური შეკრება იწყება და ამის მერე აუცილებლად ვარჯიში მაქვს, რასაც აღმდგენი თერაპია მოჰყვება. მერე ვბრუნდები სახლში, ვვახშმობ და ვესაუბრები ოჯახის წევრებს, მეგობრებს. ესაა ჩემი ყოველდღიურობა.

როცა მხოლოდ ერთი ვარჯიში გვაქვს, მთელი დღე მაინც დარბაზში გვიწევს ყოფნა, რადგან ვარჯიშის გარდა, კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგალითად, ფიზიოთერაპიები.

და სიყვარული? მას რა ადგილი უკავია თქვენს “განრიგში”?

– არა, ამჟამად შეყვარებული არ ვარ.

– რატომ, ძნელია თქვენი გულის მოგება?

– ჩემი გულის მოგება, პირველ რიგში, ცხოვრების სტილიდან და გრაფიკიდან გამომდინარე, მარტივი არ არის. მიჩვეული ვარ მარტოობას და თავს კომფორტულად ვგრძნობ.

– თქვენი ბედნიერებისთვის ეს საკმარისია?

– ჩემი აზრით, ყველას თავისი ბედნიერება აქვს. ჩემთვის ალბათ სულიერი სიმშვიდე და ყოველდღიური განვითარებაა ეს. ბედნიერება და იღბალია ისიც, ოჯახში ასეთი მხარდამჭერი ხალხი რომ მყავს.

– დაბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მკითხველებს და თქვენს გულშემატკივრებს საქართველოში?

– პირველ რიგში, მადლობა, ჩემით რომ დაინტერესდით და დრო დამითმეთ. ყოველთვის ყველგან გამაქვს საქართველოს სახელი. მიყვარს და ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ასე რომ, ჩემთვის თქვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია.